წუთისოფლის მგზავრები
ამოვიდა ავტობუსში დედა-შვილი. ორივეს მკვეთრი შინდისფერი ლაქები და ნაწიბურები აქვთ სახეზე, ხელებზე. უკან დაჯდნენ. ბავშვი მხიარულობს. დედა მგზავრებს თვალს არიდებს, ფანჯარაში იყურება. მგზავრები ნელნელა დგებიან და ავტობუსის წინა მხარეს ინაცვლებენ. ფეხზე დგანან. დედა-შვილის მხარეს ცარიელდება ნახევარი ავტობუსი. მიდის ჩურჩული და გადალაპარაკება: წითელა. ყვავილა. ავადმყოფობა. გადამდები არ იყოს ნეტა. წინ ვიჯექი, მაგრამ ავდექი და მივუჯექი ამათ გვერდზე. ბავშვს გავეთამაშე. მერე უბრალოდ ვკითხე: ეგ რა გაქვს ხელებზე ? დედამისმა შემომხედა და თქვა: ხანძარი.
ქურთის ბიჭი
ქურთ ბიჭს გადავეყარე ერთხელ. ბავშვს. წერტილივით რომ მოჩანდა თვალუწვდენელ, ხრიოკ ველებზე. უზარმაზარი საზამთრო ედო წინ, ჯაყვით ჭრიდა და ჭამდა. თავზეით ნაცრისფრად ეფარა ცა. კვესავდა ელვა და შორეული გრუხუნიც ისმოდა – წვიმას აპირებდა. დიდ წვიმას. ეს კიდევ ყურადღებას არ აქცევდა და ჭრიდა და ჭამდა თავის საზამთროს. მაისური სისხლით ჰქონდა დასვრილი ბეჭთან, ეს კიდევ ყურადღებას არ აქცევდა, თავის საზამთროს უღიმოდა და ნეტარებით ჭრიდა და ჭამდა. გამოველაპარაკე და კოშკურიდან დაუშვია საფანტის თოფი აზერბაიჯანელ ყარაულს, საზამთროების მინდორს რომ დარაჯობდა… ამას კი, საზამთროს წვენით და სისხლით მოთხვრილს სულ ფეხზე ეკიდა ყველაფერი, იჯდა და თავის მოპარულ საზამთროს ჭამდა.
„კოღო“
ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ჯანგირა წავედით სევანურ კალმახზე სათევზაოდ, რომელიც ჩანჩქერთან იჭირებოდა ხანდახან. გზად აგვეკიდა შვიდი წლის ბიჭი, მეტსახელად კოღო. ჩვენ მოვახსენეთ, ნამდვილი მეთევზეები რო ვიყავით ორივე და სათევზაოდ შვიდი წლის კოღოს, თან არამეთევზეს, არაფერი ესაქმებოდა, მაგრამ კოღომ ისეთი თვალებით შემოგვხედა, რო წავიყვანეთ მაინც კოღო. მთელი დღე ვითევზავეთ, შიგ ჩანჩქერში, და ვერაფერი დავიჭირეთ. საღამოს ჩანჩქერის ქუხილით სანახევროდ დაყრუებულებმა ზედ ჩანჩქერთან გავშალეთ კარავი, გავბერეთ რეზინის ნავი და შევცურეთ წყალში. კოღომ ჩვენთან ერთად მოინდომა წამოსვლა, ჩვენ კიდევ მოვახსენეთ, რო ნავში ორ მთვრალ ჯეილთან ერთად მისი ყოფნა არ შეიძლებოდა, მაგრამ კოღომ ისეთი თვალებით შემოგვხედა, წავიყვანეთ ისიც. შემდეგ, მთვარის ბილიკზე ვსეირნობდით – მივადგებოდით ნავით იქითა ნაპირს, მერე მოვადგებოდით აქეთა ნაპირს. ბოლოს დავიღალეთ, შევძვერით კარავში და დავიძინეთ. ზედ ჩანჩქერთან. დილით ყვირილმა გაგვაღვიძა, გამოვძვერით კარვიდან და დავინახეთ კოღო, რომელსაც ერთ ხელში ჩემი ანკესი ეჭირა, მეორით კი ლაყუჩით ეკავა კაი მოზრდილი იშხანი – სევანური კალმახი. ზედ ჩანჩქერთან იდგა კოღო და გვიღიმოდა…
ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ კოღო ლეიკემიით გარდაიცვალა. ამ ამბიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ კი, აგერ ახლა, ნახევარ საათში მივეშურები სევანურ კალმახზე სათევზაოდ. შიგ ჩანჩქერში. მარტო.
სახლი
ბევრი წლის წინ, ერთ დაფხავებულ ქოხში ვცხოვრობდი დასთან და ძმასთან ერთად, რუსთავის მახლობლად. დილით გამოვიდოდით მე და ჩემი ძმა, გავცდებოდით სოფელს, გავიდოდით მინდორში და მერე ეს დაუყვებოდა მაზუთიან ნაკადულს, მე კიდევ შიგ შუაგულ მდელოებში გავშლიგინდებოდი. ამას ტრაქტორების სასაფლაო ეგულებოდა, სადაც შეიძლებოდა რაიმე ღირებულსაც გადაჰყროდი, მე კიდევ პატარა ტბისკენ მივეშურებოდი, სადაც ანკესზე მოდიოდა დიდი კობრი და ხანდახან იხვსაც მოახელებდა კაცი. ჩემი და ამასობაში იჯდა ეზოში იასამნის ჩრდილქვეშ და საბეჭდ მანქანას უკაკუნებდა. შებინდებულზე ვბრუნდებოდით სახლში მე და ჩემი ძმა. ეს – მაზუთში ამოსვრილი და მე თევზის სუნით აქოთებული. გავიშოტებოდით ბალახზე იასამნების ძირას და ლამპის შუქს დასეულ ქინქლებს და ღამის პეპლებს შევყურებდით, ჩვენი და კი ისევ საბეჭდ მანქანას უკაკუნებდა… ის ქოხი აღარ არის და მას შემდეგ უამრავი საცხოვრებელიც გამოვიცვალე, მაგრამ მისამართს რომ მეკითხებიან, ხანდახან უცებ დაუკითხავად მოვარდება ხოლმე საიდანღაც იასამნის სურნელი და ვგრძნობ, რომ ამ კითხვაზე ერთადერთი, უცვლელი პასუხი მექნება მუდამ…
ტალღებში ცოის რო ვმღეროდით, ძმაო
(ლევან ტოპეშაშვილის ხსოვნას)
ერთი ძალიან კარგი ძმაკაცი მყავდა. ისეთი მაგარი ძმაკაცი მყავდა, მე და ეგ ცალკ-ცალკე, სხვადასხვა მხარეს რომ წავსულიყავით, ჩემი ცხონებული ძაღლი, რილკებიჭი, გამოგვხედავდა ხან ერთს და ხან მეორეს და კაი ხანს ვერ გადაწყვეტდა რომელს გამოგვყოლოდა უკან. მერე კი ამ ჩემმა ძმაკაცმა თბილისის ზღვაზე გადამარჩინა დახრჩობას და კიდევ უფრო მაგარი ძმაკაცი შეიქმნა. ჰოდა, მე და ეს ჩემი ძმაკაცი და სხვა მეგობრებიც, ვეწეოდით არაჯანსაღთა შორის უარაჯანსაღეს ცხოვრებას, რომელსაც ჩემს ირგვლივ ცოტა თუ დასძვრომია ცოცხალი და საღი. ერთ დღესაც, მე და ჩემმა ძმაკაცმა, ვინ მოსთვლის, უკვე მერამდენე მეგობრის პანაშვიდიდან წამოსულებმა, გადავწყვიტეთ დაგვენებებინა თავი ყველაფრისთვის და ეგრეც ვქენით: მე მოვიგდე ზურგზე კარავი და მთელი ზაფხული, ორთვენახევარი ვეხეტებოდით ქვეყანაზე თბილისიდან ბათუმამდე თითქმის ყველგან, მარტო მე და ჩემი ცუგა. ამას, ჩემს ძმაკაცს კი არ უყვარდა ხეტიალი და სხვა მეთოდი აირჩია: გამოიკეტა სახლში. პირდაპირი გაგებით, სწორედ რომ გამოიკეტა. მე რომ დავბრუნდი, უკვე აღარაფერზე ვიყავი დამოკიდებული სამყაროს გარდა, და მივადექი სახლში მზემოკიდებული და ლაღი, ამ ჩემს ძმაკაცს, რომელმაც უცებ ამოიღო იარაღი, დამადო შუბლზე და ასე მითხრა: შენ არა ხარ ლუკა, მოგზავნილი ხარ ვიღაცა და რა გინდა ჩემგან… დამართნია შიზოფრენია თუ პარანოია უმძიმეს ფორმაში. ფსიქიატრიულშიც ყოფილა, მეზობლებმა მითხრეს. ჰოდა, ვინაიდან ძალიან მიყვარდა ჩემი ძმაკაცი, გადავწყვიტე თავად მემკურნალა მისთვის: ვუშოვნე პირველადი და აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობა და თითქმის თრევა-თრევით და ჯაჯგურით, ძალით დამყავდა ახლომახლო ტყეებში. ვანთებდით კოცონებს, ვასწავლიდი თევზაობას და გავიხედოთ – გაუქრა ნელ-ნელა ჩემს ძმაკაცს თვალებში ჩამდგარი სიცარიელე, მოემატა სიხალისე და გაუჩნდა იმედებიც, მომავლის გეგმებს ვაწყობდით ხოლმე ცეცხლისპირებზე. მე ჩემს მომავალ დიდ მწერლობაზე ვეტრაბახებოდი და ამას კიდევ ბრაზილიაში უნდოდა წასვლა, სადაც მამამისი ცხოვრობდა. ერთხელაც ვზივართ აეგრე კარავთან და ვერ ვარ რაცხა ჯანზე: შემითრია თევზაობამ და დამწვარი ვარ ძალიან, ბეჭები მტკივა და მტეხს მთელი ტანი, მიგდებული ვარ ბალახზე ჩეროში და ესა, ჩემი ძმაკაცი უცებ მეუბნება: ღამე სალომეს უნდა შევხვდე და ახლა ავიკრიფოთ და წავიდეთ, რო მოვასწრო ცოტა თავის მიხედვაცო. მე არც ვიცოდი თუ ვინმე ჰყავდა ან მოსწონდა და არც სახელი სალომე გამეგო მისგან მანამდე, ასე რომ ხუმრობაში გავუტარე, მაგრამ ჩემი ძმაკაცი წამოდგა და დაიწყო აბარგება. მეთქი – სად მიდიხარ ბიჭო. ვერ ვინძრევი, ამის დედაც. ეს გაჩერდა, გადმომხედა, დაფიქრდა და მერე ისევ ცხროიანივით გააგრძელა ჩაბარგება ბურტყუნით: სალომე უნდა ვნახო დღესაო. მოკლედ, მოიგდო ზურგჩანთა, დამტოვა მარტო და წავიდა იმ ვითომ სალომესთან, თავის ავადმყოფ ფანტაზიასთან შესახვედრად… ტელეფონი არ მქონდა და იქიდან როგორ გამოვხოხდი ტრასამდე ოცდაათკილოიანი ზურგჩანთით და როგორ მოვაღწიე სახლამდე, ეგ კიდევ ცალკე თემაა. ვგონებ, რისხვამ და იმედგაცრუებამ მომცა საამისო ძალა. იმ დღის მერე დავივიწყე საერთოდ ეს ჩემი ძმაკაცი. ცოტა ხანში მუშაობაც დავიწყე, მერმე სხვა სახლშიც გადავედი და კაი ხანი საერთოდ არ გამიხედავს იმ უბნისკენ და არც ჩემი ყოფილი ძმაკაცი მომიკითხავს. ერთხელაც მივდივარ რუსთაველზე ველოსიპედით და გადამიდგა ვიღაც მოხუცი ქალი, გადამეხვია და ტირის, ტირის, სულმოუთქმელად ქვითინებს. დავაკვირდი და ჩემი ძმაკაცის დედა ყოფილა, ძლივს ვიცანი ისე იყო მობერებული, თმაგათეთრებული. მეთქი – ხომ მშვიდობაა, ელენე დეიდა, როგორ არის ლევანი და მოკვდა შვილო ლევანიო, აღარ მყავს შვილიო. სამ იანვარს, კორპუსის წინ ქუჩაზე უპოვნიათ დამტვრეული, ბინაში კიდევ ნახმარი სანარკოტიკო ატრიბუტიკა… მეცხრე სართულიდან გადმომხტარა.
იმ წყეული დროებიდან თორმეტიოდე წლის მერე, აგერ ახლახანს, ფეისბუქზე მომდის ესემესი: ლუკა ხარ? ბაქანიძე? დაუსწრებლად გიცნობ. ლევანის მეგობარი ვიყავი, სალომე..
ეჰეი, ცხოვრებავ.
