უცნაური თვისება აქვს მაგიდას, მიუჯდები, დაიწყებ ფიქრს და რაც კარგი გეჩვენებოდა, თვალსა და ხელსშუა უფერულდება. სუფთა ფურცელზე დავწერე – „პოსტმოდერნი“, იქნებ ასე უფრო გამახსენდეს – მეთქი, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. ცარიელი სიტყვა იყო, არაფრისმომცემი, გამოშიგნული, ფუტურო. სიტყვა გადავშალე და დავწერე – „გმადლობ!“ ჩავფიქრდი. გასაგებია, რომ სამადლობელ ტექსტს სჭირდება  „გმადლობ“, თუმცა, უმთავრესი უნდა იყოს, თუ რისთვის – „გმადლობ!“ან, იქნებ, სწორედ სამადლობელ ტექსტს არ სჭირდება სიტყვა „გმადლობ“? იქნებ ეს უფრო ისეთი იყოს – მოულოდნელი და პოსტმოდერნისტული… ისევ „პოსტმოდერნი“? რას გადამეკიდა, რატომ ამეკვიატა? დავივიწყოთ „პოსტმოდერნი“, არსს ჩავუღრმავდეთ, – რისთვის გმადლობ? ორ სამყაროს შორის კავშირისთვის, ნუციკოს თვალებიდან რომ მებოძა. და დავწერე: „გმადლობ  – შენ, გმადლობ, ამ კავშირისთვის“. დაწერილს ჩავაცქერდი, ძალიან პირდაპირი ტექსტი მომეჩვენა. გადავშალე და ზუსტი მელოდიკის მოძიებას უფრო შორიდან შევეცადე: „იქ, ოდესღაც, სადაც დედაჩემი მანანავებდა, ვგრძნობდი შენს მადლს, ვგრძნობდი წყალობას და როცა ზღვაში მშვიდ ტალღებზე მივირწეოდი, ვიფიქრე – დედა.“ ჩავაცქერდი. არა, არც ეს მომწონს, გაპრანჭულია თითქოს, ამას ისევ ფიჭვნარში წვეული წინადადება მირჩევნია: „უფ, რა კარგია ჩვენთან, ზღვის პირას! უფ, რა კარგია ჩვენი ბულვარი! თუმცა, არც ის მომწონს, არც – ეს. გადავშალე.

ძალიან რთული საქმეა წერა. მოდერნი, პოსტმოდერნი, პოსტპოსტმოდერნი, – ნეტა რას უნდა ნიშნავდეს პოსტმოდერნი? რაღაც ხერხია ალბათ, ლიტერატურული ამოცანის გასაღები. ლიტერატურული ამოცანა რაღა ჯანდაბაა? საიდან მახსოვს, ან რატომ მახსოვს ეს სიტყვები? არ ვიცი; ვიცი, რომ დავიღალე; ვიცი, რომ სამადლობელ ტექსტს ისევ ვერაფერი შევმატე; ვიცი, რომ ნინო მენატრება, რატომ არ მოდის? შემოვიდეს, რა! მაგრამ, არ მოდის. ბაბუაწვერა ხომ არ აღვწერო? თუმცა, სამადლობელ ტექსტთან რა შუაშია ბაბუაწვერა? არა, არა, ურთულესი რამაა წერა, მაგრამ წერის გარეშეც რომ არ შემიძლია.

ნინო არა და არ მოდის.

მაგასაც ვნახავ, როდემდე არ მოვა. შემოდი, რა, შემოაბიჯე, რას შემატოვე ამ მაგიდას, გავითანგე და გავბეზრდი, მომენატრე, შემოდი, ნუციკოზე ვილაპარაკოთ! რომ არ მოდის! დავუძახო? არა, დაძახება არ შეიძლება, ჩემს საქმეს იდუმალების ხიბლი ჩამოშორდება; ნინოს მოხმობა ფარ – ხმალის დაყრას დაემსგავსება. არავითარი დაძახება, ვიქნები ჩემთვის, მარტო; ვნახოთ, სანამდე მიმატოვებს!

ნინო არ მოდის, მტანჯველად დიდხანს არ მოდის ნინო. რას ნიშნავს დიდხანს? ნინო რომ არ მოდის და ნინოს გარეშე ვიტანჯები, ამას ნიშნავს „მტანჯველად დიდხანს“.

წამოვდექი, ოთახში ავბორიალდი, ბოლთას ვცემ იქიდან აქეთ, აქედან – იქით, დავბორიალობ, ის კი არ მოდის. არ მოდის და ნუ მოდის, ვიბორიალებ ჩემთვის, ეულად და ვიქნები ასე ეულად, ჩემთვის  და… ნაბიჯების ხმა შემომესმა. სასწრაფოდ მივუჯექი მაგიდას, იდაყვი დავაყრდნე, ნიკაპი მუჭზე შემოვიდე, ვითომ ვმუშაობ, ჰო, ვფიქრობ, ფიქრში ვარ კაცი.

კარი შემოაღო.

  • ნუციკო სასეირნოდ მიყავთ, წამოხვალ? – მკითხა ნინომ.

მძიმედ გავხედე:

  • ააა, ჰო, – ვთქვი მე და თანაც ისე ვთქვი, ვითომ საქმე არ მეთმობა, მაგრამ ნუციკოს ხათრით მსხვერპლზე მივდივარ. ძალაუნებურად გაცუღლუტდები, როცა ასე გულით გწადია, შენს საქმეს იდუმალების ხიბლი ახლდეს.
  • ნინო, – მივმართე ცოლს, – იქნებ გასოვს, რას ნიშნავს პოსტმოდერნი?

ნინომ მხრები აიჩეჩა, ოთახიდან გავიდა.

წამოვდექი, ნუციკოს ხმა შემომესმა:

  • უნდა, უნდა უნდაა!

ნუციკო ჯერჯერობით არ ამბობს – „მინდა“ -ს, ნუციკო ამბობს, ნუციკოს უნდაო. რა უნდა ნუციკოს? ბურთი სდომებია. ნუციკოს მოსწონს, როცა ნუციკო ბურთს დასდევს ხოლმე და ნუციკოს სასაცილო დათუნიაზე ეცინება.

ნუციკოს დედამ ბურთიც გაიყოლა და დათუნიაც, ბაღისაკენ დავიძარით.

  • დედამისს ბავშვი საქანელებზე მიჰყავს, ბურთი და დათუნია რა შუაშია, – ვკითხე ნინოს.
  • ნუციკოს ასე უნდა, შენ არ გესმის, – თქვა ნინომ.

მე არ მესმის თურმე… კარგი, არ ღირს წვრილმანებზე გამოდევნება, ხასიათი გამიფუჭდება.

ბაღში ლილინო შევნიშნე. ლილინო ნუციკოზე უფროსია, მაგრამ მასთან თამაშს არ თაკილობს, პირიქით, ძლიან უფრთხილდება  და ართობს ნუციკოს. ნუციკომ გაიხარა, ლილინოს მიეკრა, აკოცა. ლილინოს ნუშივით გაზიდულ, ლამაზ თვალებში მის დიდ ბაბუას – ჩალხიას მოვკარი თვალი. ხელის აწევით მივესალმეთ ერთმანეთს. ლილინომ სასრიალოს კიბისკენ გაიყოლა ნუციკო, კიბეზე ასვლაში დაეხმარა და ჩამოვქანდიიით , ჩამოვსრიალდიიით და ჰუჰ – რა კარგია, როგორ უხარია ნუციკოს, ასე ყოჩაღდ რომ ჩამოსრიალდა და აი, ხელზე ისევ ეჭიდება ლილინოს და შეუჩერებლად იმეორებს:

  • უნდა, უნდა, უნდა! –  თანაც კიბისკენ მიიწევს.

ლილინოს ნუციკო მიჰყავს და მერე ისევ – ჩამოვქანდიით, ჩამოცსრიააალდიიით , სამაგალითოდ დავეშვით მიწაზე და:

  • უნდა, უნდა, უნდა! – ისევ.
  • ჩალხიასთან გავისაუბრებ, – ვუთხარი ნინოს, ნუციკოს თვალებიდან გადმოვბარგდი, თავისი შვილთაშვილის თვალებიდან ჩალხიაც გადმობარგდა, გავისეირნეთ.

ჩალხია ვეტერანთა კლუბის წევრია. ასე იმ ქალაქელებს ეძახიან, ფიჭვნარში რომ იკრიბებიან და დომინოს თამაშით თავს იქცევენ. დინჯი, სიტყვაპასუხიანი კაცია ჩალხია; დომინოს პარტიაში რომ იმარჯვებს, სიხარულს სახალხოდ არ გამოხატავს, როცა მარცხდება, წყენას არ იმჩნევს, ეს პატივსაცემი თვისებაა უთუოდ.

  • როგორ გიკითხოთ, ბატონო ჩალხია?
  • არამიშავს, დომინოს ქვებს ვაჭახუნებ და ვარ ასე, – ჩაიღიმა ჩალხიამ, – თქვენ ხომ კარგად, ბატონიშვილო? – მომიკითხა ჩალხიამაც.
  • კარგად, კარგად, – მივუგე მე. მერე ჩამოვსხედით, ბავშვებს გავხედეთ. ლილინო ნუციკოს საქანელაზე არწევდა, იქვე ნუციკოს დედა იდგა, ბურთი და დათუნია მკერდთან მიეკრა.
  • წინასწარმეტყველებაზე რამე თუ გსმენია, ბატონიშვილო? – დინჯად მკითხა ჩალხიამ და დაკვირვებული მზერა მომაპყრო.
  • რომელ წინასწარმეტყველებაზე?
  • მეთორმეტე ფურს რომ ეხება.

დავიძაბე.

  • ერთმა უცნაურმა კაცმა, – დავიწყე მე, მაგრამ ჩალხიამ გამაწყვეტინა:
  • ბაბუაწვერას რომ ჰგავს?
  • დიახ, – დავუქნიე თავი.
  • ჰო, – თქვა ჩალხიამ, – ვეტერანთა კლუბში გამოჩნდა, ვისხედით ჩვენთვის, ვერთობოდით, დაგვზაფრა, მერე გაგვეცალა…
  • რაო, რა გითხრათ?
  • რაო და… – სიტყვა გაწელა ჩალხიამ, თვალებში ისეთი სევდა ჩაუდგა, სხვასაც რომ შეაფიქრიანებს, მერე მითხრა: – რაო და, თერთმეტი წითური ფური სამსხვერპლოზე უკვე აღვლენილია, მეთორმეტე წითურ ფურს რომ აღავლენენ, ყველაფერი თავდაყირა დადგებაო…
  • რას ნიშნავს, ყველაფერი თავდაყირა დადგება?
  • არ ვიცი, – ხელებს ჩააცქერდა ჩალხია, მხრები აიჩეჩა და თქვა: – რაღაც ცუდს, ალბათ. ჩვენი ქალაქის სიმშვიდე არ მეთმობა, არ მეთმობა ლილინოს ნუშის თვალებში ცხოვრება, იმ კაცმა კი შფოთი დამიტოვა და წავიდა.
  • ჰო, მეც … – ბავშვებს გავხედე.

 

 

 

 

1 2 3 4 5