საბინას სურვილი ასეთია: გოგონებთან თამაში უნდა. უნდა რომ მათი თოჯინა იყოს, ხალიჩაზე დაწვეს, მათ კი თმები დაუშალონ და დავარცხნონ, ყელზე ყელსახვევები და ბაფთები მოახვიონ, ჩააცვან და გახადონ (აი, ჟაკეტიც თანა აქვს, საგანგებოდ წამოიღო), სურს ხელებზე მიეფერონ, მერე კი მუცელზე დაადონ თავი და ყური დაუგდონ ბიჭის სუნთქვას. “ვიცი, რომ ესეც ბიჭი იქნება” – ამბობს საბინა ექიმი მ-ს მისამართით. საბინას გოგონების ალერსი უნდა, მათი ჟღურტულის მოსმენა, თანაც შორიდან კი არა, ახლოდან. უნდა ყურში ეჩურჩულონ. მათი თოჯინა უნდა რომ იყოს, მათი დიდი, თბილი და მუცელგაბერილი ბარბი, მერე რა, რომ ასეთები მაღაზიებში არ იყიდება. და მეტიც, რადგან საბინას ეჩვენება, რომ ერთხელ უკვე მოხდა ასე – თუმცა ამის სიტყვებით გადმოცემა ეძნელება, – რომ უკვე იყო პატარა და უმწეო არსება და ცხოვრება რომ განაგრძოს, ამისათვის ეს კიდევ და კიდევ უნდა იგემოს ზიარებასავით. აბა, ერთი ზიარებით სულს როგორ გადაირჩენს. ბოლომდე უნდა მისცეს თავი სისუსტეს, რათა გაძლიერდეს. ამიტომ უნდა ვარდისფერ ხალიჩაზე წოლა, საწერი მაგიდისა და სკამებისთვის ქვემოდან ყურება, კარადებისა და საწოლის ქვეშ შეხედვა, საგნებისთვის უფლების მიცემა, რომ ცამდე გაიზარდონ. უნდა, რომ ადამიანისგან ორი ჩუსტებში ჩაყოფილი ფეხიღა დარჩეს. უნდა, რომ მათი ლაპარაკიდან არაფერი ესმოდეს. ბოლოს კი ინატრებდა, რომ არავინ გაიკვირვოს მისი ასეთი სურვილი, არავინ დასცინოს. და თუ ეს მაინც ისეთი სურვილია, რომ რაიმე პრობლემას შექმნის, მაშინ სასწრაფოდ გადაივიწყებს მას და დეზოდორანტ იმპულსს დასჯერდება, ან ახალ სქელ კოლგოტს, ან ვერცხლის ბეჭედს, ან კაბას ინდიაშოპიდან.
ექიმ მ-ს. (ჭიქით ხელში) უნებლიეთ ხარხარი უტყდება. პანი იოლა ტუქსავს და აჩუმებს. მერე ერთხანს საბინას უყურებს, ძალიან სერიოზული სახით. ტუჩები ისე მოუკუმავს, თითქოს უკანკალებსო. მერე საბინას ხელს ჰკიდებს და უსიტყვოდ მიუძღვება მაღლა. საბინა წითლდება იორდასალამივით, ვარდივით, ღვინოსავით, საკუთარ ენასავით, თავისი სხეულის შიდა სარჩულივით წითლდება საბინა.

 

თარგმნა კატია ვოლტერსმა

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10