„შესაძლოა, კორიშელის ფენომენს მისი ცხოვრების ისტორია განაპირობებდა, მისი წარმომავლობა, რომელიც ჩვენთვის სრულიად უცხო და საიდუმლოებით მოცული იყო. ალბათ, სწორედ ეს აძლევდა მაგიურ ძალას. ის იყო, ასე ვთქვათ, მოწყვეტილი ფოთოლი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ბედის უკუღმართობამ სამშობლოდან სულ უფრო და უფრო შორს ეულად გადაისროლა იქ, სადაც მას არავინ ელოდა.“ საკუთარ სახლს და ფესვებს მოწყვეტილ ბოცოს, როგორც მას ბავშვობაში ეძახდნენ, მხოლოდ მუსიკა გაჰყვა სრულიად უცხო მხარეში დევნილობის ჟამს ერთგულ მეგზურად. სწორედ მუსიკასა და ხელოვნებაში ჰპოვა მან სასიცოცხლო ენერგია, ძალა, ინსპირაცია და ნუგეში, რითიც აჯობა ცხოვრების სიავეს, არ მიეცა უფლება ადამიანისადმი, საერთოდ, ცხოვრებისადმი რწმენა დაეკარგა; აჩვენა სამყაროს, რომ მუსიკის აბსოლუტურმა ნდობამ შეაძლებინა, დაეწყო ცხოვრება თავიდან და ეპოვა ბედნიერება.

სამშობლოდან ბედის უკუღმართობას გამოქცეული ვახტანგ კორიშელი 1957 წელს ამერიკაში ჩადის, კალიფორნიის შტატის ერთ მშვენიერ პატარა ყურეში სახლდება და იქ საკუთარი მუსიკალური სამყარო ჩააქვს, საკუთარი უნივერსუმი, რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობდა, რითაც სუნთქავდა, რათა იქაური ბავშვები კლასიკური მუსიკით აღეფრთოვანებინა. ჯერ საშუალო სკოლაში ბავშვთა კაპელა ჩაიბარა, შემდეგ მათი სოლფეჯიოსა და თეორიულ საგნებში მომზადება დაიწყო, დააარსა ახალი ანსამბლი, ორკესტრი, ბავშვებს თავად ასწავლიდა როგორც კლავიშებიან, ისე სიმებიანსა და ჩასაბერ საკრავებზე დაკვრას. ბოლოს მისი მოსწავლეები ისე მომრავლდნენ, რომ სკოლის დირექციამ მას საკუთარი შენობა გადასცა.

ნაგანო იხსენებს: „მგონი, მეორე თუ მესამე სასწავლო წელს გავხდი მისი მოწაფე. დედამ სამივე შვილი ერთიმეორის მიყოლებით მიგვაბარა  ამ „მუსიკის მაგს.“

კორიშელმა კარგად იცოდა, რომ ხელოვნება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ის ათავისუფლებს ადამიანს, რომ ხელოვნებით ნასაზრდოები კაცი ცხოვრების ორომტრიალში უფრო სიცოცხლისუნარიანია. კორიშელი განსაკუთრებით ზრუნავდა ბავშვების ესთეტიკურ აღზრდაზე, მათი მუსიკალური აზროვნების განვითარებაზე. „სწორედ კორიშელის დამსახურებაა, რომ მის მოწაფეებს კლასიკური მუსიკა ცხოვრების მეგზურად გვექცა. ბედნიერებას გვანიჭებდა იმის შეგრძნება, რომ შეგვეძლო, სულ უფრო ღრმად ჩავწვდომოდით ამ ჯადოსნურ სამყაროს და კიდევ იმის შეცნობა გვახარებდა, რომ მუსიკაში არსებობს რაღაც უსასრულოდ დიდი.“

კორიშელმა გაამდიდრა მორო ბეის, კალიფორნიის ამ მშვენიერი კუთხის ბინადართა ყოველდღიურობა, სადაც მან სიცოცხლის ბოლომდე დაყო. მან წყნარი ოკეანის ყურეში მცხოვრები ბავშვები მუსიკის ნაპირებთან მიიყვანა. შექმნა მუსიკალური ოაზისი, რომელიც ყველას გამაერთიანებელ და შეხვედრის ადგილად იქცა. და ეს შეძლო ერთმა ადამიანმა, სრულიად მარტომ!

ვახტანგ კორიშელი დაიბადა 1921 წელს თბილისში, მსახიობების ოჯახში. ბოცოს მამის ნიჭიერებამ სტალინის ყურადღება მიიპყრო. ის საუკეთესო მსახიობად აღიარეს, თუმცა, სტალინურ რეპრესიებს მაინც ვერ გადაურჩა. 1936 წელს მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. 15 წლის „ხალხის მტრის შვილს“ ცხადია, ვეღარ ექნებოდა საკუთარ სამშობლოში მომავალი და ამის შემდეგ ის პოლონეთის საზღვარზე გადადის, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩაუვარდება გერმანელ მეომრებს. როგორც კენტ ნაგანო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში აღწერს: „ის მხოლოდ იმის გამო გადარჩა, რომ ქართველმა „საბჭოთა ხალხების მტრის შვილმა“ კარგად იცოდა გერმანული, ომის დროს თარგმნიდა მათთვის და მუზიცერებდა.“ ომის დასრულების შემდეგ ბოცო ზალცბურგიდან მიუნხენში გადადის, სადაც მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში იწყებს სწავლას ფორტეპიანოზე. ერთი წლის შემდეგ კი ქალაქს ტოვებს და გემით ლოს-ანჯელესში მიემგზავრება. კორიშელი მალევე მიხვდა, რომ მას განსაკუთრებული პედაგოგიური ნიჭი ჰქონდა, ამიტომ უარი თქვა პიანისტის კარიერაზე, რასაც იგი კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში ეუფლებოდა, შეცვალა გეგმა და სწავლა სანტა-ბარბარას უნივერსიტეტში, მუსიკის პედაგოგიკის განხრით გააგრძელა. აღნიშნული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კი მორო ბეიში ჩავიდა, როცა მისი მომავალი საყვარელი მოსწავლე ჯერ მხოლოდ 6 წლის იყო.

კენტ ნაგანო თავის წიგნში აღწერს, რომ ბოცო მუსიკის საგანს უაღრესად სერიოზულად ეკიდებოდა და თავისი მოწაფეებისგანაც იმავეს მოითხოვდა. ის მათ ასწავლიდა, რომ მხოლოდ თავდაუზოგავი შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგად შეეძლო მუსიკას ადამიანისთვის სიხარული მიენიჭებინა. „მის ორკესტრში მოხვედრა პრესტიჟული იყო. ამისთვის ბავშვები კარგად უნდა მოვმზადებულიყავით.“ ის ვახტანგ კორიშელს, თავის „პროფესორს“, როგორც მას აღტაცებული მოსწავლეები უწოდებდნენ, ადარებს ისეთ საერთაშორისო მასშტაბების დიდ მუსიკოსსა და ბრწყინვალე პედაგოგს, როგორიც იყო ლეონარდ ბერნშტაინი (1918-1990).

1 2 3 4