კაზია იატაკზე მოკეცილა და ფეხსაცმლის ზონრებს იხსნის, დედის კითხვებს პასუხობს, საბინას უღიმის. კაზიას ქერა, ბოლოებში ოდნავ დაკულულებული რბილი თმა მხრებამდე სცემს. ჭორფლიანი სახე აქვს და ნათელი, ღია ფერის თვალები. პაწია, თხელი და ფერმკრთალი ტუჩები თითქოს საჭმელად კი არა, ჩიტივით საჭიკჭიკოდ მიეცა. ნაფოტა კბილებიც რა გულისამაჩუყებელად მოუჩანს. ასე ფიქრობს საბინა და გოგონას ზურგჩანთა ზევით მიაქვს. კაზიას ოთახის დალაგებას ამ ზურგჩანთისთვის ადგილის მიჩენით დაიწყებს. ის ამასობაში ისადილებს, მერე ინგლისურის მასწავლებელი მოვა, სამეზობლოდან კიდევ ორი გოგონა შემოემატებათ და გაკვეთილი ჩაუტარდებათ. დაბლა, მისაღები ოთახიდან, საბინას ყურამდე მხოლოდ მამაკაცის და გოგონების ხმები აღწევს, ხანდახან ტელევიზორისაც – წყვეტილი, გაურკვეველი დიალოგები, უცნაური ყელისმიერი ბგერები. საბინა ზოგჯერ ნაცნობ “yes”-საც მოჰკრავს ყურს და გული სიამაყით ევსება.
ეს დრო საბინასთვის დღის ყველაზე სასიამოვნო დროა. კაზიას ოთახი, კაზიას ოთახი, ეს სიტყვები უკვე გოგლიმოგლივით, ჰალვასავით ჟღერს. თან ვარდისფერია. ერთიანად ვარდისფერი. ფაფუკ ხალიჩაზე შიშველი ფეხებით დგომა საბინაში თითქმის ღვთისმოსავისეულ მოწიწებას იწვევს. ვერასდროს გაბედავდა მასზე ფეხსაცმლიანი ფეხით გავლას. მუხლებზე მდგარი აგროვებს შიგ ჩაბნეულ პატარა მარცვლებსა და ნამცხვრის ნაფხვენებს. მერე მტვერსასრუტით წმენდს ორჯერ, ხანდახან სამჯერაც. საბინას ზოგჯერ, უღონობისა თუ მოწყენილობის წუთებში – კარგად არც იცის, როგორ თქვას, საბინას არა აქვს ასეთი განცდებისთვის სახელის დარქმევის გამოცდილება – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც… არა, არა, ჯობს ამაზე საერთოდ არ იფიქროს; ერთი სიტყვით, საბინა ზოგჯერ ამ ვარდისფერ ხალიჩაზე წამოწვება ხოლმე გვერდულად, მუცელმა რომ ხელი არ შეუშალოს, და წევს ასე ცოტა ხნით. იატაკიდან დანახული ოთახი უფრო დაცული ეჩვენება, გაცილებით მყუდროც. შეუძლია მთელი ცხოვრება იწვეს ასე და თითის წვერებით ფაფუკი ვარდისფერი ხავსი ვარცხნოს. იოცნებოს, სადღაც შიგნიდან წამოსული სითბოთი გათბეს, წასთვლიმოს თვალის მოსატყუებელი, ფხიზელი ძილით, რომელშიც ფიქრები ერთმანეთს ენაცვლებიან, ერთმანეთის ადგილს იკავებენ. “yes, yes” მოისმის ქვემოდან გოგონების ხმები. საბინა დგება. დალაგება უნდა მოასწროს. ლოგინს თითქმის სუფთა თეთრეულს გადააძრობს. უმანკოს. დიდხანს აფუებს ბალიშს, რომ კაზიას პატარა თავისთვის უფრო ფუმფულა და მოხერხებული იყოს. ბერტყავს საბანს, ბუმბული რომ თანაბრად განაწილდეს. მერე კი სასიამოვნო საგონებელში ვარდება – არ იცის რა ფერის თეთრეული აირჩიოს. კაზიას კარადის უჯრაში რამდენიმე ხელი აწყვია: ვარდისფერქოლგებიანი, ღიაცისფერსპილოებიანი, ჩვეულებრივი თეთრი, ვარდისფერი სატინის, ყინულივით გლუვი და სრიალა და ჟატის, იასამნებით მოხატული.
მერე საბინა პატარა საწერ მაგიდას ალაგებს – ფერად ფანქრებს, სათლელებს, ოკრო-ბოკრო ასოებით შევსებულ რვეულებს. აგროვებს ვაშლის ნაღინჭლებს, კანფეტის ქაღალდებს, ფორთოხლის ქერქებს. წმენდს მტვერს. თოჯინებს სათუთად სინაზით მიუჩენს ადგილს საწოლებსა და საბავშვო ეტლებში. ცდილობს, ორივე ფეხსაცმელი ეცვათ და ღილებიც თანმიმდევრობით ჰქონდეთ შეკრული. თოჯინების მოწესრიგებაც – თმის დავარცხნა, თაროებზე მათი ჩამოსმა – პარასკევი დღის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია. საბინა სახელსაც ვერ უძებნის ამ ყველაფერს და უბრალოდ თავისთვის იღიმება. იმას კი ამჩნევს, რომ მის დასივებულ და გაუხეშებულ თითებს თოჯინების პაწაწინა ტანსაცმლის შეკვრა უჭირთ. ამ დროს, როგორც წესი, პანი იოლა შემოდის ხოლმე. ვითომ რაღაცას ეძებს, სინამდვილეში კი იმის გაგება უნდა, რატომ დაყოვნდა საბინა ამდენი ხნით კაზიას ოთახში.
ერთხელ ქმარსაც კი უთხრა, “რა ინფანტილური გოგოა ეს საბინა, მგონი კაზიას ოთახში თოჯინებით თამაშობს ხოლმე”. “რას ამბობ”, გულგრილად მიუგო ქმარმა და იქვე დასძინა: “ჰემოგლობინი უნდა შეემოწმებინა, შეახსენე, და უთხარი, რომ მომავალ კვირას შემიძლია გავსინჯო”. “რა იქნებოდა, სპირალი ჩაგედგა მისთვის?” – ჰკითხა პანი იოლამ. “არც არაფერი”, ქმარმა, “მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ვერ ვასწრებ, ისე სასწრაფოდ ორსულდება. უთხარი, მოვიდეს, ექოს გადავუღებ”.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10