პირადად მქონდა ბედნიერება, მესაუბრა მაესტროსთან. მისი მუსიკალური ხელოვნებით დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. კენტ ნაგანო საუკეთესო დირიჟორებს შორის იმით გამოირჩევა, რომ, ერთი მხრივ, ძალიან ზუსტად გრძნობს და იცის მუსიკის თითოეული დეტალი და, ამავდროულად, აქვს ნაწარმოების საკუთარი ხედვა, არის შესანიშნავი ინტერპრეტატორი, ძალიან კრეატიული და საინტერესო, ამოუწურავი იდეებით, მუდმივად ახლის ძიებაშია. ასევე ცნობილია მისი პიროვნული ხიბლი თავისი ჰარმონიული და დახვეწილი მანერით, მაგრამ მისმა ემოციურმა საუბარმა თავისი პედაგოგის შესახებ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ისეთი სიხარულითა და აღფრთოვანებით იხსენებდა თავის საყვარელ მასწავლებელს, რომ ამან უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. ეს იყო იმ სასწაულის ნაწილი, რომელსაც ნაგანო თავის წიგნში „ელოდე სასწაულს“ დაწვრილებით აღწერს და რომლის მომსწრეც მასთან საუბრისას გავხდი.

ნ. გ.: ბატონო ნაგანო, რაში გამოიხატებოდა თქვენი პედაგოგის, ვახტანგ კორიშელის განსაკუთრებულობა, რითიც დღემდე ასეთი აღფრთოვანებული ხართ?

კენტ ნაგანო: საერთოდ, რთულია, ახსნა ადამიანის გენიალურობა. ვახტანგ კორიშელი  მრავალმხრივი ნიჭით იყო  დაჯილდოებული. მუსიკის გარდა, შესანიშნავად იცოდა ხელოვნების სხვა დარგებიც: არქიტექტურა, ფერწერა, ქანდაკება, იცოდა ფილოსოფია. მისი გაკვეთილები და მასთან სტუმრობა უსაზღვრო სიხარულს გვანიჭებდა, მასთან განსაკუთრებული სიამოვნებით ვუკრავდით და ვმეცადინეობდით. ვაღმერთებდით ჩვენს პროფესორს. ძალიან გვიყვარდა მასთან სტუდიაში მისვლა. იქ გვესაუბრებოდა ხელოვნებაზე, ესთეტიკაზე, ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, პოლიტიკაზე, მთელ თავის ცოდნას გვიზიარებდა. როგორც ჩვენი პედაგოგისთვის, ასევე ჩვენთვისაც სკოლა, ხელოვნება, მუსიკა და პირადი ცხოვრება ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. კორიშელი ყოველთვის გვეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში, პოულობდა პრობლემებიდან გამოსავალს. პრობლემები კი ყოველთვის მრავლად იყო: კონცენტრირების, დისციპლინის, მასალის გაგებისა თუ სხვა მხრივ. მისი განსაკუთრებულობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ უსაზღვროდ უყვარდა სიცოცხლე, ადამიანი და მუსიკა!

ნ. გ.: როგორ გგონიათ, რა უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს ბოცო კორიშელის სწავლების მეთოდიკიდან, რაც მისი პედაგოგიური მოღვაწეობის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენდა?

კენტ ნაგანო: ის თითოეულ მოწაფეს ესაუბრებოდა და უხსნიდა მისთვის გასაგებ ენაზე. ეს შეეხებოდა მუსიკის სწავლების ტექნიკურ მხარეს, ფორმას, ჰარმონიას და ა.შ. მას ჰქონდა საკუთარი სტრატეგია, სადაც მშობლების აქტიურობა მნიშვნელოვნად განაპირობებდა ბავშვის მუსიკალურ წარმატებასა და მიღწევებს.

კორიშელი ყოველთვის ითვალისწინებდა მიმღების მზაობას, მის პროფესიას, საბაზისო ცოდნას. ის კარგად იცნობდა მუსიკის პედაგოგიკაში არსებულ სწავლების სხვადასხვა მეთოდს, მაგრამ მისი გაკვეთილები იყო აუთენტური და, საჭიროების შემთხვევაში, მეტი იმპულსისა და მოტივაციის შესაქმენლად შეეძლო შესანიშნავი იმპროვიზაცია.

ნ.გ.: რა ისწავლა თქვენმა პედაგოგმა თქვენგან და თქვენი მეგობრებისგან?

კენტ ნაგანო: ჩვენი პროფესორი გვეუბნებოდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის დიდ გამოცდილებას შეგვძენდა. ის ჩამოსული იყო სრულიად უცხო მხარეში, ჯერ ენას უნდა დაუფლებოდა. ვფიქრობ, რომ ის ბავშვების მეშვეობით გაეცნო და დაუახლოვდა ამერიკულ კულტურას.

ნ. გ.: ოდესმე თუ უსაუბრია კორიშელს გაკვეთილზე ქართული მუსიკის შესახებ? მაგალითად, ქართულ მრავალხმიანობაზე ან ზაქარია ფალიაშვილის ოპერებზე?

კენტ ნაგანო: ქართული მას არასოდეს არაფერი მიუტოვებია, არც ხელოვნება, არც კულტურა, სახლიც კი ქართულ ყაიდაზე მოაწყო. დიახ, კერძო საუბრებში და გაკვეთილებზეც, თავისთან, სახლში, ამ თემებზე ხშირად უსაუბრია. ის ბევრს მუშაობდა, მრავალ საგანს ასწავლიდა, ორკესტრსა და კამერულ მუსიკასთან ერთად ეკლესიის გუნდსაც ხელმძღვანელობდა, იქ გვიმღეროდა ხოლმე ქართულად და ბავშვებსაც გვიმღერია.

1 2 3 4