კანონშემოქმედთა ეს ფანტასტიკური გეგმიური დავალება უკავშირდება ამ დაწესებულებათა დაარსების ისტორიას. ის სათავეს იღებს იმ დროში, როცა ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო იმის განჭვრეტა, თუ რა შეეძლო სრულყოფილად განვითარებულ ნულოვან მედიას”. “პროგრამის შემდგენლები, რომლებიც მეტ-ნაკლები მონდომებით ასრულებენ წინაპართაგან დატოვებულ “დავალებას”, უაღრესად მელანქოლიურ სანახაობას წარმოადგენენ. საშტატო ერთეული მათთვის არის ის დაკარგული თანამდებობა, რომლიდანაც ისინი იბრძვიან ტელევიზიისთვის, როგორც პედაგოგიური პროვინციისთვის.
პროგრამის ილუზია მარტოდენ იურიდიულ თუ ინსტიტუციურ მიზეზთა დამსახურება როდია; იგი პირდაპირ ეყრდნობა მედიათა ფილოგენეზისს. მათ ევოლუციაში ძალიან ფასობს ასეთი ფრაზა, რომ ყოველი ახალი მედია საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენამდე, ანუ “თვითგამორკვევამდე” ორიენტაციას უნდა იღებდეს ძველ მედიაზე. ამგვარი “დისტანციური დამტვერვა” ტელევიზიებშიც შეიმჩნევა. ძნელად ამოსაძირკვია ის წარმოდგენები, თითქოს ეს ხდება ფორმებისა და შინაარსების, ანუ “პროგრამების” იმგვარად ტრანსპორტირებისათვის, როგორც ამას ადრეული მედიები აკეთებდნენ. ტექნიკურად ეს გამორიცხული არ არის, არავითარ შემთხვევაში! მაგალითად, არც ის არის შეუძლებელი, რომ შენობის საძირკველი გაითხაროს ჩაის კოვზით, ან ბიბლია გამრავლდეს ტელეტაიპის მეშვეობით; ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ ეგ არის, რომ ჩაის კოვზისა თუ ტელეტაიპის დანიშნულება არ ეთანხმება ამგვარ ღონისძიებებს.
ევოლუციური კვერცხის ის ნაჭუჭები, რომლებიც ტელევიზიას ფეხებში ედებიან, განსაკუთრებით თვალში საცემია იმ რელიქვიების მაგალითზე, უხსოვარი დროიდან რომ დამკვიდრებულან გადაცემათა ბადეში. ყოვლად უაზროდ, მოჩვენებებივით დაფარფატებენ ნულოვან მედიაში, ანუ იქ, სადაც მათ არაფერი ესაქმებათ ისეთი გაუცხოებული ფორმები, როგორიცაა ქადაგება, ოპერა, კამერული კონცერტი, საზოგადოებრივი კომედია, მოკლე კომენტარი. ამასთანავე ხდება კონსერვაცია ისეთი რადიოფორმებისა, როგორიცაა საინფორმაციო ბიულეტენი, დისკუსია და რადიოპიესა, რომლებზეც კამერის დასწრება ზედმეტ ფუფუნებად არის მიჩნეული.
ტელევიზიის ზოგიერთი ვეტერანი, რომელმაც ვერ ამოიცნო დროის ნიშანი, კვლავ იმყოფება იმ წარმოდგენათა ტყვეობაში, რომ მათ შეიძლება ხელიდან გამოეცალოთ მასალა. ამ აკვიატებულ იდეას, რომ საჭიროა რაიმეს და არა არაფრის გადაცემა, ისინი მიჰყავს ძველ მედიათა კანიბალიზაციამდე. ამას შედეგად მოჰყვა პირველ რიგში იმ მედიის განადგურება, რომლის შესახებაც არსებობს რწმენა, რომ იგი არის ტელევიზიის მონათესავე, კერძოდ, ლაპარაკია ფილმზე. ბუნებრივია, მალევე გაირკვა, რომ აქ საქმე გვაქვს აღრევასთან. კინოს ესთეტიკური მომხიბვლელობა არ ნარჩუნდება ტელევიზორის ეკრანზე. იგი ნადგურდება სასაცილო ფორმატით, სარეკლამო წყვეტებით და ინდიფერენტული, გაუთავებელი გამეორებებით; ამას აგვირგვინებს მაყურებლის საიდუმლო იარაღი – გადასართველი პულტი.

ოჰ, ეს მაყურებელი! მან ზუსტად იცის, თუ რასთან აქვს საქმე. იგი დაცულია ყოველგვარი პროგრამა-ილუზიონისგან. კანონმდებელთა დირექტივები მის პრაქტიკას ეჯახება და საპნის ბუშტებივით სკდება. შორს არის რა იმისგან, რომ ვინმეს საკუთარ თავზე ჩაატარებინოს რაიმე სახის მანიპულაცია (როგორიცაა აღზრდა, ინფორმირება, განვითარება, ახსნა, გაფრთხილება), იგი თავად ახდენს მედიის მანიპულირებას საკუთარი სურვილის შესაბამისად. იმას, რაც არ შეესაბამება მის სურვილებს, მიესჯება ხოლმე სიცოცხლის აღკვეთა ღილაკზე თითის დაჭერით, ხოლო ის, ვინც მის ყველა სურვილს ასრულებს, ჯილდოვდება შესანიშნავი ქვოტებით. მაყურებელი მშვენივრად აცნობიერებს, რომ მას საქმე აქვს არა საკომუნიკაციო საშუალებასთან, არამედ კომუნიკაციის უარყოფის საშუალებასთან, და ეს მისი ურყევი რწმენაა. სწორედ ის, რასაც ნულოვან მედიას ნაკლად უთვლიან, ანიჭებს მას მაყურებლის თვალში წარუშლელ ხიბლს.
ასე აიხსნება ტელევიზიის კიდევ ერთი თავისებურებაც, რაც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ამოუცნობი იქნებოდა, კერძოდ – მისი ტრანსკულტურული არეალი. ერთი და იგივე სერიალი, ერთი და იგივე კლიპი, ერთი და იგივე შოუ, მიუხედავად საზოგადოებრივი შეხედულებებისა, ერთნაირი მიზიდულობის ძალით სარგებლობს როგორც ლუდენშაიდში, ასევე – ჰონკგონგსა თუ მოგადიშუში. შეუძლებელია, რომ რომელიმე შინაარსი იყოს კონტექსტისგან ასე დამოუკიდებელი, ამავე დროს ასეთი თვალისმომჭრელი და უნივერსალური.
მაშასადამე, ნულოვან მდგომარეობაში ყოფნა ტელევიზიის სისუსტე კი არ არის, არამედ მისი სიძლიერეა. ამით იგი იქმნის საკუთარ სამომხმარებლო ღირებულებას. ტელევიზორს რთავენ იმისთვის, რომ თვითონ გაითიშონ. (სწორედ ამის გამო არის, სხვათა შორის, აბსოლუტურად მორგებული ტელევიზიაზე ის, რასაც პოლიტიკოსები პოლიტიკას ეძახიან. როდესაც რომელიმე საცოდავი მინისტრი ფიქრობს, რომ მაყურებელთა მოსაზრებებსა და ქმედებებზე ახდენს გავლენას, ამ დროს მისი წყალ-წყალა გამონათქვამები აკმაყოფილებს მაყურებელთა მოთხოვნილებას, რომ როგორმე თავი აარიდონ რაიმე მნიშვნელობას).
ამის საპირისპიროდ, ხანდახან, ისეთი რაღაცეებიც გამოერევა, როგორიცაა მაგალითად, ხარვეზი. ეს მაშინ, თუკი გადაცემათა ერთფეროვან დინებაში უეცრად თავს წამოყოფს ხოლმე რაღაც ისეთი, რაც შორეულად მაინც წააგავს შინაარსს თუ ნამდვილ ინფორმაციას, ან – რამე ისეთი არგუმენტი, რაც მაყურებელს მის გარემომცველ სამყაროს გაახსენებს. იგი მაშინვე წამოჯდება, თვალებს მოიფშვნეტს, ხასიათი გაუფუჭდება და გადასართველ პულტს ეცემა ხოლმე.
ბოლოს და ბოლოს, ტელევიზიის ეს უაღრესად მიზანმიმართული გამოყენება ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ტელევიზია ძირითადად გამოიყენება, როგორც ტვინების გამორეცხვის მეთოდი, ოღონდ – სასიამოვნო; იგი ემსახურება ინდივიდუალურ ჰიგიენას, თვითმწამლობას. ნულოვანი მედია არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი უნივერსალური და მასობრივად გავრცელებული ფორმა. ამდენად, აბსურდია, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მისი საზოგადოებრივი საჭიროება. ვისაც მისი თავიდან მოშორება უნდა, ჯერ ის ალტერნატივები უნდა მოინიშნოს, რომლებიც მას სავარაუდოდ გააჩნია. პირველ რიგში, აქ უნდა ვიფიქროთ განარკომანებულ მომხმარებელზე, რომელიც მოიხმარს ყველაფერს, – საძილე აბებიდან კოკაინამდე, ალკოჰოლიდან – ბეტა-პრეპარატებამდე, ტრანკვილიზატორებიდან – ჰეროინამდე. ქიმიის სანაცვლოდ ტელევიზიის შემოთავაზება ნამდვილად უფრო ელეგანტურ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს. როცა სოციალურ ხარჯებსა თუ ე. წ. გვერდით მოვლენებზე ვფიქრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ნულოვანი მედიის მომხმარებელმა, ალბათ, მაინც ბრძნული არჩევანი გააკეთა – მით უმეტეს იმ შესაძლებლობებს თუ გვითვალისწინებთ, რაც მის განკარგულებაში იყო – მანქანომანია, ძალადობა, ფსიქოზი, სიშმაგე და თვითმკვლელობა.
ვისთვისაც ამგვარი არგუმენტაცია ex negativo პირქუშია, მისთვის გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მან მზერა უსიამოვნო ფაქტებიდან უნდა გადაიტანოს უფრო მაღალ მატერიებზე და რჩევისთვის მიმართოს კაცობრიობისთვის ოდესღაც ესოდენ საყვარელ, უძველეს სიბრძნეებს. როდესაც ჩვენი თვითკონცენტრაცია თავის მაქსიმუმს მიაღწევს და ეს დაუბრკოლებლად მოხდება ნებისმიერი ეზოთერული ბლოკნოტის მეშვეობით, მაშინ იგი უკვე აღარ იქნება გამორჩეულია სხვებისგან თავისი სულიერი გაუცხოებით, პირიქით – თვით ყველაზე ექსტრემალური გართობაც კი ხშირად დამთავრდება ჰიპნოზურ თვითჩაღრმავებაში მკვეთრი გადასვლით. თუკი ასე მივუდგებით, მაშინ თვალებზე აფარებული ბამბის ქულა უკვე ახლოს დგას ტრანსცენდენტურ მედიტაციასთან. ასევე თავისუფლად აიხსნება ის კვაზი-რელიგიური მოწიწება, რომლითაც სარგებლობს ნულოვანი მედია: იგი მაყურებელს ტექნიკის მეშვეობით აახლოებს ნირვანასთან. ტელევიზორი წარმოადგენს ნამდვილ ბუდისტურ მანქანას.
ვაღიარებთ, რომ აქ საქმე ეხება იმგვარ უტოპიურ პროექტს, რომელსაც ყველა სხვა უტოპიების მსგავსად, განხორციელება არ უწერია. ის, რაც დასაშვებია თოთო ასაკის ბავშვისთვის, კერძოდ – სრული თავდავიწყება, უაღრესად რთული მისაღწევია მოზრდილი ადამიანისთვის. იგი ხომ გადაჩვეულია თავისი აღქმის აპარატის იმგვარად ამუშავებას, რომ ინტერპრეტაციას არ დაუქვემდებაროს ის, რასაც იგი დაინახავს. უნდა თუ არ უნდა, იგი სულ ცდილობს, რომ იქაც კი რაიმე აზრი აღმოაჩინოს, სადაც მისი სახსენებელიც კი არ არის. მნიშვნელობაზე ეს ძალაუნებური ფოკუსირება ხელისშემშლელად მოქმედებს ნულოვანი მედიით სარგებლობის დროს. ორჭოფულ სიტუაციებში შემიძლია ყოველთვის ვამტკიცო, რომ მართლა ზომბი კი არა ვარ და რამე მაინც ხომ უნდა იყოს იმაში, რასაც ვუყურებ, რამე კონკრეტული, თუნდაც ერთი ბეწო შინაარსიის მსგავსი. ამიტომაც არის გარდაუვალი, რომ თვით ყველაზე გავარჯიშებული მაყურებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ამგვარი მისტიფიკაციის ტყვეობაში.
ამრიგად, შეუძლებელია იდეალური მდგომარეობის მიღწევა. შეიძლება მიუახლოვდე სრულყოფილ სიცარიელეს, ანუ აბსოლუტურად ნულოვან წერტილს. ეს სიძნელე ყველა მისტიკოსისთვის ნაცნობია: მედიტაციას არ შევყავართ ნირვანაში, ჩაღრმავება ყველა შემთხვევაში გამოგვდის წერტილოვანი, მაგრამ არა საბოლოო, მცირე სიკვდილი არ გადადის დიდში. მინიმალური სიგნალი მაინც ყოველთვის მოდულირებს, ეს არის რეალობის შრიალი, „სუფთა უსაგნობის გამოცდილება“ (კაზიმირ მალევიჩი).
ფაქტია, რომ მაინც უაღრესად მნიშვნელოვანია უკნასკნელი ათწლეულების გამოცდილება, და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ეკრანი ვერასდროს მიუახლოვდება თავის დიად ნიმუშს, 1915 წლის დროინდელ იმ შავ კვადრატს, რომელთან შედარებითაც ნულოვანი მედიის ყველა გადაცემა აბსოლუტურად უსაგნოა.

 

გერმანულიდან თარგმნა

შორენა შამანაძემ

1 2 3