მას შეეძლო განსაკუთრებულად, დიახ, მამაცურადაც კი თავის წარმოჩენა. მილიარდები იხარჯება კოსმოსში სატელიტების გასატყორცნად, მთელი ევროპა საკაბელო ქსელშია გახვეული; მიმდინარეობს “საკომუნიკაციო საშუალებების” უმაგალითო აღჭურვა და ამ დროს შეკითხვასაც კი არავინ სვამს, თუ რა უნდა გადაიცეს ყოველივე ამის საშუალებით. ამ გამოცანის პასუხი ხომ ისედაც აშკარაა. ინდუსტრიას კარგად ეხერხება, რომ დაეთანხმოს სწორედაც რომ უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ფიგურას თავის თამაშში: “ტელევიზიის მონაწილის” ფიგურას. სწორედ იგი იწვევს ასე ენერგიულად, თანაც არა საკუთარი სურვილის გარეშე, ისეთ მდგომარეობას, რომელსაც მხოლოდ უპროგრამობა შეიძლება ეწოდოს. ამ მიზანთან უფრო მისაახლოებლად იგი ვირტუოზულად იყენებს დინსტანციური მართვის ყველა შესაძლო ღილაკს.
კლიენტებისა და მომწოდებლების ამ შინაგან ალიანსს აწი, ალბათ, აღარაფერი ეშველება. გაბოროტებულ კრიტიკოსთა უმცირესობას უჭირს ამგვარი მასობრივი თანხმობის ახსნა, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის თვითგაგებას. რა მოხდება, თუკი უმრავლესობას ექნება თავისი ახსნა, თანაც ისეთი, რომელიც იოლად გამომდინარეობს იმ იდიოტობისგან, რაც მას მიეწერება? რა მოხდება, თუკი პროგრამები მართლაც აღარ იქნება აუცილებელი და თუკი თვით მედიის ცნებაც სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება და მხოლოდ მისტიფიკაციად დარჩება? ალბათ, მაინც ღირს, რომ უფრო ჩავეძიოთ ამგვარ ვარაუდებს.

მედია-მედიუმის ცნება უძველესი დროიდან მომდინარეობს; თავიდან ამაში იგულისხმებოდა რაღაც შუალედური, საშუამავლო, საშუალება; ბერძნულ გრამატიკაში ეს არის ზმნის საკუთარი გვარი, რომელიც საჭიროა “ქმედების მეშვეობით მოქმედი სუბიექტის ინტერესისა თუ მისი მონაწილეობის წინ წამოსაწევად”; შემდგომში კი, “სპირიტისტულ მსოფლმხედველობაში მედიუმი იყო ის, ვინც ხელს უწყობდა სულების ურთიერთობას ცოცხალთა სამყაროსთან” (!). ბოლოს, ფიზიკური თვალსაზრისით, მედიუმი არის ჰაერის მაგვარი გამტარი, რომლითაც შეიძლება სინათლისა თუ ბგერის ტალღების გადატანა; აქედან ეს ცნება გადავიდა საზოგადოებრივ კომუნიკაციებზე და მის ერთ-ერთ ტექნიკურ საშუალებაზე, კერძოდ კი წიგნის ბეჭდვაზე.
პროგრამის ცნებაც დაწერილობაზეა ორიენტირებული. ეს სიტყვა ხომ დასაბამიდან სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა საჩვენებლად დაწერილს, ან წინასწარ დაწერილს; “საკუთრივ საჯარო, წერილობით განცხადებას, საჯარო გამოცხადებას, ამჟამად (1895) კი – განცხადებასა თუ მოსაწვევს, რომელიც გაიცემა უნივერსიტეტებისა თუ სხვა უმაღლესი სასწავლებლების მიერ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ლაპარაკი არის ხოლმე რომელიმე პარტიის, გაზეთის, რაიმე მიზნით შექმნილი საზოგადოებისა თუ მთავრობის პროგრამაზე, რომელშიც მეტ-ნაკლებად სავალდებულო ფორმით წინასწარ ცხადდება განზრახული ქმედების ძირითადი მომენტები”.
ხოლო ის, რაც ცხადდება ხდება ტელევიზიის პროგრამაში, იკითხება შემდეგნაირად1: „Budenzauber – მხიარული წვეულება. Mini-ZiB – მინი საინფორმაციო გადაცემა ORF-ზე, Hei elei, Kuck elei. Du schon wieder – ისევ შენ და ისევ შენ (8.). Wenn abends die Heide träumt – როცა საღამოობით უდაბნო ოცნებობს. Almerisch g’suna und g’schpuit – Weltcup-Super G der Herren. Helmi. X-Large. Die Goldene Eins. Betthupferl. საწოლის თეთრეული. Bis die Falle zuschnappt. ვიდრე ხაფანგი დაიწკაპუნებდეს. Einfach tierisch. უბრალოდ მხეცური. Wetten, dass…? მოდი ნიძლავი, რომ . . . Es lebe die Liebe. გაუმარჯოს სიცოცხლეს. Ohne Krimi geht die Mimi nie ins Bett. დეტექტივის გარეშე მიმი არ დაიძინებს. Just another pretty face. Tintifax und Max. Ich will, dass du mich liebst. მინდა, გიყვარდე. Also ääährlich. Hulk )31. Musi mit Metty. Heute mit uns. დღეს ჩვენთან ერთად. Hart wie Diamant. ალმასივით მაგარი. Am, dam, des. Barbapapa. Texas Jack (12). Schau hin und gewinn. შეხედე და ისწავლე. Superflio. Sie – er – es. Liebe international. სიყვარული ინტერნაციონალურად. Hart aber herzlich. მაგარი, თუმცა გულითადი. 1 – 2- X. Wer bietet mehr? ვინ შემოგვთავაზებს მეტს?“
ახსნას აღარ საჭიროებს ის, რომ ამგვარი მოვლენები უკვე ვეღარ აღიქმება იმგვარი ანაქრონისტული ცნებების მეშვეობით, როგორიცაა “მედია”, ან “პროგრამა”. ახალ მედიაში ახალი არის ის ფაქტი, რომ იგი უკვე აღარ არის დამოკიდებული პროგრამებზე. თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას იგი ასრულებს იმ დოზით, რა დოზითაც უახლოვდება მედიის ნულოვან მდგომარეობას.
აღნიშნული ტენდენცია, როგორც ეს ამ გადასახედიდან ჩანს, უცხო არ იყო ძველი მედიებისთვისაც. არც წიგნს დაუკლია მცდელობა, გათავისუფლებულიყო სულ უფრო და უფრო მომაბეზრებელი შინაარსისგან. პირველი წარმატება ამ მძიმე გზაზე მოპოვებულ იქნა ტრივიალურ რომანში. შემდეგი მიჯნები აიღო ბულვარულმა პრესამ, “ბლოკნოტის ლიტერატურამ” და ე. წ. ილუსტრირებულმა. ხოლო ის ტრიუმფალური რეკორდი, რომელიც ბეჭდვით ინდუსტრიაში დღემდე გადაულახავი რჩება და წერა-კითხვის უცოდინართა საოცნებო ზღვარს უახლოვდება, ეკუთვნის Bild-გაზეთებს.

თუმცა გადამწყვეტი პროგრესი ამ გზაზე მაინც ელექტრონულ მედიას უკავშირდება. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ნაბეჭდი ნულოვანი მედიის შექმნის გზაზე უამრავი დაბრკოლება არსებობს. ვისაც ყოველგვარი მნიშვნელობისგან წერილობის გათავისუფლება უნდა, მან უნდა მიმართოს ექსტრემალურ ზომებს. ავანგარდის (დადა, ლეტრიზმი, ვიზუალური პოეზია) გმირულმა შემოთავაზებებმა ვერ ჰპოვეს გამოძახილი ინდუსტრიაში. ეს, ალბათ, იმის გამო მოხდა, რომ ნულოვანი კითხვის იდეა თავის თავში მოიცავს წინააღმდეგობრიობას. მკითხველს, თანაც ყოველ მკითხველს, გააჩნია ფატალური მოთხოვნილება შესაბამისობების დადგენისა და ასოთა თვით ყველაზე ამღვრეული მორევიდან რაიმე ისეთის ამოქექვისა, რაც აზრთან იქნება მიახლოებული.
შედარებით ახალგაზრდა მედიას, მაგალითად რადიოს, უნდა დასცდენოდა უფრო ნაკლები, რაც ამ კონტექსტში ნიშნავდა უფრო მეტს. დამწერლობის ემანსიპაციამ ხომ ახალი პერსპექტივები მაინც გააჩინა. თუმცა პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ რადიოში უფრო მეტად ხმამაღლა კითხულობენ. მაგრამ იქაც კი, სადაც თავისუფალი მეტყველება იკვლევდა გზას, კერძოდ საუბრებსა და და დისკუსიებში, ზოგჯერ ყოვლად უაზრო ქაქანშიც სიტყვები მაინც ახერხებდნენ რაღაც ისეთის ჩადენას, რასაც მნიშვნელობა ერქვა. როგორც ცნობილია, უაღრესად ძნელია და მოითხოვს დიდ ვარჯიშსა თუ კონცენტრაციას, რომ დიდი ხნის განმავლობაში აწარმოო აბსოლუტურად უაზრო წინადადებები, რომლებიც არანაირ ახსნას არ ემორჩილებიან. აქ თავად ენა აწარმოებს რაღაცას, მინიმალური პროგრამის მსგავსს. ამ ხელისშემშლელი ფაქტორის თავიდან ასაცილებლად უფრო ახალმა თაობებმა, რომლებიც უკვე დიდი ხანია რადიოში მუშაობენ, თანმიმდევრულად შეამცირეს სიტყვების გადაცემა. თუმცა ჯერ კიდევ შემორჩენილია რაღაცა, ბავშვურ ტიტინს რომ წააგავს: სათაყვანებელ პირთა თუ სამარკო ბრენდების სახელების გატყორცნა ეთერში გარკვეული პერიოდულობით ხომ ყველა შემთხვევაში გარდაუვალია, გაიხსენეთ ეკონომიკა.
მარტოოდენ ვიზუალურ ტექნიკას, უპირველეს ყოვლისა კი ტელევიზიას შეუძლია ენის ტვირთისგან გათავისუფლება და იმ ყველაფრის განადგურება, რასაც ერთ დროს პროგრამა, ანუ მნიშვნელობა, ანუ “შინაარსი” ერქვა. ნულოვანი მედიის ჯერ კიდევ განუჭვრეტელ შესაძლებლობათა მტკიცებულებას ერთი უბრალო ექსპერიმენტი წარმოაჩენს. დავსვათ ექვსი თვის ბავშვი ჩართულ ტელევიზორთან. ჩვილის ტვინის ფიზიოლოგიური მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მან ერთმანეთისგან განასხვავოს სურათები და მოახდინოს მათი დეკოდირება, ამიტომ არ შეიძლება დაისვას კითხვა მათი “მნიშვნელობების” შესახებ. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ეკრანზე, ეს ჭრელაჭრულა, ციმციმა ლაქები უშეცდომოდ და უწყვეტად იწვევს ბავშვის შინაგან, თუ შეიძლება ითქვას, ავხორცულ დაინტერესებას. ბავშვის აღქმის აპარატი საოცრად აღგზნებულია; ზემოქმედება – ჰიპნოზური. შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ხდება მასში, მაგრამ ჩვილის თვალები, რომლებშიც ტელევიზორის ეკრანი ირეკლება, ღებულობს ისეთ თავდავიწყებულ, გატაცებულ გამომეტყველებას, რომ ცდუნება გიპყრობს, ბედნიერიც კი უწოდო.
ალბათ, ფილანტროპს არ მოუწევს დიდხანს ბრძოლა საკუთარ თავთან იმისათვის, რომ ცდუნების ამგვარი მცდელობა ბარბაროსულ თავხედობად მონათლოს. მან არა მხოლოდ ის უნდა გაიაზროს, რომ ეს ექსპერიმენტი მილიონგზის რუტინულია და ყოველდღიურობას განეკუთვნება; თანაც ძალიან კარგს იზამდა, თუკი საკუთარ თავს იმასაც შეეკითხებოდა, თუ რამდენად ეხება მისი შეფასება იმ კულტურას, რისი ფასიც მან, ალბათ, იცის. თანამედროვე ხელოვნების პიონერთა მიღწევების გარეშე ნულოვანი მედია წარმოუდგენელი იქნებოდა. ის ფერადი ლაქები და კონფიგურაციები, რომლებმაც ასე მიიპყრეს ჩვენი ექვსი თვის ასაკის საცდელი ობიექტის მზერა, შემთხვევით აბსტრაქტულ მხატვრობას ხომ არ წააგავს? დაწყებული კანდინსკიდან action painting-ი იქნება თუ კონსტრუქტივიზმი, პოპ-არტისა თუ კომპიუტერული გრაფიკის სიღრმეები – მხატვრებმა ხომ ყველაფერი იღონეს თავიანთ ნაწარმოებთა “შინაარსისგან” გასაწმენდად. იმდენად რამდენადაც ეს მინიმალიზაცია წარმატებით გამოუვიდათ, ამიტომაც სამართლიანად ითვლებიან ნულოვანი მედიის გზამკვლევებად. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს როლი ვიდეოხელოვნებაში, რომლის საუკეთესო პროდუქციაში უკვე სრულიად შეუძლებელია რამის ამოცნობა.
ბუნებრივია, ასეთი ხელოვნების შემოქმედნი და აპოლოგეტები შორს არიან იმ აზრისგან, რომ თავი ინდუსტრიის თანამონაწილეებად მიიჩნიონ. თავიანთი სტატუსისა და ფასის განსამტკიცებლად მათ გამოიმუშავეს საკუთარი “ფილოსოფია”, რომელიც უფრო მეტად შამანურ შელოცვებს ემყარება, ვიდრე არგუმენტებს და რომლისაც ალბათ მხოლოდ თვითონ თუ სჯერათ. ეს დაგვიანებული ავანგარდი ჯიუტად მიაკუთვნებს თავს უმცირესობას და არ უნდა გააცნობიეროს, რომ მან უკვე დიდი ხანია დაიპყრო მასობრივი პუბლიკა ნულოვანი მედიის სახით.
სხვათა შორის, სრულყოფილებისადმი სწრაფვა ყოველთვის მტანჯველი და ხანგრძლივი პროცესია. ეს ეხება ტელევიზიასაც. საქმეს ისიც ართულებს, რომ ნულოვანი მედია იძულებულია, თავი დაიმკვიდროს მცირე, მაგრამ გავლენიან უმცირესობათა წინაშე, რომლებიც სულ იმას ცდილობენ, რომ როგორმე დაიცვან ისტორიული ნარჩენები თუ გამტკბარი იმედები. ერთ მხარეზე დგანან პარტიული პოლიტიკით დაინტერესებულები თუ მედია-ფუნქციონრები და თავგამოდებით ებღაუჭებიან იმ რწმენას, რომ მათ შეუძლიათ ჩაითრიონ ტელევიზია საკუთარი პოზიციების სტაბილიზაციის პროცესში; მეორე მხრივ, არ იგრძნობა იმ პედაგოგთა თუ კრიტიკულად განწყობილ თეორეტიკოსთა ნაკლებობა, რომლებიც ელექტრონულ მედიებში მუდმივად გრძნობენ იმგვარი ნაყოფიერი ძალების არსებობას, რომლებსაც მხოლოდ საშუალება უნდა მიეცეს, რომ დაიწყონ გაუთვალისწინებელი საზოგადოებრივ-სასწავლო პროცესები (ფრიად სასიხარულო ცნობაა, რომლის აწყობაც შეიძლება რომელიმე ძველი მედია-“კონსტრუქტორისგან”).
ამ წარმოდგენათა გარშემო, დროთა განმავლობაში, ჩამოყალიბდა მტრულად განწყობილ საძმოთა უაღრესად თავისებური კოალიცია, რომელთაც მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო, კერძოდ ის, რასაც პროგრამა-ილუზია შეიძლება ეწოდოს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამ ილუზიას კანონის სახეც კი აქვს მიღებული; იგი დაფიქსირებულია სახელმწიფო ხელშეკრულებებში, შეთანხმებებში, რადიოკანონებში, წესდებებსა და სამართლებრივ დირექტივებში, თანაც, როგორც ჩანს, ყოველი პასუხისმგებელი პირი დიდის ამბით იცავს მას. გადაცემები, თურმე, როგორც იქ წერია, “გამსჭვალული უნდა იყოს დემოკრატიული სულისკვეთებითა და კონსტიტუციისადმი ერთგულებით…, კულტურული პასუხისმგებლობის გრძნობით და ობიექტურობის სურვილით. მათი მუშაობა უნდა ემსახურებოდეს თავისუფლებას, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებას”, “უნდა მოუწოდებდეს მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისკენ”, “უნდა ემსახურებოდეს თავისუფალ და მშვიდობიან პირობებში გერმანიის ხელახალ გაერთიანებას და ხალხთა ურთიერთგაგებას”. სხვა რაღა გრჩება სასოწარკვეთილს, თავზე თუ არ წაივლე ხელები! შოუებისა და ფსიქო-ტრილერების, კლიპებისა და სარეკლამო რგოლების შემქმნელებმა, თურმე, არა მარტო “განათლება, სწავლება და გართობა” უნდა შესთავაზონ მაყურებელს, არამედ – “ადამიანურობა და ობიექტურობა”, “ინფორმაციული მრავალფეროვნება”, “ვრცელი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება” და, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ფართო “კულტურული ასორტიმენტი”.

 


1 –  ჩამოთვლილია გერმანიის ტელევიზიათა ცნობილი პროგრამები და მოცემულია მათი პირდაპირი თარგმანი (მთარგმნ. შენიშვნა)

 

1 2 3