ხუთშაბათამდე მთელი ერთი დღე მქონდა ფიქრისთვის, ღირდა კი დაბრუნება გიორგისთან? რატომ მომიყვა ისევ მე? რატომ შეეშინდა და დაიბნა, გული წაუვიდა, ჩემს დანახვაზე ის ბავშვი გაახსენდა და იმიტომ? თუ ბურღი მოეშვა და რამე შეამჩნია თავის ბურღს? ამ ყველაფრის შემსრულებელზე დავფიქრდი, ამ ბიჭს

 

  • გიორგის, ისეთი დანაშაულის შეგრძნება გაუჩნდა, რომ მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა? ქვეცნობიერად, განა იმ კლასელის გამო არ გადაწყვიტა სტომატოლოგობა? იმ ერთი ავბედითი დღის გამო დაადანაშაულა თავი! ვინ იცის, სჯიდა კიდეც საკუთარ თავს, აწვალებდა, ტიროდა, განიცდიდა, მაგრამ ვერავის ვერაფერს ეუბნებოდა წლების განმავლობაში. მერე კი, უკვე მოზარდი მთელი შემართებით დაეწაფა დენტისტის სპეციალობას, სწავლობდა, ვარჯიშობდა, ბებიას სტომატოლოგიურ ოთახში მოხროტინე კლასელი მუდამ თან დასდევდა, მუდამ ახსენებდა თავს. მე კი უბრალო მსხვერპლი აღმოვჩნდი, უბრალო მოწმე მისი აღსარებების, ჩემში ეტყობა ის ამოიცნო, ის ადამიანი ვისაც ყველაფერი შეგიძლია უამბო, მწერალი – რომელსაც შეგიძლია შენი შორეული სადარდებელი გაანდო…

 

სახლში მოსვლისთანავე, როგორც თანამედროვე უსუსურმა არსებამ, Google-ში ვდურთე თავი და სტომატოლოგიის ისტორია შევისწავლე. ვიკიპედიაში არაფერი ეწერა, რამე ისეთი რაც ბურღის შტირით ადამიანის ფატალურ შემთხვევაზე იტყოდა, პირიქით, კბილის მკურნალობაზე ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტური პაპირუსები გვამცნობდნენ, შუმერებს უკვე გამოეკვლიათ და ჰქონიათ ცოდნა ჭიანაჭამი კბილის შესახებ, რა საინტერესოა არა? ადამიანის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა კბილის მკურნალობის ისტორიაც. პირველი ხიდი კბილებს შორის, ანუ გვირგვინის ტექნოლოგია ძველ რომაელებს

 

შეექმნათ, სტომატოლოგის იარაღები კი, მთელი ეს რკინის ბურღები და კანჭები – შუა საუკუნეების ფრანგებს გამოუგონიათ. XIX – XX საუკუნეში უკვე გერმანულ, საბჭოურ, ისრაელის და ამერიკის კლინიკებში აუყვანიათ კბილის მკურნალობა უმაღლეს დონეზე, იმპლანტები, გაუტკივარება, მინიმუმამდე დაყვანილი დრო და ა.შ. მსოფლიო ზეიმობდა კბილის დაავადებებზე, ჩემი სხეული კი დამარცხებული და დაჩიავებული ძრწოდა იმის წარმოდგენაზე, რომ ხუთშაბათს ისევ გიორგისთან უნდა მივსულიყავი და მას ბურღი უნდა ჩაერთო…

 

რა უნდა მექნა? ბურღს ისევე ვერ ავცდებოდი როგორც სამარეს, კბილზე ყველა ვარიანტში უნდა მემკურნალა. ფიქრებმა ისევ იმ შემთხვევაზე წამიღო, ის ხომ შემთხვევა იყო? უბედური შემთხვევა, არც არსად წერია და დარწმუნებული ვარ არც ასე პანტა-პუნტით წყდება ბურღის შტირები. ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა იმ ასაკოვან ქალს მოუვიდა შეცდომა და გარეცხა, მაგრამ კარგად აღარ დაამაგრა, იქნებ ამ ბავშვმა თამაშისას დააზიანა? მოკლედ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, გიორგის არასოდეს არაფერი დაუშავებია პაციენტებისთვის, თორემ აქ თბილისის ცენტრში ასეთ მაგარ კლინიკას ვერ მოაწყობდა, ასეთ პრესტიჟულს, ასეთი სახელიც არ ექნებოდა. გასული 8 თვის განმავლობაშიც ყველა მკურნალობა ისე ჩამიტარა გიორგიმ ერთი ნერვი არ ამტოკებია, მაშ, ყველაფერი უნდა დავივიწყო, მისი მოყოლილი ჰორორები წარსულს უნდა გავატანო, წყალს უნდა მოვუყვე და რამენაირად უნდა ამოვიგდო თავიდან, კარგი რა, მართლა სისულელეა იმაზე ფიქრი რა იქნება ხვალ, და როდის მოვკვდებით. არც ანესთეზია და არც კბილის ბურღი, სულ სხვა რამ მომკლავს მე, სიბერეში შესულს ნეკრისი ქარები დამტანჯავს და ამდენი კითხვისგან, წერისგან და ფიქრისგან ხერხემალი ჩამომეშლება, მწერალო, ოსტეოქონდროზი დაგტანჯავს, ართრიტი გაგაწამებს, ადექი, ადექი, ერთხელ მაინც გაიაზრე რომ სიტყვები – მფრინავი ბუზები არიან, რეალობა კი შენს გარშემო გაფერადებული სამყაროა, შენს გარშემო მოფუსფუსე კაცობრიობაა, რომელიც ყოველ დღე იღვიძებს და იძინებს, მისი მოკვლა კი არც ისე ადვილია, როგორც შენ წარმოგიდგენია…

 

ხუთშაბათს კბილის ექიმთან წავედი, გიორგიმ უცხოპლანეტელა ნათურა ჩემი პირის ღრუსკენ მოანათა, ხელში ბურღი შეათამაშა და ფეხს დააჭირა…

 

 

 

 

 

 

1 2 3 4