ვუფიქრდები როგორი პატარაა ეს კბილები და როგორ ამდაბლებს ადამიანს? შესაძლოა მილიონერი იყო, მაგრამ იძულებული ხარ სტომატოლოგს თითები ჩააყოფინო შენს პირის ღრუში, ნეტავ, მამამარჩენალს როგორი კბილის ექიმი ჰყავს? საქმის პროფესიონალი კი იქნება, მაგრამ მამამარჩენალს აქვს შიში თავისი დენტისტის? იქნებ ანესთეზიის არ ეშინია, მაგრამ ის უფრო აშინებს უცბად რამე არ გაუკეთონ, უცბად არ გადაატაროს ბურღი ყველა კბილზე რაღაცაზე გამწარებულმა. ან სხვა შემთხვევა ავიღოთ, შესაძლოა, ნობელიანტი ხარ ფიზიკის

 

დარგში, ან სულაც შავ ხვრელში უახლოეს თეორიას ავითარებ და მაინც გიწევს სტომატოლოგთან მისვლა. ნობელიანტი ფიზიკოსი რომელმაც შეიძლება პარალელური სამყარო აღმოაჩინო მაინც აძლევ ნებას ვიღაცას შენს პირში იფათუროს. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის მმართველი ხარ, გენიოსი, თუ უბრალო მწერალი ყველას ერთად გველის სტომატოლოგის კაბინეტი. შესაძლოა, ადამიანი არადროს არ მოხვდეს გულის საოპერაციო პალატაში, ქირურგთან, ან მთელი ცხოვრება არ შეაწუხოს აპენდიციტმა, მაგრამ შანსი არაა – კბილის ექიმის კვერთხი ყველა ჩვენგანს მოხვდება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი კანის ფერი გაქვს, რომელი პარტიის წევრი ხარ, კაცი ხარ თუ ქალი, ლიბერალი ხარ თუ მემარცხენე, ბიტლზებს უსმენ თუ ემინემს, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, სტომატოლოგიურის სკამზე ყველა თანასწორნი ვხდებით. კბილის ექიმი ისეთივე გარდაუვალია – როგორც სამარე, როგორც დაბადება და გარდაცვალება, ვერავინ ავცდებით ამ უცნაურ ადამიანებს, რომლებიც გვაპირქვავებენ და მერე გვბურღავენ. მე თუ მკითხავთ, თანასწორობისა და დემოკრატიის სიმბოლო დენტისტის კაბინეტი უნდა იყოს, მაშ!

სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი რომ – გიორგი მბურღავდა, ბჟჟჟ – იძახის იარაღი, ჩემს ტუჩთან ექიმის ხელი მოწყდაო, მოეშვაო და გულმკერდზე ჩამომვარდა, რა ჭირდა? რატომ დაუვარდა ხელი ჩემი პირიდან ჩემს გულმკერდზე? და რას ვხედავ, გიორგი თვალებმინაბული გონებას კარგავს, სადაცაა დაეცემა, წამოვვარდი, ხელი უნდა შევაშველო რომ იქვე იატაკზე წაბარბაცდება. გაოცებული ვიყურები, ოთახში არავინაა, გიორგი სკამზე ახოხდება და თავს ძირს ხრის…

 

  • რა მოხდა? კარგად ხარ?

 

… თავი ჩაქინდრული აქვს

 

  • რა მოგივიდა, გიორგი? – წამოვხტი

 

  • ვინმეს დავუძახო? წყალი ხო არ გინდა?

 

  • ჰო წყალი… ამოწია თავი და ძლივს ამოილუღლუღა. ონკანთან გავიქეცი და ერთჯერადი ჭიქით წყალი მივურბენინე, აშკარად ცუდადაა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ? გულშეღონებული მიესვენა სკამზე, თვალები დახუჭული აქვს და პერიოდულად თითებით ისრესს.

 

  • ხომ არ დავრეკო სადმე?

 

  • არა, არა, იყოს…

 

  • მე ხომ არ მჭირს რამე კბილებში? ვცადე გახუმრება, ჩაიცინა, არა არაო, მაგრამ მე ამასობაში ფანტაზია ჩავრთე, რა დაინახა ასეთი ჩემს პირში? მუტანტები ამომდის? თუ უნერვო ფესვებში მცენარეები იზრდებიან? იქნებ დედას კლასელმა ჩემი ბავშვობის ექიმმა საბჭოთა სტომატოლოგიურში რამე მოსასმენი მიკროჩიპი ჩამიდო ერთ-ერთ კბილში და ახლა გიორგიმ აღმოაჩინა? გიორგი ნელ-ნელა გონზე მოდის და თავის პირსაც მოაღებს, იმ დაწყევლილ პირს, იქიდან, თითქოს,

 

ტერორისტები გამოდიან, სახეაფარებული, იარაღმომარჯვებული ტერორისტი ბუზები:

 

  • „სოფელში რომ ვცხოვრობდი, ბავშვობაში ბაბოჩემი კბილის ექიმი იყო, წამიყვანდა ხოლმე თავის კლინიკაში, ვიჯექი და ვთამაშობდი ჩემთვის, ჩემს ჯარისკაცებს წავიყვანდი და იქვე მაგიდაზე გავშლიდი საჯარისო ნაწილებს, ისე რომ ბაბოს არ შეშლოდა ხელი“. – გიორგიმ დინჯად დაიწყო თავისი ამბის თხრობა:

 

  • ძველებური რკინის, აი, კარგა ძველი ბურღი ჰქონდა, ისეთი ხმა ჰქონდა რომ სკოლამდე ისმოდა ხოლმე იმის ხმა. ერთხელ ჩემი კლასელი ბავშვი მოიყვანა დედამისმა ბაბოჩემთან სამკურნალოდ. ჩემს კლასელს უკვე დასჭიანებოდა კბილი და ბაბოჩემს უნდა გაებურღა, შემდეგ კი დაეპლომბა. ბაბომ დაუყვავა, მოესიყვარულა, ბევრი შოკოლადი გყვარებიაო და აიღო ბურღი, ფეხი მომართა და დააჭირა… ერთ წამში სამყარო დატრიალდა, ბაბო ქვევით გარბოდა – სასწრაფო გამოიძახეთ დროზეო, ბავშვის დედა წიოდა – ხალხო მიშველეთ, ხალხოო! ფანჯრებდაღებულ ოთახში ბავშვი პირმოკუმული ხროტინებდა და იკლაკნებოდა, დედამისი ცდილობდა პირი გაეღებინებინა მისთვის, ის კი პანიკურად კეტავდა და სისხლს აღებინებდა, გაშტერებული ვიდექი და ვუყურებდი მომაკვდავ ბავშვს, რომელიც ადგილზე ხრანტალებდა. როგორც იქნა, სასწრაფოც მოვიდა და საავადმყოფოში გააქანეს, ოთახი ყველამ რომ დატოვა უკვე ძალიან გვიანი იყო, ბაბო ყველას სათითაოდ აცილებდა, ყველას ხელების ქნევით ეუბნებოდა, არ ვიცი რა იქნება, როგორ, რატომ მოხდა ასე? ბოლოს კი ჩვენ ორნი დავრჩით. ოთახი გაყუჩდა, აშლილი ნერვები მოთოკა ბაბომ შემომხედა, გავახსენდი.

 

  • რა მოხდა ბაბო? – ვკითხე, ხელი გამომიშვირა, ჩამიკრა და ჩამიხუტა.

 

  • არ ვიცი შვილო, ბურღი რომ ავიღე, პატრონიც გაუქრეს, ე, მაგის მამგონს, არ ვიცი შვილო როგორ მოხდა, ბურღს ფეხი როგორცვე დავაჭირე, ის წვრილი შტირი გავარდა და პირდაპირ სასაში შეერჭო იმ უბედურს იმას, ბურღის პირი მოშვებულა შიგნითა. შეერჭო და აესე მოუვიდა, ნეტა რამეს იზავდნენ და გადაარჩენდნენ ბავშვსა, ღმერთო, ეს რა დღე გამითენდა, ღმერთოო, ეს რა დღეს მომასწარ, ბავშვი დავღუპე, ღმერთოო…

 

გვიან ღამით რომ დავწექით თვალი ვერ მოვხუჭე, ჩემს კლასელზე ვფიქრობდი, უფრო კი სინდისის ქენჯნა მაწუხებდა, ნელ-ნელა ამოტივტივდა ჩემში მოგონება როცა ჯარისკაცებით ვთამაშობდი ერთ მომენტში ბაბო ქვევით ჩავიდა, მე ის ბურღი ხომ არ ავიღე, ვთამაშობდი, მოვუშვი? შტირი დავაზიანე? ბურღი საზენიტო საბრძოლო იარაღი იყო – ბუხ, ფეხი დავაჭირე და მოწინააღმდეგე ჯარისკაცების ტანკს შევახეთქე, ტანკი გაიხვრიტა… ჩემი ბრალი იყო!?..“

 

კბილის ექიმი მორჩა თავის აღსარებას, შემომხედა და უკვე დამშვიდებულიყო, თვალებში კარგად იხედებოდა, გათავისუფლებულიყო, მე კი ამასობაში მთელი მისი მოყოლილი შემესისხლხორცებინა, ახლა მისი სიტყვები ჩემს გონებაში

 

ტრიალებდნენ და კიოდნენ. გიორგი წამოდგა, დაფაცურდა, ბოდიში მომიხადა, მოდი გადავდოთო…

 

გაოგნებული წამოვედი კბილის ექიმიდან, ჯერ იყო და ანესთეზიაო და ის მიწისძვრა მოხდა, ახლა კი ეს მოგონება და ბურღის შტირი, რომელიც შეიძლება მოეშვას და ჩემს კისერში აღმოჩნდეს! რა დაემართა იმ ბავშვს? ნეტა თუ გადარჩა? რატომ არ ვკითხე? იქნებ, დასახიჩრებული აგრძელებს ცხოვრებას? იქნებ, მარტივად ამოუღეს, საავადმყოფოში მინი ოპერაციას ჩაუტარებდნენ, საბჭოთა ქირურგები საკმაოდ ძლიერები იყვნენ, ყელიდან ამოუღებდნენ იმ შტირს, მერე კი გაუკერავდნენ, გადარჩებოდა ის ბავშვი აბა რა იქნებოდა? უამრავი შემთხვევაა ადამიანები ტყვიით თავში, ან დანით მუცელში ცხოვრობენ! რაღა, მაინცდამაინც, იმ ბავშვს დაემართებოდა რამე? თან ერთი რკინის პატარა შტირი, მაგრამ არ დაგვავწიყდეს საბჭოთა წარმოების რკინის შტირი, რომელიც ისეთი სისწრაფით შევარდა ყელში – ისარივით, შესაძლოა დარტყმის ძალა ისეთიც იყო, რომ სისხლძარღვების მეშვეობით გულისკენ წავიდა და გული გაუხეთქა!? სისხლს ანთხევდაო, გონზე აღარ იყოო!

 

 

1 2 3 4