დაუთოება პროგრამის ბოლო პუნქტია. ახალი ამბების სიგნალიც გაისმის. მ-ს ოჯახი ცოტა ხანში ივახშმებს. კარზე დარეკილი ზარი იუწყება, რომ მეზობელ გოგონებს დედებმა მოაკითხეს. ისინი შემოსასვლელში დგანან და ლაპარაკობენ.
საბინა ფულს სპორტულების ჯიბეში იდებს, სახლიდან წამოღებულ პარკს ხელს წამოავლებს – გზად “ბიედრონკაშიც” უნდა შეიაროს საყიდლებზე. ქათამს იყიდის შაბათის სადილისთვის, მარგარინს და რამდენიმე პურს. “ღმერთო, რამდენ პურს ჭამენ,” – კართან მდგარი პანი იოლას უღიმის და მალე მოხრეშილ გზაზე მისი ნაბიჯების “ხრაშახრუში” ისმის.
“საბინა, მოიცადე!” – მოსძახის პანი იოლა. ცოტა ხანს ყოყმანობს, მერე კი იწყებს. “საბინა, მალე მუშაობას ვეღარ შეძლებ (საბინა შუბლს იჭმუხნის). მე და ჩემმა მეუღლემ ვიფიქრეთ, რომ… რომ იქნებ რაიმე სურვილი გაქვს, ან ისე, უბრალოდ. ჩვენ გვინდა რომ შეგისრულოთ. აი, ისურვე რამე. რამე რეალური, – ნაჩქარევად უმატებს ნათქვამს.
საბინას არაფერი ესმის, კისერს იღრეცს და დაბნეული იყურება.
“აუცილებლად იქნება რამე ისეთი, რაც გინდა რომ გქონდეს. რამე, მხოლოდ შენთვის, შენი კაცებისთვის კი არა, შენთვის. მარტო შენთვის” – აზუსტებს პანი იოლა, საბინას ეცინება და წითლდება. კიდევ კარგი, უკვე ჩამობნელდა გარეთ და ვერავინ ხედავს. ჭარხალივით უღუის სახე.

არ მოგიყვებით იმ საღამოს ამბავს. უბრალოდ გეტყვით: ვახშამი ნაჩქარევი იყო, გაირეცხა ბლინებიანი ტაფა, შემოწმდა ბიჭების ზურგჩანთები, შიგ ბუტერბროდების ნარჩენები ხომ არ ეყარა. ბიჭები იატაკზე ჭიდაობენ. ერთმანეთს ჩანგლებით საჭმელს ესვრიან. სამზარეულოს მაგიდას უჯრულა მუშამბა აფარია. ზედ დაქცეული რძის გუბე დგას. ამით უნდა დაკმაყოფილდეთ.

მომავალ კვირას საბინა ახალ საორსულო კაბაში გამოწყობილი მოდის. თმაც მოწითალოდ შეუღებავს, მსუბუქად აუკრეფია და კეფაზე დაუმაგრებია. პანი იოლაც საზეიმოდ უღებს კარს. აკვირვებს მისი გარეგნობა. შინ შესულს ჭიქაში ფორთოხლის წვენს უსხამს და ეკითხება: “აბა, რა მოიფიქრე! რას ისურვებდი?” საბინა კითხვას თავს არიდებს. მერე იტყვის, მერე, დალაგებას რომ მორჩება. წარმოუდგენელია, თვით ექიმი მ-ც კი შემოვიდა, დგას ჭიქით ხელში და ისიც საბინას პასუხს ელის.
“ჩვენ ვიცით ვინ დაიბადება, – გასარეცხ ჭურჭელს სარეცხ მანქანაში ალაგებს პანი იოლა და საბინას გამოწვევას ცდილობს, – შენგან მიკვირს, რომ არ გინდა ამის გაგება”. “მე ვერ მოვითმენდი, – აგრძელებს პანი იოლა და თავისი ორსულობის ამბებს ჰყვება. საბინამ კარგად იცის ეს ამბები. ქალები ადრე თუ გვიან აუცილებლად უყვებიან ერთმანეთს თავიანთი ფეხმძიმობისა და მშობიარობის შესახებ. უბრალოდ ასე ხდება. საბინა სააბაზანოს ასუფთავებს და როდესაც ბოლოს და ბოლოს პანი იოლაც მიდის და ფართო ოთახებში მისი ამბებიც მიჩუმდება, საბინა მკლავებს მაღლა სწევს და იღლიებს ისუნავს. მერე სარკეში სახეს ითვალიერებს, ტუალეტის რბილი ქაღალდით ოფლიან შუბლს იწმენდს, რომ არ იპრიალოს. ჩქარობს და ყველაფერს ძველებური სიდინჯით აღარ აკეთებს. ისიც კი აღარ ახსოვს, აბაზანა როდის გახეხა. კაზიას ოთახს ჩვეული სიყვარულით ალაგებს, თუმცა დღეს თითქოს თავისთვის იმზადებდეს მას, თავისთვის იგებდეს ვარდისფერ, უხილავ თეთრეულს. დაუთოებაც კარგად გამოსდის. ერთი-ორი, შშშშშ… შშშშშ… საბინა ღიღინებს და თან ექიმის პერანგებს ნამავს. პსსსსსს, სრიალის ხმას გამოსცემენ მათი საყელოები.
ყველაფერს დროულად ასწრებს. კიბეებზე ამომავალი გოგონები ისევ ინაწილებენ როლებს და თამაშის წესებს ადგენენ. საბინა კიბიდან მათ თავებს ხედავს. ანგელოზებს ჰგვანან, მწყერჩიტებს, ტირიფის ღუნღულა ყვავილებს, ვერხვის ბეწვიან თესლებს.
ძლივძლივობით ჩადის სამზარეულოში. პანი იოლა სიგარეტს ეწევა და ჟურნალს ფურცლავს. ჩანს, მას ელოდება კეთილი ფერიასავით. ცოტა ხანში მისი ქმარიც შემოდის. “აბა, რას შვრები? აღარ იტყვი?” – ეკითხება პანი იოლა. და საბინაც ამბობს. თამამად. და თანდათან უფრო და უფრო ემატება თავდაჯერება. უცბად მაღალი და ტანსრული ჩანს. თაგვები, – ფიქრობს პანი იოლა, – ორსულ ქალს სურვილზე უარი არ უნდა უთხრა, თორემ ყველაფერს თაგვები შეგიჭამენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10