გიო და პოლიტიკური კონტექსტები

 

ფილმშიც და რომანშიც მოქმედება 1991-92 წლებში ვითარდება, ანუ მაშინ, როცა ჯერ კიდევ 1988 წელს დაწყებული ყარაბაღის კონფლიქტის ერთი ეტაპი დროში ემთხვევა თბილისის ომს. გიოს მამა, თენგიზი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფების – „ჩემი ქალაქის“  ერთ-ერთი მეთაურია.  სავარაუდოდ აკა მორჩილაძემ 1992 წელს ჩამოყალიბებული პარამილიტარისტული ორგანიზაცია „თბილისელის“ კარიკატურა მოიგონა, რომლის ბაზაზეც შემდგომში მმართველი პარტია – „მოქალაქეთა კავშირი“ ჩამოყალიბდა.  ლევან თუთბერიძის ფილმში მკაფიოდ იკვეთება გიოს მამის პოლიტიკური აქტივობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გიოს მეგობრებს სწორედ „ჩემი ქალაქის“ პიკეტი აკავებს, მაგრამ ძალიან ბუნდოვანია გიოს დამოკიდებულება მამის საქმიანობისადმი. გიო პოლიტიკაზე მხოლოდ ერთხელ საუბრობს და ისიც ყარაბაღში, როდესაც სომეხი მებრძოლები წამოაძახებენ, რომ ის ომშია და არა რუსთაველის პროსპექტზე. ამას გიო ვეღარ ითმენს და ამბობს, რომ რუსთაველის პროსპექტზეც ომია. არადა, მანამდე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებსაც უამრავი მცდელობა ჰქონდათ, რომ გიოსთან პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის სამოქალაქო ომზე ესაუბრათ, მაგრამ ახვლედიანი დუმილს ამჯობინებს. თითქოს მისთვის პოლიტიკური კონტექსტები მეორეხარისხოვანია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფილმში გიოს უმთავრესი ფუნქცია იანაზე ოცნებაა. რომანში კი, გიო მიქატაძე საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებს სამოქალაქო დაპირისპირების მიერ გამოწვეულ სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ კრიზისზე. ერთ ეპიზოდში გიო ირონიულად, თუმცა შესამჩნევი გულისტკივილით ამბობს, რომ „პუტჩისტის“ შვილია. ის თითქოს ატარებს დამღას, რომელმაც მისი სოციალური სტატუსი მისთის არასასიამოვნო რეგალიით შეავსო.  რომანში გიო მიქატაძე არა შეყვარებული ბიჭი, არამედ სხვების უტვინო, სტერეოტიპული ქმედებებით დაზარალებული,  ფიზიკურად და მორალურად განადგურებული თაობის კლასიკური წარმომადგენელია. ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. გიო მიქატაძის ხისტი და ირონიული პათოსი მამას, საძმაკაცოს და დედინაცვალს მაშინაც სწვდება, როცა ზიზღით გვიყვება მათზე, თუ როგორ უშლიან იანასთან ურთიერთობას წესიერების სახელით. გიოს აინტერესებს, თუ გოგილიკოსნაირ იდიოტთან მეგობრობა შეიძლება, იანას სიყვარული რატომ არ შეიძლება?  ამ კითხვას ის საზოგადოებას უსვამს, რომელსაც მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – „იმიტომ!“.  ფილმში გიოს მსგავსი კითხვები არ უჩნდება.  საერთოდაც, ფილმში გიო გაცილებით პრიმიტიული პერსონაჟია ვიდრე რომანში.  რომანში გიო აკრიტიკებს ეროვნული გვარდიის საკადრო პოლიტიკასაც, რომელში ბატალიონად დარეგისტრირებაც თბილისელი ძველი ბიჭების ნებისმიერ ათკაციან დაჯგუფებას შეუძლია. მისი აზრით მსგავსი ფაქტები იმდენად დიდი სიგიჟეა, რომ „მხედრიონელებსაც“ კი უკვირთ.

ამ განსხვავებებიდან გამომდინარე იმის თქმაც შეიძლება, რომ მთავარი განსხვავება, ამ ეკრანიზაციასა და მის ლიტერატურულ პირველწყაროს შორის მათი კონცეფციაა. აკა მორჩილაძის ნაწარმოები დიდწილად მაინც სოციალურ-პოლიტიკური სატირაა.  ლევან თუთბერიძის ფილმი კი, ეპოქის ამსახველი რომანტიკული დრამა.

 

 

 

 

 

1 2 3