/ლევან თუთბერიძის ფილმის და აკა მორჩილაძის რომანის შედარებითი ანალიზი/

 

2005 წელს, რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი – „გასეირნება ყარაბაღში“ გამოვიდა. ფილმი აკა მორჩილაძის რომანის – „მოგზაურობა ყარაბაღში“ – მიხედვითაა გადაღებული. ფილმის და რომანის მთავარი პერსონაჟები გიო და გოგლიკო არიან, რომლებიც აზერბაიჯანში ნარკოტიკების საყიდლად მიდიან, თუმცა მოულოდნელად თავს კავკასიის ყველაზე ცხელ წერტილში ამოყოფენ.  ფილმის სიუჟეტი რომანის სიუჟეტის იდენტურია. არ არის შეცვლილი პერსონაჟთა ძირითადი მახასიათებლებიც. რეჟისორი ცდილობს, რომ არ დაკარგოს რომანის ეგზოტიკური, წმინდად 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი პათოსი.  თუმცა ამ მსგავსებების მიუხედავად, ფილმსა და რომანს შორის მაინც არსებობს რიგი ტექნიკური, ანდაც ავტორთა პერსონალური დამოკიდებულებების მიერ გამოწვეული სხვაობები.

 

 

 

ნოსტალგია და საძულველი ყოველდღიურობა

 

ლევან თუთბერიძის ფილმი მანქანის სცენით იწყება. მანქანაში სხედან მეგობრები, გოგლიკო, დუდა, სანდრიკა და მათი ნაცნობი აჩიკო ყიფიანი. მანქანაში ბიჭები ბალერინას პუანტებზე საუბრობენ, იხსენებენ საბჭოთა ბალერონ, რუდოლფ ნურიევს, რომელიც ამერიკაში გაიქცა. შემდეგ გიოსთან სტუმრობენ. გიოსთან სტუმრობისას ერთ-ერთი პერსონაჟი მაგიდიდან ვან გოგის ცხოვრების შესახებ დაწერილ წიგნს – „წყურვილი სიცოცხლისა“ – იღებს და ბიჭები ამის შემდეგ ვან გოგის შესახებ იწყებენ საუბარს. ამავდროულად აჩიკო ყიფიანი ცდილობს, რომ გიო აზერბაიჯანში წასვლაზე დაიყოლიოს, რაზეც დიალოგის დასაწყისში გიო თანახმა არ არის. საერთოდაც, ეს გრძელი დასაწყისი იმის პრელუდიაა, რომ აჩიკო ყიფიანმა გიო აზერბაიჯანში წასვლაზე დაიყოლიოს.  აკა მორჩილაძის რომანში კი, საერთოდ არ არსებობს მსგავსი სცენა და დიალოგები. რომანში ყველაფერი მარტივად წყდება. მთხრობელი, რომელიც თავად გიოა, უბრალოდ ამბობს, რომ გოგლიკოსთან ერთად აზერბაიჯანში მიდის და ყველაფერი ასე სრულდება.  მსგავს გარემოებას კიდევ ერთხელ ვხვდებით, როცა გიო და ბიჭები წვეულებაზე არიან. ფილმში ყველაფერი ძალიან ლამაზად და გლამურულად ხდება. მაგნიტოფონში ისმის “Be Gees”-ის მუსიკა.  წყვილები სექსის წინ პრელუდიის მიზნით ცეკვავენ. სუფრასთან ერთი გოგონა ნაზი ხმით მკითხაობს. შემდეგ გიო ხვდება, რომ მორცხვი გოგონა, სახელად იანა მისი ძმაკაცების კომპანიაში თავს ცუდად გრძნობს. იანა და გიო ერთად მიდიან. სცენა ზუსტად ისე ვითარდება, როგორც 90-იანი წლების კლასიკურ წვეულებაზე, რომელზეც ელიტური უბნების ახალგაზრდები ერთობიან და არა  „გაღმელები“.   რომანში წვეულებაც არ არის. აკა მორჩილაძე რაღაც სექს-თავყრილობის მსგავსზე წერს, რომელიც საერთოდ არ არის ისეთი დახვეწილი და რომანტიკული, როგორიც თუთბერიძის ფილმში. მთხრობელი, გიო მიქატაძე ამ თავყრილობის აღწერისასაც  ძალიან  ლაკონურია. ამ კონტექსტში ფილმის და რომანის შედარებისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ ხშირ შემთხვევაში  ფილმში ტექსტი იკუმშება, თუთბერიძე საპირისპიროს აკეთებს და შეკუმშული ტექსტიდან გაცილებით ვრცელი და გადატვირთული სცენები გამოჰყავს. ამ განსხვავების გაანალიზებისას ჩნდება მოსაზრება, რომ საქმე ავტორების პირად დამოკიდებულებებს შორის არსებულ სხვაობასთან გვაქვს.  აკა მორჩილაძე რომანს 90-იან წლებში წერდა. წერდა საკუთარი თვალით დანახული, ბნელი ყოველდღიურობის შესახებ, რომელიც საერთოდ არ იყო რომანტიკული. როცა ავტორი გაბრაზებულია, არაფრის შელამაზებაზე არ ფიქრობს. ამიტომ რომანში ეს პროცესები ძალიან უბრალოდ და უღიმღამოდ ვითარდება. პერსონაჟებიც ძალიან სულელი, ინსტიქტების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული, სტერეოტიპული ადამიანები არიან.  თუთბერიძე კი ფილმზე ორიათასიანებში მუშაობდა.  ამ პერიოდში 90-იანი წლები უკვე გამქრალი ნატურა იყო. გარდასული ეპოქის, გამქრალი ნატურის რომანტიზების ცდუნებას კი, ხშირად ავტორები ვერ უძლებენ. ამიტომ იმ ყოფითი ეპიზოდების აღწერას, რომლებსაც აკა მორჩილაძე ძალიან ლაკონურად მოგვითხრობს,  თუთბერიძე ძალიან ხანგრძლივი სცენებით ცდილობს. სცენებით, რომლებშიც არის ძალიან ბევრი, ეპოქისთვის დამახასიათებელი  ქუჩური იუმორი, ნივთები, რომლებიც 90-იან წლებთან ერთად გაქრა და ეპოქალური ლეგენდის რეპრეზენტირება, განათლებულ ქუჩის ბიჭებზე.  ეს ძალიან სახასიათო განსხვავებაა. 90-იანი წლების დასრულების შემდეგ, გაჩნდა ლეგენდა ბიჭების შესახებ, რომლებსაც ერთ ხელში ეჭირათ პისტოლეტი, მეორე ხელში კი წიგნი. აკა მორჩილაძეს არაფერი უწერია იმის შესახებ, რომ ვინმე რუდოლფ ნურიევზე, ანდაც ვან გოგზე საუბრობს, მაგრამ თუთბერიძეს ეს სჭირდება… მას უნდა, რომ გოგლიკომ თუ არა, დუდამ და სანდრომ მაინც იცოდნენ ამ არტისტების არსებობის შესახებ იმის ფონზე, რომ შემდგარი ნარკომანები და არშემდგარი განგსტერები არიან. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია არც თუ რომანტიკული სიუჟეტის რომანტიზებისთვის.  ფილმში კიდევ არის ერთი მსგავსი სცენა. როდესაც გიო და გოგლიკო წითელი ხიდისკენ მიდიან, გოგლიკო ფილმებს განიხილავს და ამავრდროულად მაილს დევისის მოსმენით ერთობა. თუთბერიძე ცდილობს, რომ ხეპრე, ნახევრად პრიმატი გოგლიკოსგან გადარეული, სასაცილო, მაგრამ ინტერესების მქონე ახალგაზრდა გამოიყვანოს. რომანში კი, გოგლიკო გონებასუსტი ნარკომანია, რომელსაც მეტყველების პრობლემაც აქვს და წითელი ხიდისკენ მიმავალი, მაილს დევისის ნაცვლად საკუთარ წაკითხულ უცნაურ ლექსს უსმენს  მკვდარი იაკობ ცურტაველის და განარკომანებული შოთა რუსთაველის შესახებ.

 

 

 

 

1 2 3