* * *

ქართველ ხალხს თავისი პოეტებისგან ილიასა და აკაკის შემდეგ იმდენი საყვედური და კრიტიკა აღარ მოუსმენია, რამდენიც მუხრან მაჭავარიანისაგან გაიგონა. არც ამ ლექსში იშურებს იგი მწარე სიტყვებს მშობელი ერის მიმართ:

„ვხედავ საკუთარ წინაპრებს:

დღედაღამ ფხიზლობს ბერბიჭა, –

კაცმა, ვინც იტყვის სიმართლეს,

რომ არ გაქუსლოს მერნითა.

ძეხორციელის აქ ყოფნა

არ გახლავთ მთლად უხიფათო;

კაცსა, ვინც იჩენს კაცობას, –

ფიქრობენ: რა უხიმანონ!“

(ბერბიჭა – მინიშნება ილია ჭავჭავაძის მკვლელებზე).

ეს ქართველობის ის ნაკლია, რომელსაც იდითგანვე, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიდან მოკიდებული, ამჩნევს და გმობს ლამის ყველა პატრიოტი ქართველი („ასწლოვანი მატიანეს“ ავტორი ჟამთააღმწერელი, არჩილი, გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია, აკაკი…), და ეს გმობა მანამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ეს ნაკლი არ აღმოიფხვრება.

 

ქვეყნის ბედისადმი გულგრილ ადამიანთა რაოდენობა ფასკუნჯის მხედარს ეჭვს უჩენს და აფიქრებინებს, რომ ნანატრი წუთი შესაძლოა არც არასოდეს დადგეს, რასაც იგი ასეთი სარკასტული ჰიპერბოლით გამოხატავს:

„ერთხელაც როცა იქნება! –

იქნება კია ეს წუთი?!

(გულს ეჭვი მიღრღნის იმდენი,

უყვარს რამდენსაც ფეხბურთი)…“

დრამატული შინაარსის მქონე ამ ლექსში კიდევ არის ამის მსგავსი სალაღობო სტრიქონები, მაგალითად:

„თვალებს ვაცეცებ გარშემო…

– რაღა ვქნა! ვფიქრობ მე ჩემთვის, –

უეცრად ამ უგამჩენომ,

რომ მოინდომოს დესერტი.“

(მინიშნება ფოლკლორული ფასკუნჯის მოტივის იმ დეტალზე, ფინიშთან მისულ გმირს ფასკუნჯის გამოსაკვები ხარის ხორცი რომ უთავდება, ბარძაყიდან კუნთს იგლეჯს და იმას მიაწვდის ფასკუნჯს, რომელსაც ეს ბოლო ლუკმა განსაკუთრებულად ეგემრიელა. ზღაპრისეული „დესერტი“ ლექსში ძირითად საკვებად იქცა და ლექსის ფასკუნჯმა რამე ყელის ჩასაკოკლოზინებელი რომ მოისურვოს, მხედარმა რა უნდა მიართვას? – აი ეს არის საკითხავი!).

ანუ საქმე გვაქვს სტილისტიკურ ეკლექტიზმთან, რაც მკაფიო პოსტმოდერნისტული მარკერია.

თვალშისაცემია სემანტიკითაც და ბგერითი შემადგენლობითაც გროტესკული რითმები – დისონანსები და ასონანსები – სუფრანისოპრანო, ცორანოყორანი, მოშივდაპოსია, მე ჩემთვისდესერტი, შუაშიბაბაჭუასი და სხვ. და სხვ.

ერთობ ეკლექტიკურია რითმათა სისტემაც: ტაეპთა განსხვავებული ოდენობის შემცველ სტროფებში გამოყენებეულია ჯვარედინი, ინტერვალიანი, პარალელური გარითმვის ხერხები, გვხვდება ერთ რითმაზე გაწყობილი ხუთტაეპედი – ხუთი ერთნაირი რითმა ზედიზედ…

სათანადო განწყობილების შექმნას ემსახურება კონტრასტული ლექსიკა – ძალიან არქაულ-მწიგნობრული და ძალიან თანამედროვე-სასაუბრო მეტყველების ფორმათა გვერდიგვერდ გამოყენება, რაც მუხრანის ლექსებს იმთავითვე გამოარჩევდა.

 

 

 

1 2 3