საბინას სურვილი

 

მოდით, ახლა საბინას ამბავს მოგიყვებით, რომელიც კვირაში ერთხელ დოქტორი მ-ის, მისი ცოლის, იოლასა და მისი ქალიშვილის, კაზიას სახლს ალაგებს. უკვე რამდენიმე წელია, რაც მათთან მუშაობს და ეს სახლიც ალბათ ათასჯერ მაინც ექნება დალაგებული. თან ყოველთვის ერთნაირად, ერთი და იგივე თანმიმდევრობით. ჯერ ექიმის კაბინეტი, მოსაცდელი და საპირფარეშო, მერე ოთახები, უზარმაზარი სამზარეულო და საძინებლები მეორე სართულზე – ერთი ბატონი და ქალბატონი მ-ისა, მეორე კი კაზიასი. ხანდახან, იშვიათად, სასტუმრო ოთახსაც ალაგებს, განსაკუთრებით დღესასწაულების, გრძელი უქმეებისა და დღეობების შემდეგ, და კიდევ ორ ტერასას – ერთს სახლის წინ და მეორეს სახლის უკან. ორივეს დაგვა სჭირდება, პრიალაფილებიან იატაკს კი მორეცხვა.
წელიწადში ორმოცდაათზე მეტჯერ ალაგებს, ხუთ-ექვსჯერ ფანჯრებს აპრიალებს, მეტლახის იატაკის მოწმენდა და გასანთვლა წლის განმავლობაში დაახლოებით ოცჯერ მაინც უწევს; ხალიჩების გაბერტყვა – სამჯერ ან ოთხჯერ. საბინა სახლის ყველა კუნჭულს, ყველა ნივთს ზედმიწევნით კარგად იცნობს. ზოგი მათგანი ძალიან მოსწონს (ხის მაგიდის გლუვი ზედაპირი, მაღალფეხიანი სანათური ვიტრაჟის აბაჟურით), ზოგს დასანახად ვერ იტანს (ბუხრის თავზე ჩამომწკრივებულ სპილენძის ქვაბებს და მუდმივად დათუთხნულ გაზქურას), ზოგიერთი კი სიგიჟემდე უყვარს (კაზიას ოთახის ვარდისფერი ხალიჩა, სააბაზანოში დაგებული ქათქათა თეთრი ფილები).
საბინა პარასკევობით მოდის ხოლმე. ამ დღეს მასთან, სახლში, ბიჭები ხუთშაბათიდან შემორჩენილ ბლინებს იცხელებენ. ექიმის სახლში კი ხუთშაბათი თევზის დღეა და საბინა საგულდაგულოდ ხეხავს მიმწვარ ტაფას. უთენია მოდის, ქალაქის წითელ ავტობუსს პოდგურჟედან პირდაპირ ექიმის კოხტა ვილამდე მოჰყავს. ავტობუსში თავს მშვენივრად გრძნობს, მთელი ვალბრჟიხის გავლა უწევს და თავი ექსკურსიაზე ჰგონია. გული სწყდება, რომ მოჟამული, ღატაკი და აყროლებული პოდგურჟედან მწვანეში ჩაფლულ და ჟასმინების სურნელით გაჟღენთილ შჩავნომდე მგზავრობა ასეთი ხანმოკლეა. ავტობუსში საბინა ფანჯარასთან ჯდება, თუ ჭედვაა, ინვალიდებისთვის განკუთვნილ ადგილს იკავებს. ორსულად არის, როგორც ყოველთვის, და იმიტომ. ხუმრობა საქმე ხომ არაა ხუთი შვილის გაჩენა, თან სულ ბიჭების. ორსულობა საბინასთვის განუყრელ, ბუნებრივ მდგომარეობად იქცა! გული არასოდეს ერევა, არც თავბრუ ეხვევა, გუნება-განწყობის მოულოდნელ ცვლილებასა და უცნაური რაღაცების ჭამის სურვილსაც არასდროს შეუწუხებია. თვალში საცემად არც იმატებს და არც იკლებს. საბინა საკუთარ სხეულს დიდ ყურადღებას არ აქცევს. დილიდან სპორტულებში ან კრეტონის ყვავილებით მოჩითულ კაბაში ჩატენის და მერე საღამომდე მთელი დღე ასე დააბიჯებს. სადღაც, კრეტონის ყვავილებიანი კაბის ქვეშ, მის სხეულსაც უჩნდება სურვილები, მაგრამ საბინას საამისოდ არასოდეს სცალია.
თუმცა ამ ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ითვალიერებს საბინა სხეულს. დადგება ექიმის ცოლის საძინებლის დიდი სარკის წინ და თავის მუცელს აკვირდება. ხომ ამბობენ, გოგოს მუცელი უფრო განზე გასული და მრგვალია, ბიჭისა კი – პირიქით, წინ არის გაბზეკილიო, ისე, წვეტს თითქოს გარე სამყაროს უმიზნებდეს, თან ბურთივით მკვრივიაო. ერთხელაც ამ თვალიერებაში ექიმის ცოლმა, პანი იოლამ შეუსწრო. საბინას შერცხვა, დაიბნა და სასწრაფოდ სარკის წმენდა დაიწყო. “გიხდება ორსულობა”, – უთხრა ექიმის ცოლმა – “მშვენივრად გამოიყურები”.
საბინა გულმოდგინედ და ფაქიზად ალაგებს ექიმის ცოლის სავარძელზე მიყრილ ტანსაცმელს. კოფთებსა და კაბებს მხრებში მოკიდებს ხელს და ისე იღებს, თითქოს ცოცხალი არსებები, შინაური ცხოველები იყვნენ. მერე კარადაში ხის საკიდებზე სათითაოდ შემოაცვამს და ღრმად ისუნთქავს კარადაში დამდგარ სურნელს. რომელიღაც გაშლილი ყვავილების სუნია, არ კი იცის რომლების. ექიმის ცოლის სუნი – ნაზი, ქალური, აღმგზნები, მიუწვდომელი. ექიმის ტანსაცმელს ნაკლები მონდომებით ალაგებს – მისი პერანგებისა და პიჯაკების ქსოვილი სინაზით პანი იოლას კაბებისა და კოსტიუმებისას არ ჩამოუვარდება – თუმცა მათი შეხებისას საბინას ხელი უნებურად ჰაერში უშეშდება და წამით ირინდება. არადა, არანაირი მიზეზი არა აქვს ამ გარინდების… ამიტომ საბინა ისევ საქმეს უბრუნდება. მაგრამ რას შეიძლება შეადაროს ეს წამიერი გარინდება? მამაკაცის ხაოიანი ლოყის ან მისი მოუხეშავი ხელების შეხებას? ან იქნებ უხეში წარბების? კიბეზე მძიმე, თანაბარი ნაბიჯების ხმას? ალკოჰოლის ოდნავ საგრძნობ სუნს?..
მორჩა საქმეს. საბინა კარადას კეტავს და გასაწევ კარში ჩატანებულ სარკეში კიდევ ერთხელ შეითვალიერებს თავს.
საძინებლიდან გამოდის და პატარა კაზიაც სკოლიდან შინ ბრუნდება. ჰოლში მისი ხმა ისმის. საბინაც, კაზიას დედასავით, კიბეებზე ჩარბის, რომ გოგონას მიეგებოს და სხვა ყველაფერი მაშინვე ავიწყდება.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10