სახლში სრული წესრიგია. ახლა საბინა სამზარეულოში ჩაის სვამს და ნამცხვარს აყოლებს – ხან შაქრიანს, ხან ქოქოსიანს. ელასტიკებში გამოწყობილი პანი იოლა მუდმივ დიეტაზეა და აქა-იქ რაღაცას თუ გაციცქნის. შიგადაშიგ საუბრობენ. საბინა თავის ბიჭებზე ჰყვება, იმაზე, რომ მისი უფროსი ტექნიკუმში სწავლობს, ყველაზე უმცროსი კი ახლა იდგამს ფეხს. პანი იოლას მათი სახელები ერთმანეთში ერევა, მაგრამ თავს ისე აჩვენებს, თითქოს ახსოვს. ისიც ახსოვს, რომ საბინას ქმარზე არაფერი არ უნდა ჰკითხოს, თორემ სულ ტყუილებს ილაპარაკებს. ეტყვის, რომ ყველაფერი წესრიგშია, რომ მუშაობს, რომ სახლში ფარდების დასაკიდებლად კარნიზები გააკეთა, რომ ერთხელ ნამცხვარიც კი გამოაცხო, რომ რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს მიწის ნაკვეთი რომ აქვთ, იქ პომიდვრებიც კი აახვია, რომ კვირას ეკლესიაში იყვნენ ერთად, რომ ავტობუსით ქალაქგარეთ, ტბორზე, ბავშვები ერთად წაიყვანეს საბანაოდ, რომ არ სვამს. თუმცა არა, იმას არ იტყვის, არ სვამს. უბრალოდ არაფერს იტყვის. გაჩუმდება. ის, რასაც არ ახსენებ, არ არსებობს. მორჩა და გათავდა. აი, ეს არის იმ წვრთნის შედეგი, რომელიც სათქმელისთვის გვერდის ავლას გასწავლის, პირზე მომდგარი სიტყვის უკან ჩაბრუნების იშვიათ უნარს გძენს. პანი იოლა თან შეფარვით ათვალიერებს მას. საბინას ჩაით სავსე ფინჯანი პირთან მიაქვს. მხრები ამ დროს რაღაცნაირი ვიწრო და უსუსური უჩანს.
ჩაის შემდეგ საუთოებელს უნდა მიხედოს. სუფთა, რეცხვისგან გაფშეკილი ტანსაცმლის მთელი გორა ელოდება. ტილოები და პირსახოცები. თეთრეული. წინდების ერთმანეთთან დაწყვილება და მათი რბილ გორგლებად დახვევა. ზეწრების დაჭიმვა. რეცხვისას აწყვეტილი ღილების დაკერება. საუთოებელი ფიცარი ერთგვარი პარმაღია, საიდანაც საბინა საღამოს გაჰყურებს.
გოგონები მასწავლებელს ემშვიდობებიან და მაღლა ამორბიან. მეორე მუქთმიანია და თვალებბრიალა. მესამე – ქერა, ფუმფულა და ვარდისფერლოყება. კიბეებზე თამაშის წესებს ადგენენ. ინაწილებენ როლებს. მე დღეს ბლანკა და ბოშა გოგო მეყოლება, შენ პრინცესა და ზუზანა. შენ მასწავლებელი იქნები, მე – ექიმი. შენ შვილებიანად მესტუმრები. არა, მოდი, ჯობია, სახლობანა ვითამაშოთ. თითოეულ ჩვენგანს თავისი სახლი ექნება და შვილები ეყოლება. ერთმანეთს სადილად მივიწვევთ. ტუნისშიც გავემგზავრებით ხოლმე.
საბინა თვალს ადევნებს ბავშვებს. უთო გლუვ კვალს ტოვებს და ატკიცინებს ყველაფერს, რაც დაჭმუჭნულია.
გოგონები სათამაშოებს ალაგებენ და ხელებით კუთვნილ ტერიტორიებს შემოსაზღვრავენ. თუ ვინმე ამ უხილავ საზღვარს გადაკვეთს, გამარჯობა უნდა თქვას და სახელსაც წინ პანი დაურთოს.
საბინა ხედავს, როგორ სვამენ ბავშვები თოჯინებს ვარდისფერ ხალიჩაზე, უხსნიან ციცქნა ღილებს, რომლებიც საბინამ ცოტა ხნის წინ წვალებით შეუკრა. აშიშვლებენ. აჰ, არა. თოჯინის სიშიშვლე სად გაგონილა. ტანწერწეტა, მწერის მსგავსი ბარბების ვარდისფერი, გადატკეცილი კანი. მათ ვერასოდეს გააშიშვლებ, რადგან შინაგანი და გარეგანი ბუნება ერთნაირი აქვთ. და სრულყოფილებიც სწორედ ამიტომ არიან. როგორც სამკაულები.
გოგონები გაუთავებლად ეტიკტიკებიან ერთმანეთს, მაგრამ საბინა მათ ყურს აღარ უგდებს. უფრო სწორად, სიტყვებს ვეღარ არჩევს ერთმანეთისგან. თუმცა ჟღურტულის მელოდიაც ჰყოფნის, ჩიტური, რიტმული, ალერსიანი. უთოს მოძრაობა ნელდება, მექანიკური ხდება. უთოს ქვეშ თეთრი ზეწარი მოწყენილს ჰგავს.
რა იქნება, ეს უთო წამით რომ მიატოვოს და ხალისიანი ხტუნვა-ხტუნვით გოგონებში გაერიოს. მათთან ერთად დაჯდეს ვარდისფერ ხალიჩაზე და პლასტმასის სინაზეს, ვითომ-ვითომ დედაშვილობანას და ნათამაშებ სიყვარულს მისცეს თავი? რა იქნება, პაწაწინა ქვაბებში სადილები რომ ხარშოს და მერე ღილისხელა თეფშებზე ჩამოარიგოს. რა მოხდება? ვითომ ქვეყანა დაიქცევა? ვაიმე, ვაიმე, საბინას მეტი ყურადღება მართებს. ამასობაში ბატონი ექიმის პერანგის საყელო კინაღამ დაეწვა.
ყოველი უთოობის დროს საბინა ერთ უბრალო, უწყინარ თამაშს თამაშობს. ამას ვერავინ ამჩნევს და ვერც შეამჩნევს, რადგან თამაში მის წარმოდგენაში, მის ფიქრებშია და სიტყვიერად გადმოცემაც ძალიან გაუჭირდება. მაგრამ ახსნას მაინც შეეცდება. საბინა წარმოიდგენს ხოლმე, რომ თოჯინაა და ვარდისფერ ხალიჩაზე წევს. მისთვის უცხო არ არის ეს შეგრძნება და სულაც არ უჭირს რბილ და იმავდროულად ხეშეშ ვარდისფერ ზედაპირზე წოლა. ხალიჩის სუნიც იცის როგორია და ამიტომ მყისვე ცნობს სინთეტიკის სუნს. იცის, რას ხედავს ხალიჩაზე გაწოლილი ადამიანი და შეუძლია წარმოიდგინოს უეცრად ზომაში გაზრდილი მაგიდისა და სკამების ფეხების, კარადის ქვეშ შეწყობილი ყუთების სამყარო. ხალიჩაზე დახრილ გოგონების ბავშვურად გლუვ სახეებსაც ხედავს და მათი განუწყვეტელი ქაქანიც ესმის, მათი საუბრის ფრაგმენტები, რბილი გაწყრომა, ხავერდოვანი ამოოხვრა, მათი პირიდან დაფრქვეული ვაშლის ნაზი სუნი. და რაც მთავარია, მათი ხელების, ფუმფულა თითების შეხებას გრძნობს, როგორც ჩიტების ხტუნვას, თრითინის გადარბენას. ეს თითები მისი ხალათის ღილებს ხსნიან და კრავენ, ნიკაპქვეშ მაქმანიან საყელოს უბნევენ. და ამ დროს გრძნობს, როგორ პატარავდება მთელი სამყარო. ყველაფერი პირობითი, არამდგრადი ხდება, წყალივით წვეთავს გაფუჭებული ონკანიდან და სხვადასხვა ფორმას იღებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა სინამდვილეში ბევრი არაფერი ხდება. და ბედნიერებაც მგონი სულ ეს არის.
საბინა პატარა ხელების შეხებისას თავის საკუთარ სხეულსაც გრძნობს. თითქოს მდინარეებით, ტბებით და მთებით დაფარული დედამიწის რუკა იყოს და მასზე ანტილოპებისა და სპილოების ჯოგები დააბიჯებდნენ. გრძნობს უდაბნოების სიცხეს და ანტარქტიდის ყინულოვან ქარებს. მისი კანი ცოცხლდება – სასიამოვნო ჟრუანტელით პასუხობს. ხელი, რომელსაც უთო უჭირავს, ეშვება, დუნდება (ამ დროს უთოს უსაფრთხო ადგილას გადადგამს ხოლმე), შუბლთან თმა ყალყზე უდგება და გაკვირვებული ფიქრობს, როგორ შეიძლება შენსავე თმას გრძნობდე. სამი გოგონას ხელები თოჯინას აცმევენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10