რა თქმა უნდა, არც ეს წერილი დაუსრულებია. ესეც დანარჩენებს მიემატა და შუა წინადადებაში შეწყვეტილმა ტყავის ჩემოდანში დაიდო ბინა.

საშობაოდ „მაკნატუნას“ დადგმა უნდოდა და მთელი დეკემბრის განმავლობაში მონდომებით ვარჯიშობდა. მოსაწვევებიც დაამზადა და ფოსტით დაგზავნა, ანუ ახლომდებარე პატარა ქალაქის საფოსტო ყუთში ჩაყარა. მამასახლისსაც გაუგზავნა მოწვევა, ქალაქის ბურმისტრსაც, აფთიაქარსაც, რომელთანაც კრემებს ყიდულობდა და იქაური სკოლის პედკოლექტივსაც. მოწვეულთაგან მხოლოდ ოთხი კაცი მოვიდა – ერთი გლეხი ცოლთან ერთად და ორიც მოხუცი დედაბერი, წელში მოკაკულებს და დაკოჟრილებს მზერა მიწისთვის რომ მიებჯინათ და ნორმალური მოძრაობა სანატრელად ჰქცეოდათ. და სხვები? სხვები ალბათ შიშმა აიტანა, ცეკვის დროს არ დაცემულიყო და ხმელი ტოტივით არ დალეწილიყო, თავად კი ამ საცოდაობის მოწმენი არ გამხდარიყვნენ. რას იზამ, ასეა, ადამიანებს მარტო იქ მიუწევთ გული, სადაც სიამოვნება ელოდებათ.

იმ საღამოს თავს ტირილის უფლება მისცა. გულაღმა იწვა და უდაბნოსავით მშრალი კანით  ცრემლებს ისრუტავდა. ზეწარზე ერთი მათგანიც კი არ დაცემულა.

შობისთვის რამდენიმე მისალოცი ბარათი მიიღო, მათ შორის ქმრისგან, მეგობრისგან თუ ვინც იყო ის კაცი მისთვის, წითელ პერანგებს რომ იცვამდა, იმისგან.

თებერვალში ორი კვირით სოფელი ერთიანად დაფარა თოვლმა. ამ ხნის განმავლობაში არ უვარჯიშია. ლოგინში დაყუნცული ფანჯრიდან დათოვლილ ლანდშაფტებს გაჰყურებდა. ერთი კვირის შემდეგ ვიღაცამ მის კარზე ბრახაბრუხი ატეხა. მანქანიანი გლეხი იყო სოფლიდან. შეშფოთებულმა ჰკითხა, ცოცხალი თუ ხარო? აქურობას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა, თოვლზე ნაფეხურები არ ჩანს, საკვამურიდან ბოლი არ ამოდის. ეს რა საქციელია, რა წესია, – დაამუნათა. მარხილით ქალაქში მივდივარ, ხომ არაფერს დამაბარებო, ჰკითხა წასვლისას. ყურძენი, ზეითუნის ზეთი, ბლომად სალათის ფურცლები და პომიდორიო, – უთხრა. გლეხმა მხრები აიჩეჩა და მოსაღამოვებულზე უკან დაბრუნებულმა ცელოფნის პარკი მოუტანა. შიგ ერთი დიდი პური, პატარა პარკით მჟავე კომბოსტო, სალიამი და შოკოლადი ელაგა. ესეც ამდგარა და შეუჭამია. მას შემდეგ ყოველდღე მოდიოდა გლეხი, განიერ ქვის ღუმელში ცეცხლს ანთებდა, რომელიც მთელ ქვედა სართულს ათბობდა. არიგებდა, ზამთრობით ბიგოსი[2] უნდა ჭამო აუცილებლად და ზედ სულ ცოტა ერთი სირჩა არაყი დააყოლოო. ეტყობოდა, არც თვითონ იკლებდა.

„საყვარელო მამიკო, ნეტავ თუ იცი, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელიც არავის უყვარს? ფიქრობს, რომ არასოდეს არაფერი გამოუვა, რომ გროშადაც არ ღირს მისი მცდელობა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ჯიუტად აგრძელებს საქმიანობას. ხო, ასეთს ყველაზე უღირსად მიაჩნია თავი. იატაკზე დაგდებული ჩვარივითაა, დაჭმუჭნილი ქაღალდივით. ასეთი ადამიანი ვერასოდეს იპოვის სულიერ სიმშვიდეს. მთელი ცხოვრება იმის მცდელობაში იქნება, ვინმეს სიყვარული დაიმსახუროს, მაგრამ ამასაც ვერასდროს მიაღწევს. ალბათ სწორედ ასეთი უსიყვარულო ადამიანები მიილტვიან სრულყოფილებისკენ. რადგან რასაც არ უნდა მიაღწიონ,  ბოლომდე მაინც ვერ კმაყოფილდებიან. თავს არ დაზოგავენ, წელში გაწყდებიან, მაგრამ მადლობას და გასამრჯელოს არ მოითხოვენ. ჩვენ, ასეთები, სიზიფეები ვართ და საცრებით წყლის მხაპავები.“

თოვლი რომ დადნა და გზაც გამოჩნდა, გლეხს ქალაქში გაჰყვა და საღებავები და ფუნჯები იყიდა. უამრავი დიდ-პატარა ქილა და ტუბები. ვხედავ, რემონტს იწყებთ, უთხრა გლეხმა, მაგრამ დამიჯერეთ, ამის გაკეთებას აზრი არა აქვს. ეს ნანგრევი სადაცაა ჩამოიშლება. არ ღირს ამისთვის ფულის დახარჯვა. სააღდგომოდ ახალი წარმოდგენის დადგმას ვაპირებო, უპასუხა, ამჯერად სულ სხვა რაღაცისო. გლეხმა ნაღვლიანად გაუღიმა. თქმით აღარაფერი უთქვამს.

ახლა უკვე სცენიანი დარბაზიდან აღარ გამოდიოდა. ხატავდა. მთელ სოფელს ესმოდა მისი გრამოფონიდან დაფრქვეული მუსიკა, რაღაცნაირი მოსაწყენი, ისეთი, რადიოში რომ გადმოსცემენ ხოლმე. ამ მელოდიას  ჭილყვავების ჩხავილი უერთდებოდა, რომლებსაც გავერანებული პარკის ხეებზე დაედოთ ბინა. საღამოხანს შემთბარი წყლით სხეულიდან იმ საღებავს იშორებდა, რომლითაც მეორე დღეს ხელახლა უნდა დათხუპნულიყო. მერე ბალახების ჩაის მოადუღებდა და წერილებს წერდა.

ვერანდაზე მდგარი მაგიდები ხარაჩოებს დაემსგავსა. საღებავს პლასტმასის ვედროებში ურევდა, ფერებს – მინის მომცრო ქილებში. მარტში, ცოტა რომ დათბა, ფანჯრებს ბოლომდე აღებდა და სახლიდან მისი ღიღინის ხმა გამოდიოდა. ფოსტაში ან ბანკის საქმეზე ქალაქში წასული შინ დაბრუნებისას ერთ ბოთლ ღვინოსაც გამოიყოლებდა ხოლმე. დღეები ერთმანეთს ჰგავდნენ. მხოლოდ ბუნება არ ემორჩილებოდა ამ ერთფეროვნებას. აღარ ყინავდა. ნოტიო ჰაერი იდგა სოფლის თავზე. ხეებმა ქერქზე ბუსუსები გამოიღეს და ხავერდივით გაბზინდნენ. შარშანდელ ფოთლებს ნეშომპალას მოტკბო სუნი შეეპარა. ბოლოს ენძელებიც აყვავდნენ.

 


[2] Bigos – ტრადიციული პოლონური კერძი. მზადდება მჟავე კომბოსტოს, ხორცისა და ძეხვისგან.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10