აღდგომის წინ, აპრილის დასაწყისში, მთელ სოფელს ახალი მოსაწვევები ჩამოურიგა. ნაცნობი გლეხი კარდაკარ დადიოდა და იხვეწებოდა, ხალხი არა ხართ, მოდით, შეიბრალეთ ეს ქალიო, ბოლოს და ბოლოს, ორი საათი თქვენ არც დაგაქცევთ და არც აგაშენებთ, მას კი გაახარებთ, მთელი ზამთარი ემზადებოდა ამ დღისთვის, თანაც, არ არის ცუდი ქალი… ხო, კარგი, შეიძლება ცოტა უფსტვენს, მაგრამ ვის რას უშავებს, არის თავისთვის და ცეკვავსო. ჰოდა, აღდგომა დღეს, მსუყე სადილის შემდეგ წარმოდგენაზე 9 კაცი მივიდა და კიდევ სოფლის 3 სტუმარი. მორიდებულად შელაგდნენ საგანგებოდ ჩაბნელებულ დარბაზში, წყნარი მუსიკის ფონზე კედელზე მიხატულ ისრებს მიჰყვნენ  და ადგილებიც დაიკავეს.

შუქი რომ აინთო, გაკვირვებისგან ენა წაერთვათ. ნამდვილ, ხალხით გადაჭედილ თეატრში აღმოჩნდნენ, აქამდე მარტო კინოში რომ ენახათ, თავისი პარტერით, ქანდარებით, ლოჟებით. ის კი არა, ასობით ადამიანის ხმაც კი ჩაესმოდათ ყურში. იმ სევდიანი, ჩამოგლეჯილ-ჩამოფხავებული დარბაზისა კვალიც კი გამქრალიყო. კედლებიდან – იატაკიდან აყოლებული ჭერამდე – ადამიანის სახეები იმზირებოდნენ. მარჯვენა ლოჟაში გვირგვინოსნებიც ისხდნენ, მათ გვერდით კი მეწამული ატლასის სარტყლები ელავდა, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტებს ჰქონდათ მკერდზე ირიბად გადაჭერილი. ქალები თავს იწონებდნენ მდიდრული შლაპებით, მამაკაცები პრიალა შავი ცილინდრებით, ერთმანეთის მსგავსი, დაუდევრად მიხატული სახეებიც მრავლად იყო –  ასეთებს უმთავრესად პარტერში მოეყარათ თავი, აი, ლოჟებში მყოფნი კი მკვეთრად განირჩეოდნენ ერთმანეთისგან, და თუ კარგად დააკვირდებოდით, მათში მერლინ მონროს ქერა თმასა და ელვის პრესლის შეუდარებელ ვარცხნილობასაც ამოიცნობდით. აგერ, ახლადშემოსული სტუმრები უკვე ხალისიანად უჩვენებენენ ერთმანეთს მარშალ პილსუდსკის დიდულვაშიან სახეს, ან, ეს იქნებ სულაც ლეხ ვალენსა იყო. ჭარმაგი და ახალგაზრდული, მოგრძო და პირმრგვალი სახეები ერთმანეთში არეულიყო. უკანა რიგებში ისინი უფრო და უფრო მეტად ემსგავსებოდნენ ერთმანეთს, სულ უკან კი წრეებადღა ჩანდნენ – ცხვირისა და პირის აღმნიშვნელი ორი პერპენდიკულარული შტრიხით, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ამ ყველაფერის შემხედვარე გლეხი ხმამაღლა იცინოდა, ერთი ამას დამიხედეთ, რა ნიჭი ჰქონიაო. თავიდან ჩვილსაც უცინოდა სახე, მერე კი მოულოდნელად ატირდა, ალბათ ხალხისა და ფერთა სიჭრელემ შეაშინა. მუსიკა აჟღერდა თუ არა, მაყურებელმა ტაში დასცხო. თეთრ ტიულში გამოწყობილი ქალი მოხდენილად იდგა სცენაზე და იქიდან ესალმებოდა საზოგადოებას. ასაკი საერთოდ აღარ ეტყობოდა. იმ დღეს განსაკუთრებული სიმსუბუქით ცეკვავდა და მაყურებელიც იმდენად აიყოლია, რომ შესაძლო მარცხზე აღარავინ ფიქრობდა. არა, არ დაეცემოდა, არც დაიმსხვრეოდა და არც მტვრად იქცეოდა, რომელსაც მერე მოფრიალე ტიული ჰაერში გაფანტავდა. უცნაური მუსიკა იყო, გეგონება, მწერები ბზუიანო. ისიც ხან ფუტკრად გადაიქცეოდა, ხან კრაზანად, ხელებსაც მათი ციცქნა ფრთებივით რიტმულად იქნევდა. ის ორმაგი დიადემაც კი, რომელიც შუბლს უმშვენებდა, მწერის თვალებს წააგავდა. ამიტომ შემთხვევით არ მომხდარა, ყველა რომ მოიხიბლა წარმოდგენით და ბალერინა ბისზე გამოიწვიეს.

მომდევნო დღეს მოხატული დარბაზის ამბავი უკვე მთელმა სოფელმა იცოდა, მერე მთელმა დაბამ. მაისის უქმეებზე მის სანახავად ქალაქიდან რამდენიმე უცნობი ადამიანიც ჩამოვიდა. სტუმრები თავაზიანად მიიღო, სთხოვა, მისამართები დამიტოვეთ და მოსაწვევებს გამოგიგზავნითო.

მთელი ზაფხული თითქმის ყოველ კვირა დღეს ცეკვავდა ტურისტებისთვის, რომლებიც განცვიფრებული იყვნენ მისით და მისი პუბლიკით. ადგილობრივმა ტელევიზიამ მასზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. კამერა ხან მას აჩვენებდა, ხან მისი ხელით მოხატულ კედლებს. საჩუქრად გამოგზავნილ კასეტაზეც ბევრჯერ ნახა ფილმი, უფრო სწორად, ყოველ საღამოს ნახულობდა. სწორედ ამისთვის შეიძინა ტელევიზორი. და მხოლოდ ამის შემდეგ  პირველად დაასრულა  დაწყებული წერილიც:

„საყვარელო მამიკო, გიგზავნით კასეტას ჩემი სოლოგამოსვლის ჩანაწერით. ძალიან გთხოვთ, ნახეთ და ნუ გამკიცხავთ. ვფიქრობ, ჩვენი შერიგების დრო დადგა.  ყოველთვის მახსოვდით  და, ახლა უკვე შემიძილია გაგიმხილოთ, რომ თითქმის ყოველდღე გწერდით წერილებს. ყველა მათგანი შენახული მაქვს. ოდესმე თუ წაკითხვას მოისურვებთ, შევკრავ და გამოგიგზავნით. თუმცა ბევრია. ცდებოდით, მამიკო! მე მქონდა ნიჭი, უბრალოდ, თქვენ ის ვერ შეამჩნიეთ. არც სიბეჯითე მაკლდა და დღეს ჩემს წარმოდგენებს უამრავი ხალხი ესწრება. ჩემი თეატრის დარბაზი ჩემს სანახავად მოსულ მაყურებელს ვერ იტევს. ვხედავ, მამიკო, რომ ისევ დამცინით, რომ ეს ის ირონული ღიმილია, რომლისაც ყოველთვის ძალიან მეშინოდა. მრცხვენოდა ისეთობის, როგორიც ვიყავი, და იმისიც, რომ ვარსებობდი ამ ქვეყნად. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი – მე უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, რომ მსგავსი გრძნობების  მრცხვენოდეს, თქვენ კი, მამიკო, ძალიან ხნიერი, რომ უარმყოთ. იქნებ ახლა მაინც შევრიგდეთ და დავივიწყოთ წყენა? და ჩვეულებრივი მამა–შვილი ვიყოთ.“

იმავე დღეს, როცა წერილი ფოსტაში წაიღო, დეპეშით მამის გარდაცვალება აუწყეს.  ქალმა ქაღალდი სიმწრით მოჭმუჭნა, ქუსლებით შედგა და ნაფხრეწებად აქცია. მერე განრისხებულმა შენობა ერთიანად გააჩირაღდნა, საღებავები მოიტანა და კედელზე მიხატულ მაყურებლებს პარტერის მეოთხე რიგში კიდევ ერთი სახე მიამატა. ხატვა რომ დაასრულა, ნახატს თავი დაუკრა და ცეკვა დაიწყო.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10