****

საავადმყოფოს პალატაში, სადაც ნუციკოს დედამისთან ერთად ადგილი მიუჩინეს, ერთ კედელზე სასაცილო სპილო მიეხატათ, მეორეზე – სასაცილო ჟირაფი.

მსუქანმა, კეთილღიმილიანმა ექთანმა პალატაში წვეთოვანი შემოიყოლა. ნუციკოს შემჩნეული აქვს, ნუციკომ იცის, როცა ამ ქალივით უღიმიან, რაღაცას ატყუებენ და აძალებენ. ნუციკო წვეთოვანმაც შეაშინა, ატირდა ნუციკო, ნუციკოს შემცბარი დედა კი წამდაუწუმ იმეორებს: – ჩუ, ჩუ, ჩუ, – ხოლო ქალი მატყუარა ღიმილით ნუციკოს აქებს: – ყოჩაღი გოგო, ლამაზი გოგო, – და იმ სახით ეფერება ნუციკოს, ნუციკოს რომ არ უყვარს, რადგან სწორედ ასე, ამ სიტყვებითა და ასეთი ღიმილით ატყუებენ ნუციკოს.

ნუციკომ გაიბრძოლა. დედამ ხელი დაუჭირა. ნუციკოს ეწყინა, დედამ რომ ხელი დაუჭირა, მაგრამ ნუციკოს ძალა არ ჰყოფნის, ნუციკოს ახლა მხოლოდ ტირილი შეუძლია.

წვეთოვანი ჩაუდგეს, ექთანი პალატიდან გავიდა. ნუციკოს მზერას აღარ აშფოთებს უცხო, მატყუარა ქალი, მაგრამ ნუციკო მაინც სლუკუნებს – ჩუმად, უღონოდ, – თუმცა მაინც სლუკუნებს ნუციკო, გული კი უცემს, – ჩქარი, ავი ბწკენებით უცემს გული, დედაზეც ნაწყენია, მაგრამ მატყუარა ქალი ოთახში აღარაა, დედასთან კი შეჩვეული, ხილული იმედია და თანდათან დამშვიდდა ნუციკო, სიცხიან გარინდებას მიეცა.

ჩვენი ბინა ნუციკოს მაღალი სიცხით იწვოდა და როდესაც ბავშვი ნერწყვს ყლაპავდა, მე და ნინოსაც ყელი გვეფხაჭნებოდა.

მერე სიცხიანი ხილვები დაგვეწყო. მე, ნინო და ნუციკო ერთად ჩავექანეთ უღონობაში, სადაც უცნობი თუ ნაცნობი სახეები თავის ნებაზე აბორიალებულიყვნენ, ჩნდებოდნენ მაშინ, როცა ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ ისე აუხსნელად, როგორც გამოჩნდნენ. ჩვენ, სამივეს, ერთმანეთის ხილვები გადმოგვეცემოდა და ზოგჯერ ისიც ვერ გაგვეგო, ჩვენი ტვინით, ჩვენი შეგრძნებით ვის ხილვებს აღვიქვამდით ასე თვალნათლივ, ასე ხელშესახებად. ანკი, ხილვებია? იქნებ ზღვარი – სინამდვილესა და სიზმარს შორის გადებული საცალფეხო ბილიკი, სამივემ რომ გავაბიჯეთ და ეს ერთ მოგზაურობად გვექცა, სადაც წყალმცენარეებივით მძიმედ, ნებიერად აზლაზნილი ხილვები მიგვაცილებდნენ უმწეობაში ჩაძირულებს.

ნუციკოს ხილვა:

მსუქანი ქალის სახე ახლოს, სულ ახლოს:

– ყოჩაღი გოგო, ლამაზი გოგო!

მსუქანი ქალის წითელი ტუჩები ახლოს, სულ ახლოს.

– არა, არა, არა! – ტირის ნუციკო.

– ჩუ, ჩუ, ჩუ, – დედას ხელი ნუციკოს ხელზე.

ბწკენა ხელზე.

– ყოჩაღი გოგო, ლამაზი გოგო!

და მკრთალი შუქი. შორს დათუნია. ნუციკოს უნდა დათუნია, ხელს ვერ იწვდენს, დაუბეს ხელი, დათუნია კი შორდება ნუციკოს, ნუციკო ტირის, ორ ჩამოგრძელებულ სახეს ხედავს და მეტად ტირის. ერთი სახე ეუბნება:

– ნუ ტირი, ჩემი პატარა გოგო, ყელი გეტკინება!

მეორე ეუბნება:

– ნუ ტირი, ბაბუ! ნუ ტირი, ბაბუ!

და ნინო ამბობს:

– ნუთუ ასე გვხედავს? – და ნინო წუხს, – ბავშვი, ბავშვი, საბრალო ბავშვი…

და მერე ნინო:

– ბავშვი, ბავშვი, საბრალო ბავშვი! – წუხს ნინო და უკვირს ნინოს, რომ ამდენ ხალხში არავის ესმის მისი სატკივარი. მიდიმოდიან, ნინოს სიახლოვეს ტრიალებენ, ნინო მათ ხედავს, ნინო ყველას გასაგონად ხავის: – ბავშვი, ბავშვი, საბრალო ბავშვი! – მაგრამ არავის, სრულიად არავის ესმის მისი შფოთვა, ძარღვებდაჭიმული მისი ხავილი. სიყრუე მათი გაუვალი კედელია, გულგრილობა მათი აუღებელი ციხე – სიმაგრე, რასაც ნინო ფუჭად, სულ ფუჭად უშენს ხავილის ნაღმებს: – როგორ არ გესმით, რატომ არ გესმით?! გამომხედეთ, ბავშვი, ბავშვი, საბრალო ბავშვი!!! – და მერე გრძნობს ნინო, განა მხოლოდ გრძნობს, ნინო ხედავს, ნინოს ესმის, ყვავილებიდან როგორ დაიძრა სისველის სუნი. წამოდგომა უნდა, ვერ დგება, ყვავილების სისველის სუნმა შებოჭა ნინო და „შემპალი“, სიტყვა „შემპალი“ ახსენდება და ახლა იცის, რომ მის მუდარას სასტიკი ყვავილებისა და სასტიკი თაიგულების კედელი ბორკავს და მერე ტირის, თავის წიაღში ცრემლჩაღვრით ტირის და სასულეში ჩამცდარი ცრემლის სიმწარე მის გაქვავებულ სახეზე ნიშანს არ ტოვებს; თავისთვის ტირის, მხოლოდ თავისთვის, თავისთვის ხავის, მხოლოდ თავისთვის, – ბავშვი, ბავშვი, საბრალო ბავშვი! – თავისთვის წუხს, მხოლოდ თავისთვის, რადგან ყვავილების სისველის სუნმა უსაზომო სიმარტივით შებორკა ნინო.

 

 

 

1 2 3 4