თინიკო რომ გაისტუმრა, წრიპამ გვითხრა:

– ეს მსახიობი ჩემი აღმოჩენაა! ბრწყინვალედ ცეკვავს, მალე პრემიერა მექნება, იქ დატკბებით…

ხასიათი სამივეს გამოგვიკეთდა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, შინისაკენ იმ განწყობით გავეშურეთ, რომ ჩვენ-ჩვენი შვილთაშვილებისათვის ხალისიან, კეთილ სიზმრებს დავისიზმრებდით.

ნინომ ღირსახსოვარი ამბავი მამცნო. ჩემს არყოფნაში ნუციკოს პირველად მოუთხოვია ღამის ქოთანი.

– ჩემი ჭკვიანი გოგო! ყოჩაღ, ბაბუ, ყოჩაღ! – შევაქე ნუციკო.

ნუციკო დათუნიათი ერთობოდა, ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია.

იმ ღამით უწინდელზე უცნაური სიზმარი ვნახე: ვერცხლისფერი მთვარე ქალაქის თავზე, ვარსკვლავი – არსად, მხოლოდ მთვარე – ძალიან ახლოს, მშფოთვარედ დიდი. ღამის ქალაქში ჩამქრალი ფანრები და უცხო ქუჩა, სადაც მივდივარ, მივაბიჯებ და არ ვიცი, სად მივდივარ; მზერით დავეძებ ნაცნობ ადგილს, რაღაც ისეთს, – გზას რომ გამაგნებინებს და თანაც, ძილში ვფიქრობ, – „ნუციკო, ბაბუ, არ შემიშინდე, ნუ შეშფოთდები, გზას გავიგნებ, ბაბუ!“ – და მივდივარ, უშველებელი მთვარიდან ვერცხლისფერი შუქი იღვრება, ქუჩას იდუმალ საბურველში ხვევს, თითქოს მეცნობა, არც მეცნობა აქაურობა; აი, ამ სახლის შემდეგ სკვერი უნდა იყოს, – ვფიქრობ, მაგრამ სკვერი არ არის, სახლის შემდეგ ისევ სახლია და რადგანაც სახლის შემდეგ ისევ სახლია, ესე იგი, სადაც მეგონა, იქ არ ვყოფილვარ, თუმცა – „ბაბუ, არ შემიშინდე, გავიგნებ გზას, იძინე ტკბილად; ახლა, აი, სულ მალე სახალისო რამეს დავისიზმრებ, ბაბუ, არ შემიშინდე!“ – და მივდივარ, მერე კი ხმა, შორეული ხმა – ზანზალაკები. შევჩერდი, მივაყურადე. ქუჩის ორივე მხრიდან გამოჩნდნენ- აინესას ფერმის საქონელს აინესა მოუძღოდა, იანესას ფერმის საქონელს – იანესა. „ძროხები, ბაბუ“, – ძილში ვამშვიდებ ნუციკოს, – „შენ ხომ ჭკვიანი გოგო მყავხარ, ნახატებიან წიგნს რომ გადაგიშლიან, თითს ადებ ნახატს, ამბობ – ძოხაო; ძროხები კეთილები არიან, ბაბუ, არ შემიშინდე, გენაცვალე!“ ზანზალაკების ხმა უფრო მკვეთრად, – და დაახლოვდნენ, შემდეგ შეჩერდნენ. ზანზალაკების ხმა მიწყდა, აინესა და იანესა ერთმანეთს მიაცქერდნენ, ერთხანს მდუმარედ იდგნენ, მერე აინესამ იანესას მიაზმუილა:

– მუუუ – ჩემი ზანზალაკი ასე წკარუნობს, მუუ-აი! – აინესამ კისერი შეარხია, თავისი ზანზალაკი გაახმიანა.

– მუუ – ჩემი, მუუ – ასე! – იანესამაც შეარხია კისერი.

„ხომ შეგპირდი, კეთილ სიზმარს დავისიზმრებ – მეთქი, ბაბუ! აი, ძროხები ალაპარაკდნენ, ამაზე სასაცილო რა უნდა იყოს, ბაბუ!“ – ძილში მივმართავ ნუციკოს და თანაც უცხო ქუჩაში ვდგავარ; არ მეცინება, არა, არა, სრულებითაც არ მეცინება, ვერცხლისფერი მთვარიდან ვერცხლისფერი ბურუსი მოდის – ქუჩა, სახლები, მე და ორი ფერმის თერთმეტი სული საქონელი ამ მთვარის ქვეშ ვართ.

– მუუ – აინესას მუუ -უკეთესია! – დაიზმუილა აინესას ფერმის წარმომადგენელმა – აჟინდამ.

– მუუ – იანესას მუუ – უკეთესია! – იანესას ფროსიე გამოექომაგა.

– მუუ – არა, მუუ – აინესას! – განაგრძო კუკამ.

– მუუ – იანესას! – უცაკუნემ.

დუგანამ და ბაციკუნამ ერთად დაიზმუილეს:

– მუუ – აინესას, მუუ – აინესას!

– მუუ – იანესას! – ფროლვამ.

– მუუ – აინესას! – იფოფინემ.

– მუუ – უკეთესი მუუ – ჩემია! – კისერი შეარხია ათქვირინემ და თავისი ზანზალაკი გააწკარუნა.

მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა; მერე, თითქოს ერთ დაძახილზეო, ორივე ფერმის საქონელი ათქვირინეს გარს შემოერტყა, მიაცქერდნენ მდუმარედ, რაღაცის მოლოდინით, იქნებ ნიშნისმოგებითაც. ათქვირინეს შერცხვა, კისერი მთვარისკენ აზიდა, ერთხანს უცქირა და მოულოდნელად აიწია, აიწია, მეტად და მეტად აიწია, წყვილ-წყვილად შეათამაშა ფეხები, ჩლიქები ერთმანეთს შემოსცხო, თავისი ზანზალაკი გააწკარუნა და წკარუნ-წკარუნით გაფრინდა მთვარისკენ.

ახლა კისერი იანესამ აზიდა, გაფრენილ ათქვირინეს თვალი გააყოლა, მიაზმუილა – მუუ-მეცო! – და – ისიც აიწია, აფრინდა, ათქვირინეს კვალში მიჰყვა. მერე მონაცვლეობით ისმოდა: – მუუ -მეც! მუუ-მეც! –  და ძროხები ერთი-მეორეს მიყოლებით, ზანზალაკების წკარუნით მთვარისკენ გაფრინდნენ. ვერცხლისფერმა მთვარემ ორივე ფერმის საქონელი მიიღო, თავის ვერცხლისფერ წიაღში შეისრუტა, შეინივთა და თანდათან გაწითლდა.

ქალაქს უშველებელი წითელი მთვარე თავს დაადგა. უცხო ქუჩაზე ვიდექი, განვიცდიდი, რომ ნუციკოსთვის არც ისე სახალისო სიზმარი დავისიზმრე და ამას ისე მძაფრად განვიცდიდი, გამეღვიძა. ნინოს შფოთიან მზერას ისევ წავაწყდი.

– რაღაც აბურდულ-დაბურდული სიზმარი ვნახე, – თქვა ნინომ.

– რა დაგესიზმრა? – ვკითხე ნინოს.

– რომ აღარ მახსოვს, – ჩაილაპარაკა ჩემმა ცოლმა და ჩაფიქრდა; დაბნეული ჩანდა, სიზმრის გახსენებას ლამობდა, თვალებს მალი-მალ აფახულებდა.

როგორც აღმოჩნდა, იმ ღამით ქალაქის უკლებლივ ყველა ბინადარმა შფოთიანი სიზმარი ნახა, – ვიღაცებს ახსოვდათ თავისი სიზმარი, ბევრს არც ახსოვდა, მაგრამ იმ ღამემ ჩვენში რაღაც შეცვალა, – უწინდელი სილაღე თითქოს დაგვიმძიმდა, ჩაფიქრებულები თუ დაბნეულები გავხდით და ქალაქის მერმა, მეშვიდე თაობის ქუჩელმა, ღრმადპატივცემულმა ბატონმა დიომიდემ გადაწყვიტა, რომ უწინდელი სილაღის დასაბრუნებლად, ჩვენს გასამხნევებლად, სასულე ორკესტრს ქალაქის ქუჩებში განუწყვეტელი კონცერტები გაემართა.

 

 

1 2 3 4 5