ჩემი შვილი კი
დიდი ხანია აღარაა სიხარულის ცრემლი
დაბადებამდე ის უამრავჯერ ცხარედ გამოვიტირე
ძირითადად წელს
15 მარტამდე
ამისშემდეგ ფაქტიურად აღარ ვტიროდი
ამიტომაც წელს
მართლაც ბევრი ვეცადე სიცოცხლისათვის
ბევრჯერ ვნახე მწვანე მოლი
რუხი კალია
Crusian carp, Salmo Trutta, აპრილის ნისლი
აი საერთოდ
საერთოდ რომ მოეკლათ პოეზია
და ყველა გასიებულ თავს
ყველას ერთად რომ ეგორათ თავდაღმართში
ხომ მაინც იარსებებდა აპრილის ნისლი
ხომ მაინც იარსებებდა სიბნელე
რომელზეც წესით არც უნდა ვიფიქრო
არც უნდა შემრცხვეს
ხორცის მჭამელი ვარ მე
და ბნელის იქით ვერ ვიხედები

და ეს ყველაფერი
წელს
როდესაც ჩემი ცოლი საბოლოოდ შემიყვარდა
და ჩემი “დასდებელნიც” თითქმის დაიწერა
და ახალი სიცოცხლეც შემიყვარდა
დაააა……
ჩემო ლამაზო ცოლო
როდესაც ძილის წინ ხატებთან დგახარ და ლოცულობ
ოთახში კი შენი ქმარი პლანს ეწევა
გახსოვდეს
ის შენი ქმარია
და საკუთარ თავში მხოლოდ ღმერთს გულისხმობს

ჩემო ლამაზო ცოლო
მიყვარს შენი ფეხისგულები
საბნის ქვეშიდან გამომძვრალი თეთრი ფეხისგულები
და შენი ლოცვაც ძილის წინ თუ
ღვიძილის წინ
და ჩემი ლოცვაც
რომ ვარ შენი ქმარი
და ყოველთვის შემიძლია მოვკვდე

ნურასდროს დაგვაქვრივოს ჩვენ
მე და შენ
ჩემო ლამაზო ცოლო
სიცოცხლისათვის სიტყვებს ფესვები დავაჭერი
იტივონ მღვრიე მდინარეში
ერთმანეთის აღმოჩენამდე
უსიკვდილო სიცოცხლემდე

შენ უკვე ეგეთი გამიცანი
ორივე მკლავი გაცრილ მიწაში მედო
მეორე ფეხზეც ამ მიწით ვიდექი
რამდენი მიწა მოგიტანე
გრძნობ?
ჩემო ლამაზო ცოლო
სიცოცხლეს ბევრი მიწა ჭირდება
ამაზე მეტიც

ახლა კი
ოჯახიც არის
ფულის ერთად გადათვლაც არის
უერთმანეთო ძილიც არის და
საჩემო სიხარულიც

მალე დაბრუნდი სამსახურიდან!

 

1 2 3