აი წელს

აი წელს
უკვე რამდენჯერ ვიყავი ქალაქგარეთ
რამდენჯერ ვნახე მწვანე ბალახი
გვირილით და ოფოფით და ჭიანჭველით
ვნახე უკვე მერამდენეჯერ

კალიების ენა ჩიტებისაზე უკეთ მესმოდა
მუხნარის ძილის მღვრიე ტბაში ჩამიხედავს
მთვარიან სიზმრებში მიცურავია

რამდენჯერ დავაბიჯე შიშველი ფეხისგულებით
გრუზა ხავსს
როგორც უცხო ჯიშის სქელბეწვიან ძუძუმწოვარს
ჩანჩქერსაც შევუდექი ოცდაჩვიდმეტწლოვანი მხრებით
გავილუმპე და ლამის ჩავიფსი ბავშვობისაგან

და რამდენჯერ ავისრულე ძველისძველი ოცნება და გავმეთევზდი
დავიჭირე ბევრი ლამაზი თევზი
მე ვერ შევჭამე ვერცერთი
თუმცა სხვებს ხომ ვაჭამე?
ხორცის მჭამელი ვარ მე
სხვისი პირით ვჭამ და
სხვისი პირით მიხარია და
სხვისი პირით განვიკითხები
შენ ხომ იცი?
ხორცის მჭამელი ვარ მე და პლანის მწეველიც

აი წელს კი
მართლაც ბევრი ვეცადე სიცოცხლისათვის
ბევრჯერ ვნახე მწვანე ბალახი
სამყურით და შაშვებით და კალიებით
და ყველაფერი 37 წლის ასაკში
წელს
იანვრიდან მოყოლებული

აი წელს
ჩემს ლამაზ ცოლს გოგო შეეძინა
15 მარტს
მე კი ადრე ერთხელაც არ დამცდენია თუნდაც ჭიქა
თუნდაც ლუკმა
თუნდაც ნაფაზი
ამ სიხარულის საარსებოდ
წელს კი
მთელი ზამთარი იმას ვწერდი
მიცოცხლე მეთქი ხორცი
და მერე ისიც გაჩნდა
მაია სარიშვილმა მითხრა
“როგორ მიყვარს ეგ ახალი სიცოცხლეო”
ძველის გადარცენას ვლოცულობდი
ძველის გარეშე ვერაფერზე ვზრუნავდი
და იქვე
“როგორ მიყვარს ეგ ახალი სიცოცხლეო”
მაია სარიშვილმა მითხრა
ოთხი ლანდი რომ დაჰყვება თან
ხორცის ამაკანკალებელი ოთხი ლანდი

 

1 2 3