ტელევიზია აშტერებს: ამ მარტივ თეზისამდე მიდის ერთხმად ამ ქვეყანაში გავრცელებული ყველა მედიათეორია და არა აქვს მნიშვნელობა, დახვეწილად ხდება ეს თუ უხეშად. როგორც წესი, დიაგნოზი ყოველთვის მწუხარე იერით ცხადდება. აქ გამოიყოფა ოთხი სხვადასხვა ვარიანტი.
მანიპულაციის თეზისის სამიზნეა ის იდეოლოგიური დატვირთვა, რომელიც მედიებს მიეწერება. ეს თეზისი მედიებში ხედავს, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური ბატონობის ინსტრუმენტს და უკვე საპატიო ასაკსაც მოითვლის; ტრადიციულად, მემარცხენეების უძველესი იარაღია, თუმცა, მემარჯვენეების მხრიდანაც სიამოვნებით გამოიყენება ხოლმე საჭიროების შემთხვევაში. იგი მთლიანად მიმართულია იმ შინაარსების წინააღმდეგ, რომლებიც სავარაუდოდ განსაზღვრავენ დიდი მედიების პროგრამებს. მის კრიტიკას საფუძვლად უდევს პროპაგანდისა და აგიტაციის შესახებ ადრეული წლებიდან გადმოყოლილი წარმოდგენები. მედია გაგებულია, როგორც რაღაც ინდეფერენტული ჭურჭელი, რომლიდანაც პასიურად ჩაფიქრებულ პუბლიკას თავზე აზრები გადმოეფრქვევა ხოლმე. კრიტიკოსის აზრით, ეს მცდარი აზრებია; მათ უნდა შექმნან ზემოქმედების ამგვარი მოდელისთვის საჭირო მცდარი ცნობიერება. იდეოლოგიური კრიტიკის დახვეწილი მეთოდები აფართოებენ “დაბრიყვების ამ კონტექსტს”, რომლის დროსაც ისინი მოწინააღმდეგეს სულ უფრო და უფრო ჩახლართული და ვერაგული ზრახვებით აიარაღებენ. პირდაპირი აგიტაციის ადგილს იჭერს ძნელად გასაშიფრი ცდუნება; ტელევიზიის უჩინარი მესვეურები ისე გადაიბირებენ ხოლმე გულუბრყვილო მომხმარებლს, რომ საბრალო ვერც კი ხვდება, რა დაემართა.
იმიტაციის თეზისი, ამის საპირისპიროდ, იძლევა მორალურ არგუმენტაციას. მისთვის მედიების მოხმარებას თან სდევს პირველ რიგში, ტრადიციებთან დაკავშირებული საფრთხეები. ვინც მას აჰყვება, მიეჩვევა თავაშვებულობას, უპასუხისმგებლობას, დანაშაულს და ძალადობას. ამის სუბიექტური შედეგი იქნება დაჩლუნგებული, გაუხეშებული და დამყაყებული ინდივიდი, ობიექტური კი – სოციალური ღირებულებების მოშლა და საყოველთაო მორალური დეგრადაცია. ერთი შეხედვითაც კი ცხადია, რომ მედიის კრიტიკის ეს ფორმა იკვებება ძირითადად ბურჟუაზიული წყაროებიდან. ის მოტივები, რომლებიც მასში კვლავ და კვლავ მეორდება, ცნობილია ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან იმ ამაო გაფრთხილებების სახით, რომლებსაც უხვად გასცემდა კულტურის მაშინდელი კრიტიკა რომანების კითხვასთან დაკავშირებულ საფრთხეთა შესახებ.
შედარებით ახალია სიმულაციის თეზისი, რომელიც შთაგონებულია ერთი შემეცნებით-თეორიული ეჭვით. ისიც მხოლოდ იმიტომაა უფრო თანამედროვე, რომ ცნობს მედიათა ტექნიკურ განვითარებას, მაშასადამე, ტელევიზიის არსებობასაც უკვე სერიოზულად აღიქვამს, რასაც ვერ ვიტყოდით მის წინამორბედებზე. ამ თეზისის თანახმად, ტელევიზია მაყურებელს ართმევს სინამდვილესა და ფიქციას შორის განსხვავების პოვნის უნარს. მაშასადამე, პირველი რეალობა შეცვალა ან ჩაანაცვლა მეორემ, მოჩვენებითმა რეალობამ. ამ თეზისის შემდგომი ვერსია, რომელიც ხანდახან პოზიტიურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, ამ დამოკიდებულებას ყირაზე აყენებს და ამტკიცებს, რომ სინამდვილესა და სიმულაციას შორის განსხვავებამ უკვე აზრი დაკარგა არსებული საზოგადოებრივი კავშირების პირობებში.
ყველა აქამდე ჩამოთვლილი თეზისი კონვერგირდება მეოთხეში, დაშტერების თეზისში, რომელიც მყარ ანთროპოლოგიურ გამონათქვამად დამკვიდრდა. თუკი მას დავუჯერებთ, მედიები უტევენ არა მარტო მომხმარებელთა კრიტიკისა თუ განსხვავებადობის უნარს, არა მარტო მათ მორალურ თუ პოლიტიკურ სუბსტანციას, არამედ მათი აღქმის უნარს და თვით ფსიქოლოგიური იდენტურობასაც კი. ამის შედეგი იქნება, თუ დასცალდათ, ახალი ადამიანის გამოყვანა, რომელიც ზომბადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და მუტანტადაც.
სინამდვილეში, ყველა ეს თეორია თითიდანაა გამოწოვილი; მათ შემოქმედთ დამამტკიცებელი საბუთების მოტანითაც არ შეუწუხებიათ თავი. მათ არ აინტერესებთ სარწმუნოობის თვით ყველაზე მინიმალური კრიტერიუმიც კი. მაგალითად, ჯერ არავის მოუხერხებია, რომ წარმოედგინა თუნდაც ერთი ისეთი “ტელევიზიის მონაწილე”, ოღონდ არა ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი, რომელიც ვერ შესძლებდა ერთმანეთისგან განესხვავებინა, საუზმეზე კინკლაობა სატელევიზიო სერიალში მოხდა თუ მის სამზარეულოში. მაგრამ სიმულაციის თეორიის ავტორებს ეს, როგორც ჩანს, ნაკლებად აინტერესებთ.
ასეთივე კურიოზული, თუმცა ალბათ უფრო მძიმე შედეგის მომტანია ზემოთ დასახელებულ თეორიათა მეორე მსგავსება. მედიამომხმარებელი ყველა მათგანში წარმოდგენილია ძირითადად უმწეო მსხვერპლის, ორგანიზატორები კი – გაქნილ დამნაშავეთა სახით. ეს ოპოზიცია ნარჩუნდება სრული სერიოზულობისა და საკმაოდ დიდი სიმყარის დაცვით: ერთმანეთის პირისპირ დგანან მანიპულატორები და მანიპულიაციის მსხვერპლნი, მომტყუებლები და მოტყუებულები, სიმულანტები და სიმულაციის ობიექტები, დამშტერებლები და დაშტერებულები და ყველანი ერთობლივად ჰქმნიან მშვენიერ სიმეტრიას.
ამ დროს უპასუხოდ რჩება ერთი კითხვა, კერძოდ, რომელ მხარეზე უნდა ვიგულისხმოთ მოცემული თეორეტიკოსი. პირველი ვარიანტია, რომ იგი საერთოდ არ სარგებლობს მედიასაშუალებებით, მაშინ მან არ იცის, რაზე ლაპარაკობს; ან ისიც მათ კლანჭებშია მოქცეული; მაშინ ისმის კითხვა, თუ რა სასწაულით დააღწია თავი მათ გავლენას. რადგან ყველა სხვა დანარჩენისგან განსხვავებით, იგი მორალურად სრულიად უვნებლადაა გადარჩენილი, სრულიად დამოუკიდებლად ასხვავებს ერთმანეთისგან ილუზიას და რეალობას და გააჩნია სრული იმუნიტეტი იმ იდიოტობის წინააღმდეგ, რასაც ასე მზრუნველად აფიქსირებს სხვებთან მიმართებაში. ან, იქნებ (და ეს იქნებოდა ამ დილემის ფატალური ახსნა), მისი თეორიები სხვა არაფერია, თუ არა ამ უნივერსალური გამოშტერების სიმპტომები?
როგორც არ უნდა იყოს, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს თეორეტიკოსები მათ ზეგავლენას მთლიანად დაუსხლტდნენ ხელიდან. შეიძლება მათზე ყოველგვარი ტრანსლაციის გავლენა შედარებით ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული, რაც, განწყობის მიხედვით, შეიძლება სამწუხაროდაც ჩაითვალოს და მადლიერებითაც აღინიშნოს, მაგრამ სადავო ნამდვილად არ არის. ამის საპირისპიროდ, მათ მადლიერი მსმენელი ჰპოვეს ე. წ. მედიაპოლიტიკაში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან რწმენა იმისა, რომ “მთელი გარესამყარო” იდიოტებით არის სავსე”, მიეკუთვნება პროფესიონალი პოლიტიკოსის ძირითად აღკაზმულობას. ეს გაუკუღმართებული შთაბეჭდილება კიდევ უფრო გვიმყარდება ხოლმე, როცა ვხედავთ, როგორ ეჭიდავებიან ამ საგნის ვეტერანები ერთმანეთსა თუ მედიაფუნქციონერებს ყოველი საეთერო წუთისთვის, და ეს – მაშინ, როცა საქმე ეხება მათი ლიმუზინების, საპატიო ყარაულის წინაშე ისტორიული გამოსვლების, ყვავილების ფონზე საკუთარი ვარცხნილობის, პირველ რიგში კი საკუთარი სამეტყველო აპარატის დემონსტრირებას. როგორი ამაღელვებელია ის გულმოდგინება, რითაც ხდება საეთერო წუთების, კამერის კუთხის, რეპორტიორისადმი მორჩილების ხარისხის, დამათრობელი აპლოდისმენტების სიხშირის რეგისტრაცია! მანიპულაციის ძველმა, კეთილმა თეზისმა მათ საბოლოოდ აუბნია თავგზა. ამით აიხსნება ის გაცხარებული შეხლა-შემოხლა სხვადასხვა “ბორდისა” თუ სამეთვალყურეო საბჭოს გარშემო და მწველი სურვილი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიპოვონ კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ინდუსტრია არც ამ მგზნებარე მისწრაფებას იზიარებს და არც ამ წყალწყალა თეორიებს. მისი მოსაზრებანი გამოირჩევა ასკეტური გულცივობით. ეს მოსაზრებანი უტრიალებს ერთი მხრივ, სიხშირეებს, არხებს, ნორმებს, კაბელებს, პარაბოლურ ანტენებსა თუ მიმართულებათა დიაგრამებს, მეორე მხრივ კი – ინვესტიციებს, ქვოტებს, სარეკლამო შემოსავლებს. ამ პერსპექტივიდან მართლაც სიახლედ შეიძლება ჩაითვალოს ახალ მედიასთან დაკავშირებული ის ფაქტი, რომ არც ერთ მის ორგანიზატორს არასდროს გასჩენია თუნდაც ერთი მოსაზრებაც კი რაიმე შინაარსთან დაკავშირებით. დაწვრილებით და გაცხარებით განიხილება მათი ქცევის ყოველი სამეურნეო, ტექნიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ასპექტი. მხოლოდ ერთი ფაქტორი არ თამაშობს არავითარ როლს ინდუსტრიის მოსაზრებებსა და სურვილებში: პროგრამა. დებატების თემა ყოველთვის არის ის, თუ ვინ იხდის და ვინ იჯიბავს ფულს, როდის, სად, როგორ და ვისი დახმარებით, მაგრამ არასდროს ის, თუ რა გადაიცემა. ასეთი მიდგომა წარმოუდგენელი იქნებოდა ადრეული მედიისთვის.

 

1 2 3