„მას, ვისაც ერთხელ მაინც შეუგრძნია კლასიკური მუსიკის უკიდეგანო სიღრმე, იქ დაბრუნება ყოველთვის მოენატრება.“

 

ვახტანგ/ბოცო კორიშელი (ჩიქვინიძე) (1921-2015) – “მუსიკის მაგი” და მისი უსაყვარლესი მოწაფე კენტ ნაგანო

ეს სიტყვები ეკუთვნის კენტ ნაგანოს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ როგორც საოპერო, ასევე, ორკესტრის დირიჟორს. დღეს ის მონრეალის სიმფონიური ორკესტრისა და ჰამბურგის სახელმწიფო ოპერის გენერალური მუსიკალური ხელმძღვანელი, აგრეთვე, ჰამბურგის ფილარმონიის სახელმწიფო ორკესტრის მთავარი და ბერლინის გერმანული ორკესტრის საპატიო დირიჟორია. ძალიან ვრცელია სია სიმფონიური თუ საოპერო ორკესტრებისა, რომლებშიც ის მოღვაწეობდა და დღესაც ხშირად სტუმრობს. მათ შორისაა ბავარიის საოპერო თეატრი, მიუნხენის ფილარმონია, ლონდონისა და BBC-ის სიმფონიური ორკესტრები ისევე, როგორც ციურიხის, ფინეთის, რომის, ჩიკაგოსი და ა. შ. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიქელაძის სახელობის ორკესტრს უდირიჟორა.

ყველაფერი კი ბავშვობიდან დაიწყო. პატარა ბიჭუნას თავგადასავალიც კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების სიყვარულს უკავშირდება.

იაპონური წარმოშობის ამერიკელი დირიჟორის მამა არქიტექტორ-მათემატიკოსი იყო, ხოლო დედა – მიკრობიოლოგი. მათი წინაპრები მე-19 საუკუნეში იაპონიიდან ამერიკაში ემიგრირებული მებაღეები იყვნენ, რომლებიც კალიფორნიის შტატის ერთ პატარა მეთევზეთა სოფელში – მორო ბეიში (Morro Bay) დასახლდნენ. დედა შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე და შვილების აღზრდაში განსაკუთრებულ როლს სწორედ მუსიკას ანიჭებდა. მისი ვაჟი ჯერ კიდევ 4 წლის იყო, როცა ინსტრუმენტთან დასვა. კენტ ნაგანოს ოჯახში მუსიკა არასოდეს ყოფილა არჩევითი, ის მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა: „ჩვენ, ბავშვებს, ოჯახში ყოველთვის სიამოვნებით არ გვიმეცადინია ფორტეპიანოზე, მაგრამ მშობლების გადაწყვეტილებით უნდა ვყოფილიყავით აქაც, როგორც მაგ. წერა-კითხვის ან ანგარიშის შესწავლისას, თანმიმდევრულნი,“ – იხსენებს კენტ ნაგანო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ელოდე სასწაულს“. * მორო ბეის მუსიკალური სასწაული კი უკავშირდება ერთი, როგორც ნაგანო უწოდებს, „ფენომენალური პედაგოგიური ტალანტის“ – ვახტანგ კორიშელის გამოჩენას, რომელიც „გამოჩნდა უცებ, არსაიდან და ყველაფერი შეცვალა. კორიშელის მუსიკალური მოღვაწეობა იქცა იქაურობისთვის ცენტრალურ მოვლენად, რომელმაც ჩვენ, ბავშვებს ხელოვნებისა და მუსიკის სამყაროში კარი შეგვიღო და ის მთელი არსებით შეგვაყვარა.“ ამიერიდან მორო ბეი იქცა „ხმოვან ზღაპრულ სამყაროდ, სადაც თითოეულ მოსახლეს, მიუხედავად ჩვენი ეთნიკურ-კულტურული წარმომავლობისა, ერთმანეთთან კლასიკური მუსიკა გვაკავშირებდა.“

 

* Kent Nagano / Inge Kloepfer:  Erwarten Sie Wunder! Expect the Unexpected
© 2014 Berlin Verlag in der Piper Verlag GmbH, Berlin und München

1 2 3 4