გიო
პირველი თვალშისაცემი განსხვავება, რომელიც ლევან თუთბერიძის გიოსა და აკა მორჩილაძის გიოს შორის გვხვდება ისაა, რომ ლევან თუთბერიძის გიოს გვარი ახვლედიანია, აკა მორჩილაძის გიოსი კი, მიქატაძე. ეს განსხვავება რომანისა და ავტორისადმი პატივისცემის გამოხატვის მცდელობაა და ცალსახად სიმბოლურად და უმნიშვნელოდ აღიქმება, მაგრამ მეორეს მხრივ გვარი პერსონაჟის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. თუმცა, გიო გიო ახვლედიანსა და გიო მიქატაძეს შორის არსებული სხვა უფრო მნიშვნელოვანი განსხვავებების სიმრავლიდან გამომდინარე, გვარების საკითხის ამოწევა ამ ტექსტშიც სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ფილმში გიო გულჩათხრობილი, სევდიანი ახალგაზრდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ძალიან ცოტას ლაპარაკობს და ფიქრითაც მხოლოდ მაშინ ფიქრობს, როცა ყარაბაღშია და მეტი საქმე არ აქვს. მაყურებელი გიო ახვლედიანს განცდებით და ცნობიერების ნაკადით აღიქვამს, რომლებიც იშვიათადაა გამოხატული ვერბალურად, მაგრამ ვიზუალური თვალსაზრისით ფილმის ქრონომეტრაჟის ნახევარს მოიცავს. ფილმის მიმდინარეობისას, პერიოდულად ძირითადი სიუჟეტური ხაზი წყდება და ფლეშბექ სცენები იწყება. ამ სცენებში მთავარი მოქმედი პირი ყოველთვის გიოა, ძირითადად შეყვარებულ გოგონა იანასთან ერთად. ფლეშბექებში პერსონაჟები ცოტას საუბრობენ და ისმის სიმშვიდის მომგვრელი მუსიკა. ასეთი მიქსი წარსულზე ფიქრის, სინანულის და გაურკვევლობის ატმოსფეროს ქმნის. თითქოს ეს ფლეშბექები გიოს კომუნიკაციაა მაყურებელთან, რომლითაც ის თავის ამბავს გვიყვება. ფილმის იდუმალი გიო ძალიან განსხვავდება გიო მიქატაძისგან, რომელიც მთავარ პერსონაჟთან ერთად რომანის მთხრობელიცაა და სულაც არ არის სიტყვაძუნწი. მეტიც, ის მის გარშემო მიმდინარე პროცესებს ძალიან ხისტად და ირონიულად აღიქვამს. არც ისეთი სუსტი და დეპრესიული ჩანს, როგორიც გიო ახვლედიანი. საკუთარ სოციუმზე გაბრაზებული გიო მიქატაძე გულწრფელად და ენამოსწრებულად გვიყვება იმ ისტორიებს, რომლებიც გიო ახვლედიანის ფლეშბექებში უხმოდ და დეპრესიულად გვხვდება. მიქატაძის თხრობისას ამ ამბებს სულ სხვაგვარად, ქალაქელი ბიჭის ყოველდღიურობის ნაწილად აღვიქვამთ. არის ერთი ეპიზოდი, როცა ფილმი ტექსტთან მჭიდრო კოლაბორაციაშია და უკვე ყარაბაღში მყოფი გიო ახვლედიანის ფიქრები მაყურებელს ვოისოვერით მიეწოდება. ახვლედიანი ფიქრობს, რომ მარტო ყოფნა ძალიან კარგია, რადგან როგორც იქნა ფიქრის საშუალება აქვს. მსგავსი ხასიათის ინტერაქციას მკითხველთან გიო მიქატაძეც ანხორციელებს, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტონაციას და ხასიათს. თუ გიო მიქატაძის ინტონაცია მთელი რომანის მიმდინარეობისას არ იცვლება და ნებისმიერ, მათ შორის ამ ეპიზოდშიც ხისტ და ირონიულ ხასიათს ატარებს, ფილმში გიოს ფიქრი ერთ-ერთი ყველაზე პათეტიკური სცენაა. გიოს პიროვნული მახასიათებლების ასეთი რადიკალური ცვლილებით რეჟისორი ცდილობს, რომ ის ოდნავ შეყვარებული, ოდნავ თავქარიანი და ოდნავ უსაქმური თბილისელი ბიჭიდან, ძალიან შეყვარებულ და სერიოზულ ბიჭად აქციოს, რადგან რომანისგან განსხვავებით, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ყარაბაღის კონფლიქტის ანატომიას და რეგიონის კულტურულ მახასიათებლებს ენიჭება, ფილმში მთავარი ამბავი გიოს და იანას სასიყვარულო დრამაა.
