ყველაზე მეტ დროს დარბაზში, სცენაზე ატარებდა. იქაურობა დაალაგა, დაასუფთავა, ჭერში მუყაოს ლამპიონები ჩამოჰკიდა, კედლები ცისფრად შეღება. სცენის ფიცრები გულმოდგინედ გაახეხინა გოგოს და მერე დიდხანს ამოწმებდა იატაკის სიმყარეს მაღალი ქუსლებით. ხან სტეპსაც ცეკვავდა – ამ დროს მთელ შენობაში გაისმოდა მხიარული, მელოდიური კაკუნი – პაკ, პუკ, პაკ, პუკ, პაკპუკ, პუკ… გრამოფონიდან ხშირად იღვრებოდა სიმფონიური მუსიკა, რომელიც პარკსა და სოფელს ისე მოედებოდა ხოლმე, როგორც რომელიმე ეგზოტიკური სუნამოს სუნი. საღამოს კი საძინებელ ოთახში მაგიდას მიუჯდებოდა წერილების დასაწერად, რომელთაგან ყველა ერთნაირად იწყებოდა: „საყვარელო მამიკო!“ არც ერთი არ დაუსრულებია. გაკეცავდა და ტყავის ჩემოდანში ინახავდა, სადაც უკვე ასობით ასეთი წერილი დაგროვილიყო – ერთმანეთის მსგავსი პატარა, მრგვალი ასოებით ნახევრადშევსებული გვერდი. ერთი და იგივე წერილის ასობით პირველი გვერდი. ლურჯი მელანი კი ნელ–ნელა ბაცდებოდა ჩემოდნის სიბნელეში:

„საყვარელო მამიკო, ვერც კი წარმოიდგენთ რა უნდა გახაროთ: თეატრი ვიყიდე! საუკუნის დასაწყისში აშენებული ძველი, ულამაზესი შენობაა, სასტუმრო ოთახებით, დიდი შემინული სასადილო დარბაზითა და რაც მთავარია – სცენით! დაუჯერებელია, არა? ბოლოს და ბოლოს შევძლებ, დამოუკიდებლად ვიმუშაო და ყველა ის როლი ვიცეკვო, რომელსაც მოვისურვებ. კარგად ვიცი, ჩემს ასაკში მოცეკვავეები კარიერას უკვე ასრულებენ, მაგრამ, რა ვქნა, სული რომ არ ბერდება? აურაცხელი გეგმა მაქვს. ხანდახან ცეკვასაც ვახერხებ. მამიკო, ძალიან ვწუხვარ, რომ ვიჩხუბეთ, მაგრამ ვფიქრობ, სიბერის კარზე მაინც უნდა შევრიგდეთ. სულ უფრო და უფრო ვნანობ, რომ ჩემი ცეკვა არ გინახავთ. შეიძლება მთავარი როლები არასოდეს მქონია და ჩემი ხერხემლის გამო ვერც პრიმა-ბალერინა გავხდი, მაგრამ არც მთლად უცნობი მოცეკვავე ვყოფილვარ და მსოფლიოს მრავალ სცენაზე ტაშითაც დავუჯილდოვებივარ მაყურებელს ჩემს დასთან ერთად. ცდებოდით, მამიკო, მაშინ, ბოლო შეხვედრისას განრისხებულმა რომ მითხარით, უნიჭო ხარო! თქვენ უსამართლოდ მომექეცით…“

ქაღალდი ისევ დაიკეცა და ისიც ჩემოდანში აღმოჩნდა.

პირველი მოსაწვევები  დუშნიცას ბინადრებმა ქალის იქ ჩასვლიდან სამი თვის თავზე მიიღეს. მაშინ ჯერ კიდევ  იმ თავის ქმართან ცხოვრობდა. ღია ცისფერ მუყაოზე იისფერი მელნით ეწერა: „წარმოდგენა გაიმართება 19:00 საათზე. ნაწყვეტებს პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტიდან „გედების ტბა“ იცეკვებს პრიმაბალერინა…“. ქმარმა თავისი ხელით ჩამოარიგა მოსაწვევები მთელ სოფელში, გულის ფორმის მუყაოს ყუთში შეფუთულ შოკოლადებთან ერთად. ყველა უკლებლივ გამოცხადდა წარმოდგენაზე, ახლად მოლოგინებული ქალიც კი, თოთო ბავშვით ხელში. სცენიანი დარბაზი ისე შეცვლილიყო, ვეღარ იცნობდი. სცენას ორი რეფლექტორი ანათებდა. ერთი, რომელზეც ღია ცისფერი ჟატის ქაღალდი გადაეკრათ, წყლისფერ, ნისლისმაგვარ შუქს გამოსცემდა. მეორე ზემოდან დაჰყურებდა სცენას და შუაგულს ოვალური ნათებით ათბობდა. იატაკზე ცისფრად მოელვარე ცელოფანი ეფინა, ხოლო ბაღიდან მოტანილი ხავსი და ბალახბულახი ტბის ნაპირის შთაბეჭდილებას ქმნიდა. თოთობავშვიან ქალს აღფრთოვანებისგან კვნესა აღმოხდა.

როდესაც მაყურებლებმა სავარძლები დაიკავეს, კულისებიდან ულამაზესი, ნარნარი მუსიკის ხმა მოისმა და ორიოდ წამში სცენაზე თეთრი ტიულის კაბიანი და პრიალა ატლასის პუანტებიანი გამხდარი, გრძელფეხება არსება გამოფარფატდა.

თავდავიწყებით ცეკვავდა – მაყურებელი დაძაბული ადევნებდა თვალს თითოეულ მის მოძრაობას – თამამ ჟესტებს, მოულოდნელ ნახტომებს… თითქოს იმის შიში ჰქონდა, ქალს წონასწორობა არ დაეკარგა და იატაკზე არ დანარცხებულიყო. ტიული ეფინებოდა ჩამოქნილ ბარძაყებს – ყოველ ჯერზე ოდნავ დაგვიანებით, სხეულის მოძრაობას წამის სხვაობით მიდევნებული – და ქალს ქათქათა, თვალისმომჭრელი ღრუბელივით ეკვროდა ტანზე. თითქოს მტკიცე წინდებში გამოკვართულ მის ფეხებს ტერფები არც ჰქონდათ, არამიწიერი არსება იყო, რომელსაც ნაბიჯი არასოდეს დაედგა მიწაზე. პრიალა ატლასის პუანტები ხან შეუმჩნევლად ეხებოდნენ იატაკს, ხან კი კატისებრი ნახტომებით ბაკუნობდნენ სცენაზე. თმა მაღლა აეწია და ვერცხლისფერი კოსის გარშემო წვრილი თეთრი ყვავილები ჩაებნია. მკვეთრ მაკიაჟს სრულიად შეეცვალა სახე, რაც მთლიანობაში მართლა უხდებოდა ტიულსა და მუსიკას, მაგრამ თუ მხოლოდ სახეზე შეაჩერებდით მზერას, ამაზრზენი ნიღაბი შეგრჩებოდათ ხელში. აი, ასეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა ამ ყველაფრის შემხედვარეს.

ცხრა ადამიანი, მათ შორის მისი ქმარიც, ბრავო-ბრავოს გაიძახოდა, ბალერინა კი მოხდენილად ხრიდა მათ წინაშე თავს. ბოლოს სტუმრებს ფორთოხლის წვენით, ყურძნითა და ნამცხვრით გაუმასპინძლდნენ. შინ ყველა კმაყოფილი დაბრუნდა. თუმცა სინამდვილეში საიდან უნდა ვიცოდეთ, მართლა ასე იყო თუ არა?!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10