„მზისკენ მიმაფრენს ფასკუნჯი, –

ფასკუნჯს უფსკრულის აქვს კუჭი;

მე კი საგზალი ვარ მისი,

მაგრამ ვეყოფი?! –

არ ვიცი!“

ასე იწყება და ამავე სტრიქონებით მთავრდება მუხრან მაჭავარიანის მოზრდილი ლექსი „ფასკუნჯი“, რომელსაც დაწერის თარიღად 1986 წელი უზის. ამ ლექსს ისეთივე ადგილი უჭირავს მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაში, როგორიც ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაში „მერანს“, რომელიც არის კიდევაც „ფასკუნჯის“ ერთ-ერთი ინტერტექსტი. მისი მეორე ინტერტექსტია ფასკუნჯის მითოლოგიური მოტივი, რომელიც ქართულ ჯადოსნურ ზღაპრებში გვხვდება. განსხვავება ის არის, რომ თუკი ზღაპრის ფასკუნჯს გმირი საქონლის ხორცით კვებავს და როცა ის შემოელევა, მხოლოდ მაშინ, ბოლო ლუკმად, მიაწვდის თავისი ბარძაყიდან მოგლეჯილ კუნთს, მუხრან მაჭავარიანის ლექსის ლირიკული გმირი ვალდებულია მხოლოდ საკუთარი ხორცით კვებოს ფასკუნჯი, რომელმაც იგი მზესთან – მზის ცაზე – უნდა მიიყვანოს, მეოთხე ცაზე, „რომელსა ეწოდების კოჭიმელი“ (საბა). მანამდე კი მან უნდა გაიროს ჭირანო (მთვარის ცა), ცორანო (ერმის ცა – ერმი მერკურის შესატყვისი ღმერთია):

„გავიარენით ჭირანო

(ხორცსა ვეპყრობი მომჭირნედ),

მინდარის ვიამირანო, –

შორიდან შევტრფი კოჭიმელს.

გაჭიანურდა ცორანო

(ფასკუნჯს, ეტყობა, მოშივდა)…

ნეტა ეს შავი ყორანი

ტატოსია თუ პოსია?!“

(მზის ცამდე კიდევ არის ერთი – მესამე – ცა – „აფროდიტის ცა, რომელსა ეწოდების მელტარო“ [საბა], მაგრამ ის ლექსში არ იხსენიება).

კონკრეტულად რისთვის ისწრაფვის ფასკუნჯის მხედარი მზისკენ, რა უნდა მოიმოქმედოს იქ, არ ვიცით, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მისი კოჭიმელს მისვლა ერთობ სასიკეთო იქნება მშობელი ხალხისთვის:

„ამხედრებული ფასკუნჯზე,

მზისაკენ ქარებრ ვისწრაფვი;

ქართველი რათა გაშუქდეს, –

მყოფი მიწაზეც, მიწაშიც“.

ამ დიადი მიზნისთვის გაუმეტებია მხედარს საკუთარი ხორცი, სულიერი მიზნისთვის უნაცვალებია ხორციელი ინტერესები ანუ „ლხენანი, – ხმევას რისასაც, – / ფასკუნჯს ვეხმიე, – ვარჩიე; / მე სულის დასანაყრებლად, / სხეული ვინც მოვამშიე“.

ლექსის ლირიკული გმირის ყველაზე დიდი სადარდებელი ის არის, რომ შესაძლოა მისი თავგანწირვა ამაო გამოდგეს, თუკი მისი ხორცი, ფასკუნჯის საგზლად გამეტებული, მანამდე მოილევა, ვიდრე მიზანს მიაღწევდეს:

„მზემდე ჯერ კიდევ ბევრია,

როგორც ეტყობა მანძილი;

არადა, ახლა მე ჩემი

ჰა და ჰა ვიყო მეცხრედი, –

მოზრდილი უკვე ჩახეთქა

ჩემი ფასკუნჯმა ნაწილი.

მივეახლები კოჭიმელს?! –

თავი მეყოფა მე ჩემი?!

უფრორე სწორად: ამ ოხერს

ვეყოფი თუ არ ვეყოფი?!“

 

1 2 3