ლილინოს  ხელი ჩაეჭიდა ნციკოსთვის, ნუციკო ფეხის წვერებზე შედგომას ლამობდა და სხვა ბავშვის ბურთისკენ თითს იშვერდა:

  • უნდა, უნდა უნდაა! – ითხოვდა ნუციკო.
  • კაპარჩხანა ეს, თავისი ბურთი ხომ აქვს, – შევწუხდი მე.
  • ბავშვია, – გაეღიმა ჩალხიას.

დედამ ნუციკოს თავის ბურთი მიუგორა. ნუციკომ ბურთს ფეხი გაკრა და გაიცინა; ნუციკოს ამხიარულებს, როცა მიწაზე ბურთი მიგორავს. ლილინომ ნუციკო ჩაკოცნა და ბაღის კიდისკენ გაეშურა.

ჩალხია წამოდგა:

  • კარგად ბრძანდებოდე, ბატონიშვილო, ლილინოს გავყვები, –  გამომემშვიდობა ჩალხია და ისიც წავიდა.
  • კარგად, ბატონო ჩალხია, – მივადევნე ვეტერართა კლუბის წევრს და მის ნათქვამზე ჩავფიქრდი. ბაბუაწვერა ჩვენი ქალაქის ბინადარს ნამდვილად არ ჰგავდა. საიდან გამოჩნდა? რა უნდა? რატომ გვაშფოთებს?

და დავინახე – მოშორებით იდგა. ბაბუაწვერამ საჩვენებელი თითი გაილოკა. მაღლა შემართა, ასე გაისუსა. ჩემს თავზე გული მომივიდა, რატომ ვერიდები, მივალ და პირდაპირ ვკითხავ, რას გვაფორიაქებს, რას გვემუქრება – მეთქი. წამოვდექი, მისკენ ნაბიჯიც გადავდგი, მაგრამ უეცრად ნუციკოს ტირილი შემომესმა. ბავშვი მიწაზე დაცემულიყო, თავზე შეშფოთებული დედა ადგა. დედამ ხელში აიყვანა ნუციკო, მის დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ ნუციკო არ მშვიდდებოდა და გამუდმებით იმეორებდა:

  • ვავაა, ფუა – ვავაა!

ისევ ცისფერი წარღვნა ჩვენს ბინაში! – ვიფიქრე მე. რა გაეწყობა, ნინოს უნდა მივეხმარო და შევბარგდი ნუციკოს თვალებში. ნინო სველ ტილოს სათლში წურავდა.

  • რა მოხდა? – ვკითხე.
  • ისეთი არაფერი, ბურთს გაეკიდა და წაიქცა, – მომიგო ნინომ, – მეორე ტილოც გამოიტანე, ჭერიდან მაგრად ასხამს, – მითხრა შემდეგ.

აჰა, დაიწყო მითითებები, – ის გამოიტანე, ეს გამოიტანე და თან, სიმშვიდეს რომ ინარჩუნებს! შეძლებისდაგვარად მივეხმარე, ცოლია მაინც… რაც მთავარია, ამჯერად გადავურჩი წელკავს. მერე ღვარცოფი შეწყდა. ნუციკოს თვალებიდან გავხედე ადგილს, სადაც ბაბუაწვერა შენიშნე. ბაბუაწვერა აღარსად ჩანდა.

  • ასეთ პატარა ბავშვს გამუდმებული ყურადღება სჭირდება, – ვთქვი მე.
  • ძალიან ყურადღებიანი დედაა, ბავშვი წაიქცევა ხოლმე, ისეთი არაფერი მომხდარა, – თქვა ნინომ.

რომ არ შემეწინააღმდეგოს, არ შეუძლია. ვიტყვი ასე, ის კი საპირისპიროს მომიგებს. სხვაგვარად არ შეუძლია და რას გახდები?

დედამ ნუციკო შინ აიყვანა, დასაძინებლად გაამზადა.

ნუციკო თეთრ ფარდას მიაცქერდა. ღია ფანჯრიდან დაძრული მსუბუქი სიო  ფარდას არხევდა. ნუციკოს აშინებს, როცა სიო ფარდას არხევს. ბავშვი დედამისს მიეტმასნა.

  • ჩუ, ჩუ, ჩუ, – დაამშვიდა დედამ ნუციკო.

სიომ ფარდა ისევ შეარხია, ნუციკო დედას ეკვრის, ცალი თვალი კი ფარდისკენ მიურბის.

ბაბუაწვერა გამახსენდა. ნამდვილად წინასწარ იგრძნო, სიო რომ დაუბერავდა – მეთქი,  – ვიფიქრე.

  • ჩუ, ჩუ, ჩუ, – დროდადრო ისმის ნუციკოს დედის მშვიდად მომთენთავი ხმა.
  • ჩვენც ხომ არ დაგვეძინა? – გამოვხედე ნინოს.

ნინო საწოლზე იწვა, უკვე ეძინა.

ნინოს გვერდით წამოვწექი. ნუციკოს დედის ხმა ჩამესმოდა და ეს დედაჩემს მახსენებდა – მის სითბოს, მის ხელს ჩემს სხეულზე, მისი ხმის სათნო მელოდიკას. თვალები მიმელულა.

უცნაური სიზმარი ვნახე: გავარვარებული მზის წითელი დისკო აყვავებული აბზინდას მოყვითალო – მონაცრისფრო ველს მოწითალო მტვრის ფარდად ეფინებოდა. ველზე წითური ფური იდგა, მწარე აბზინდას ცოხნიდა.

– ეგ ხომ მწარეა! – შევუძახე ფურს.

გამომხედა, ცოხნა განაგრძო.

ისევ შევუძახე:

– შენ ხარ ის ფური?!

აღარ გამოუხედავს.

– აბზინდა გქვია?

ფური აბზინდას ცოხნიდა, პირი კი მე მიმწარდებოდა და ამას ძილში განვიცდიდი; ძილში განვიცდიდი იმასაც, რომ ჩემი სიზმრის ანარეკლი ნუციკოს გადაეცემოდა და ბავშვს ძილს დაუფრთხობდა. გამომეღვიძა. ნინოს დამფრთხალი მზერა შემომეფეთა.

– ძილში აბზინდას ახსენებდი, რა დაგემართა?! – მკითხა ცოლმა.

წამოვდექი, წყალი მოვსვი, ნინოს გამოვხედე:

– ახლა ვიცი, მეთორმეტე წითურ ფურს აბზინდა ჰქვია, – ვუთხარი ნინოს.

– რომელი წითური ფური? რას ბოდავ, არაფერი მესმის!

ბაბუაწვერასთან შეხვედრის ამბავი მოვუყევი. ნინო ჩაფიქრდა, მერე მითხრა:

– ხომ იცი, ჩვენი შფოთიანი სიზმრები ბავშვს ძილს უფრთხობს. შეეცადე, რამე ხალისიანი დაისიზმრო; კარგზე იფიქრე, მხოლოდ კარგზე!

სათქმელად იოლია, განა მე არ მინდა, ნუციკო ხალისიან სიზმრებს ხედავდეს?

ნუციკოს ეძინა. როგორც ჩანს, სიზმარი დროულად შევიწყვიტე.

– გავისეირნებ, გულიდან ჯავრს გადავიყრი, – ვუთხარი ნინოს.

– დაიმახსოვრე, მხოლოდ კარგზე იფიქრე! – მომაძახა ნინომ.

ისევ მითითებები…

საღამოვდებოდა. გზისპირზე ჩარიგებული ფანრები უკვე აენთოთ, იქიდან მყუდრო შუქი იღვრებოდა. ფიჭვნარში შევაბიჯე, გავისეირნე, სკამზე ჩამომსხდარი სუქო და წრიპა შევნიშნე, მეც ჩამოვჯექი.

– ბაბუაწვერა დამესიზმრა, – თქვა შეფიქრიანებულმა წრიპამ, – ნიკას ძილი არ დავუფრთხო – მეთქი, ბავშვს გამოვერიდე… ავი სიზმარი იყო, ბაბუაწვერა მუშტს მიღერებდა, რა უნდა ჩემგან?

– მეც გამოვერიდე სოფის, – თქვა სუქომ, – დამესიზმრა, ბაბუაწვერების ველზე ვიყავი და გავარვარებული მზე თავზე მადგა.რაღაცნაირი მზე იყო, მოწამლული თითქოს…

– მე აბზინდას ველი დამესიზმრა. წითური ფური მწარე აბზინდას ძოვდა, პირი კი მე მიმწარდებოდა. აბზინდა გქვია-მეთქი? – ვკითხე. არ მიპასუხა, მაგრამ უეჭველად აბზინდა უნდა ერქვას.

დავდუმდით, ჩვენ-ჩვენ საფიქრალს მივეცით თავი, მოგვიანებით წრიპამ მკითხა:

– პირუტყვი როგორ გიპასუხებდა?

– სიზმარში საქონელიც შეიძლება ამეტყველდეს, – მივუგე მე.

– ააა, ჰოო, ალბათ… – დაბნეულად ჩაილაპარაკა წრიპამ, – რა უცნაურია, სამივემ რომ ცუდი სიზმარი ვნახეთ, რამე ისეთი დაგვსიზმრებოდა, – კეთილი, სასიამოვნო…

– ბავშვებს მხოლოდ კეთილი სიზმრები უნდა ესიზმრებოდეთ, გეთანხმები! – განაცხადა სუქომ, – მოდით, კეთილი სიზმარი დავისიზმროთ! – თქვა შემდეგ.

– რანაირად? – ჰკითხა წრიპამ.

– არ ვიცი, – თქვა სუქომ, – ვიფიქროთ კარგზე…

– ჩემმა ცოლმაც ეგ მირჩია, – ვთქვი მე.

ერთროულად და მიზანმიმართულად შევუდექით ფიქრს კარგზე, მხოლოდ კარგზე, ყოველგვარი ავი წინასწარმეტყველების, მოწამლული მზისა და მუშტმოღერებული ბაბუაწვერას გარეშე, – ფიქრს მხოლოდ კარგზე და, აი, შაშვმა საღამოსპირული გალობა გააბა და გავყევი მის გალობას და გულიც დამიამდა, სმენაც და თვალიც. ვხედავ, ჩალხია მოაბიჯებს:

– საღამო მშვიდობისა, ბატონო ჩალხია!

– საღამო მშვიდობისა, ბატონიშვილო! – მიღიმის ჩალხია.

ჩალხიას კეთილი ღიმილი აქვს, ცოტა სევდიანი და იქნებ იმიტომაც, რომ ცოტა სევდიანი, ასე კეთილი.

– რა ხდებოდა ვეტერანთა კლუბში, მოიგეთ თუ წააგეთ?

ისევ იღიმის:

– მოგება და წაგება ძმები არიან, ბატონიშვილო! – მითხრა ჩალხიამ, თავი დამიქნია და ჩაიარა.

მართალია ეს კაცი, – მოგება და წაგება ძმები არიან, ამიტომაც არ ღირს შფოთვა და ნერვების ცვეთა; ვიფიქროთ კარგზე, მხოლოდ კარგზე; აი, მაგალითად, რა სასიამოვნოა, როცა კუკურა და პუწკი ახალდაქორწინებულებივით მოსეირნობენ. პუწკის ხელმკლავი გამოუდია კუკურასთვის, ისე უხდებიან ერთმანეთს, როგორც ფქვილისა და ყველის მხურვალე თანხვედრა ხაჭაპურში.

– საღამო მშვიდობისა, კუკურა! საღამო მშვიდობისა, პუწკი!

– საღამო მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა! – ორივე იღიმის და მიდიან, მისეირნობენ, შაშვი კი გალობს, გალობს შაშვი საღამოსპირულს, ჩვენი ქალაქის თავზე ბინდი პირველ ვარსკვლავებს აჩენს, გზისპირზე ჩარიგებული მაგნოლიების მსუყე ფოთლებს ფანრების შუქი ეფინება ისე ფაქიზად, ისე მყუდროდ, რომ თვალს ვერ მოწყვეტ, ზღვიდან კი სიომ დაუბერა, ზღვის სუნი მოიყოლა ჩვენს ფიჭვნარში.

წრიპამ თინიკო შენიშნა, ფეხზე წამოიჭრა, შეეგება, ხელზე ეამბორა. თინიკო წრიპას დასის წევრია. წერწეტა თინიკო კარგად ცეკვავს და წრიპას სამადლობელ სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებს.

– საღამო მშვიდობისა, თინიკო!

– საღამო მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა! – გვიღიმის თინიკო. წრიპა და თინიკო საუბრობენ. სუქო ჩემკენ გადმოიხარა:

– ქალაქს უხდება ლამაზი ქალი, – მითხრა სუქომ, – სად ცხოვრობს?

– აქვე, შორიახლოს, კესანეს თვალებში, – მივუგე სუქოს.

– აჰ, კესანეს თვალებში? – თქვა სუქომ, – მაშინ რა გასაკვირია, ასე ლამაზი რომ არის…

ჩვენს მშვიდ ქალაქს მართლაც უხდება ლამაზი ქალი, ჩვენს მშვიდ ქალაქს ყველაფერი კარგი უხდება, შაშვი კი გალობს, გალობს შაშვი საღამოსპირულს და ჰა, კარგად ვარ, უკეთილეს სიზმრებთანაც მოვნათესავდი, რათა ნუციკომ უკეთილესი სიზმრები ნახოს.

 

 

 

 

1 2 3 4 5