/გაგრძელება/

 

სანამ საგნები ჩამოიღვენთებოდნენ, მეთორმეტე წითური ფური ვიხილე, მაგრამ მის გამოჩენამდე, ზღვიდან მონაბერმა, უჩვეულოდ ცხელმა ჰაერმა თოლიების წიაქთან ერთად მოლუსკების მჟავე სუნი მოიყოლა.

ღია ფანჯარასთან ვისხედით, ნინომ ცხვირი შეიჭმუხნა:

– ზღვას გახურებულ ქვებზე უმწეოდ დაყრილი მოლუსკები ესიზმრება. ხიფათის სუნია … – თქვა ნინომ, წამოდგა, ფანჯარა მიხურა; იქვე, ფანჯარასთან მდგარი გაყუჩდა.

გამახსენდა სიტყვა „ხიფათი“. თოლიების ხმა მოხურული ფანჯრიდანაც აღწევდა და მათ გუნდურ გნიასშიც ისმოდა ხიფათი.

ნინომ გამომხედა:

– ნუციკო მოღანთულია, არ გეჩვენება?

– ჰო, – დავეთანხმე, – ბავშვი აშკარად უხასიათოდაა.

– ზღვაც აშკარად უხასიათოდაა, – თქვა ნინომ, – იქ რაღაც ხდება; წამოდი, ზღვა ვნახოთ.

წავედით. ცხელოდა. მოლუსკებისა და სიმლაშის სუნი სიცხისგან შედუღაბებულიყო, ჰაერს ამძიმებდა, სუნთქვა ჭირდა და ბევრ თანაქალაქელს პირბადე აეკრა.

ბულვარს რომ მივუახლოვდით, მძაფრმა სუნმა ოდესღაც თავსგადახდენილის, სხვა სივრცეში გამოტარებულის შეგრძნება მომახელთებინა და მივიწყებული სიტყვა გამახსენა:

– იქ, ოდესღაც, შმორის სუნი არსებობდა, გახსოვს? – ვკითხე ნინოს.

პასუხი არ გაუცია, ზღვას უცქერდა.

ზღვის თავზე, სანაპიროსთან ახლოს თოლიები ფრენაში დროდადრო ერთმანეთს მჭახე ხმაურით ეხლებოდნენ. თოლიები სანაპიროსაც შესეოდნენ და ქვებზე მიდამოყრილ მოლუსკებს ხარბად კენკავდნენ. მზე არსად ჩანდა, მაგრამ ყველგან იყო და რჩებოდა შეგრძნება, რომ ცაც მზედ იქცა, მცხუნვარე მზედ, რომელიც ზღვიდან გამორიყულ წებოვან მედუზებს მწველი სიმხურვალით ალღობდა, ქვებზე უფორმო, გადღაბნილ ლაქებად აგლისავდა. ზღვიდან ცხელი, მლაშე ჰაერი მოდიოდა, ზღვა მზისგან წუხდა, ზღვა მუქი იყო, თეთრ ქაფად დუჟმომდგარი სანაპიროს ეხეთქებოდა, მოლუსკებსა და მედუზებს ანთხევდა, ზღვა გულს ირევდა, აზიდებდა, ხოლო ზღვის თავზე მფრინავი თოლიები სანაპიროზე შერეულ სხვა თოლიებს თავს აცხრებოდნენ, გამორიყულ მოლუსკებს ეცილებოდნენ.

ნინო ამ სურთს მონუსხული შესცქეროდა, ჩემკენ არ გამოუხედავს, ჩაილაპარაკა;

– იქ, ოდესღაც, ხრწნის სუნიც არსებობდა.

თვალწინ გამიკრთა სულის შეგუბვა ჩემი, უშეღავათო სივიწროვე, სადაც უსუსური და ეული ვიყავ, თვალწინ გამიკრთნენ მრუმე ღამის თეთრი მატლები, ჩემს სახეზე მოცმაცუნე ჭიაღუის სიცხადითა და სიახლოვით პირკატა მეცა, ამ ხილვამ კვლავ სული შემიგუბა, თვალი ამიჭრელა და როდესაც ცხელი, მოჟამული ჰაერი ფილტვებში როგორღაც ისევ ჩავიცდინე, ზღვას მზერა მოვარიდე, ფიჭვნარისაკენ გავიხედე.

ჩვენგან ათიოდე ნაბიჯზე, მაღალ ფიჭვთან წითური ფური იდგა. მივაცქერდი, სიზმრად ნანახ ფურს ჰგავდა, თითქოს სიზმარი გამიგრძელდაო, მაშინდელივით შევუძახე:

– შენ ხარ ის ფური?

გამომხედა.

– აბზინდა გქვია?

ფურმა ზურგი მაქცია, ზანტად გამერიდა. თვალი გავაყოლე, ნინოს მივუბრუნდი:

– ბაბუაწვერამ სიმართლე თქვა, – ვუთხარი ნინოს, – მეთორმეტე წითური ფურის გამოჩენამ ცა მზედ აქცია, ზღვას გულზიდვა მოჰგვარა, თოლიები გააშმაგა, მე და შენ კი მივიწყებული სიტყვები გაგვახსენა.

– სიცოცხლე, – თქვა ნინომ, – ეს სიტყვაც იყო იქ, ოდესღაც.

– ჰო, მახსოვს; ამ სიტყვასთან ერთად სხვა სიტყვაც იყო, – ვთქვი მე, – შიში. სიტყვა „სიცოცხლესთან“ ერთად იყო „შიში“; იყო სხვა სიტყვაც, რაც „შიშზე“ მაღლა იდგა. იქნებ ორ სამყაროს შორის კავშირში უნდა ვეძიო სიტყვა, რასაც ვერ ვიხსენებ? – ვკითხე ნინოს.

მხრები აიჩეჩა, ჩაფიქრდა, მერე მითხრა:

– ორ სამყაროს შორის სიზმარია. ჩვენ სიზმრად ვართ, ვიღაცას ვესიზმრებით.

– ვესიზმრებით თუ გვესიზმრება? – ვკითხე ისევ.

– ეგ არ ვიცი, – თქვა ნინომ, მოწყლიანებული თვალებით გამომხედა და მერე თქვა, – დავიბენი…

ნინოს გასამხნევებლად გაღიმებას შევეცადე, ვერ მომიხერხდა, ამიტომაც პირი მოვარიდე, ფურისაკენ გავიხედე. მიბაკუნობდა აუჩქარებლად, ერთ სწორ ხაზზე, გეგონება, ორ სამყაროს შორის გადებულ საცალფეხო ბილიკზე შემდგარაო.

ბულვარისაკენ მომავალი დიომიდე და მისი ამალა დავინახე.ჩოხოსნებსაც თეთრი პირბადე ეკეთათ.

– სასულე ორკესტრის კაკაფონია პირბადემ ჩაანაცვლა; შინ დავბრუნდეთ, – ვუთხარი ნინოს.

ფიჭვნარშიც კი ცხელოდა და შინისაკენ მიმავალმა შევნიშნე, რომ ფიჭვებს წიწვები შესწითლებოდათ.

ნუციკოს თვალებშიც სიცხე დაგვიხვდა.

ბინაში რომ გაგვიწვიმდა, ნივთები და საგნები მზისგან გამლღვალი მედუზებივით ჩამოიღვენთნენ. წვიმამ გადაიღო, ნუციკომ მიიძინა, მაგრამ ჩვენი ბინის კედლები, ავეჯი, ჯამ-ჭურჭელი წამდაუწუმ იცვლიდა ფორმას და როდესაც სახეცვლილი კარადის ჩამომდნარმა სარკემ ჩემი და ნინოს გამოსახულება აირეკლა, მივხვდი, ნუციკო თავის სიზმარში სწორედ ამგვარად გვხედავდა – ბებრებად, სახემორღვეულებად, უცხოებად, შემზარავებად…

 

 

 

1 2 3 4