ნინო:

ნინოს დათუნიას თავი მკერდთან მიუკრავს, მეორე ხელი ნუციკოსთვის ჩაუჭიდია, დათუნიას ტანს ეძებს ნინო.

– უნდა, უნდა, უნდა! – ითხოვს ნუციკო.

– ვიპოვით, ბებო; ვიპოვით, ბებო, – ამშვიდებს ნინო და ბღუჯა-ბღუჯა დაყრილ ფერებში დათუნიას ტანს ეძებს, მერე მე მხედავს, მეკითხება:

– ახლა ვის სიზმარში ვარ?

– არ ვიცი, – ვეუბნები, – მეც დავიბენი, – ვეუბნები, – მამაჩემი დავინახე, – ვეუბნები.

– სად არის მამაშენი? – მეკითხება ნინო.

– №20 ავტობუსის გაჩერებაზე წავიდა მამა, – ვეუბნები ნინოს და

მე:

ბზზ, ბზზ, – ბუზი, – ვფიქრობ, დიომიდეს სიზმრიდან განივთებული ბუზი, – ვფიქრობ, რატომ მაინცდამაინც დიომიდეს სიზმრიდან განივთებული ბუზი? – ვფიქრობ, – იქნებ სხვა ბუზია, მაგრამ – არა, უჩვეულოდ ხმამაღლა ბზუის, ის უნდა იყოს, ჰო, ისაა და თითქოსდა, ამის დასტურადო, დიომიდე და მისი ამალა შევნიშნე, კვლავაც პირბადე აუკრავთ, პეპლების დასაჭერი ჯოხებით აღჭურვილან, ბუზზე ნადირობენ, ბუზი მიფრინავს, დიომიდე მომძახის:

– პირბადეს რატომ არ იკეთებ, ყმაწვილო?! განკარგულება გავეცი, პირბადე უნდა ვატაროთ, პირბადით გავუმკლავდეთ გადამდებ სიზმრებს! – და ბუზს მისდევს დიომიდე, პეპლების დასაჭერ ჯოხს უღერებს, ვერ მიაწვდინა, მიფრინავს ბუზი, ბუზს მიჰყვებიან დიომიდე და მისი ამალა.

 

 

 

1 2 3 4