გიორგისთან პირველად რომ მივედი მზიანი დღე იყო, რომელიღაც კბილი უნდა დამეპლომბა, თუ გადაკვრა უნდა გაგვეკთებინა, ჩემი წარმოდგენით მარტივი პროცედურა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა! გიორგიმ მთელი ახალი სტანდარტები გადმომილაგა, თუ გაქვს გაკეთებული ალერგიის ტესტიო? რა ალერგიის მეთქი? აი, ანესთეზია უნდა გაგიკეთო და ულტრაკაინზე, ან პროტოკაინზე ხო არ ხარ ალერგიულიო? მეთქი რა ვიცი კბილები დაპლომბილი მაქვს, არხებიც ყველგან თითქმის მკვდარია, რას ნიშნავს ანესთეზიამეთქი? იმ წამს გავიგე, რომ წლების განმავლობაში კბილებს რომ მიყუჩებდნენ, რამოდენიმე საათიანი ტუჩების დაჩლუნგება რომ მეწყებოდა მაშინ ანესთეზიას მიკეთებდნენ, მაგრამ აბა არავინ არაფერს მეკითხებოდა და საიდან უნდა მცოდნოდა? რომელ ანესთეზიას გიკეთებდნენო? ამან კიდე უფრო დამაბნია, როგორც ჩანს ყველაფერი უნდა ჩამეწერა და ჩემი კბილების ისტორია დეტალებში უნდა მეწარმოებინა? აი, მაშინ კი, გიორგიმ ალერგიის ტესტზე გამიშვა, დამატებითი ხარჯი და დროის კარგვა,

 

მაგრამ სხვა გზა არ იყო, წავედი კლინიკაში და გავიკეთე ანალიზი, არაალერგიულის დამადასტურებელი ფურცელი დამიბრუნეს და რამოდენიმე საათში ისევ გიორგისთან ვიჯექი.

 

გიორგიმ თავის გასამართლებლად დამატებითი ცნობები მომახსენა, თანამედროვე სამყაროში ადამიანებს ყველაფერზე გვაქვს რეაქცია, ზედმეტად ქიმიური გახდა ჩვენი სამყარო, ნებისმიერ წამს შესაძლოა გამოვავლინოთ ალერგია სხვადასხვა გამაღიზიანებელზე, ანესთეზია კი ერთ-ერთი ასეთი რამაა. მეტიც, 6

 

თვის მერეც რომ მოხვიდე და ანესთეზიის გაკეთებამ მომიწიოს, მაშინაც კი ახლიდან უნდა გაიკეთო, რადგან ამ ანესთეზიის ტესტით შესაძლოა 3-5 თვით ვიხელმძღვანელოთ, არის შემთხვევები ძალიან მცირე, მაგრამ ყოფილა შემთხვევა პაციენტი ალერგიული შოკით გადაუყვანიათ სასწრაფოთიო. ამდენს არ ველოდი, როგორც მწერალს, მოგეხსენებათ რამხელა მნიშვნელობა აქვს „სიტყვას“. ჩვენ ხომ სიტყვებით ვცხოვრობთ, სიტყვები განსაზღვრავს ჩვენს დაბადებას, ბავშვობას, განვითარებას, ცხოვრებას, სიკვდილსაც კი. სიტყვებით გვიყვარდება, სიტყვებით გვტკივა და სიტყვებით გვშია, ჩვენ სიტყვების გარეშე არაფერნი ვართ და დაკვირვებული მკითხველი დამეთანხმება, რომ „პირველად იყო სიტყვა…“ მწერალი ღმერთის ფრაზაა, თორემ მუშაკი ღმერთი, ან დენტისტი ღმერთი ამას ვერ იტყოდა.

 

ჩემი კბილის ექიმის – გიორგის მონათხრობმა, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ჩანდა, კბილებზე ასე არხეინად სიარული არც ისე უსაფრთხო ყოფილა, და შესაძლოა, მე ბევრჯერ გადავურჩი სავალალო შედეგს!? წლების განმავლობაში მიკეთებდნენ ანესთეზიას, მე კი არაფერი არ მადარდებდა, არადა შეიძლება დუჟი გადმომსვლოდა და კანკალით ატანილი საავადმყოფოში გავექანე!?

 

რა უნდა მეთქვა ჩემი ახალი კბილის ექიმისთვის? შემეშინდა, მაგრამ იქიდან ხომ ვერ გამოვიქცეოდი? მითუმეტეს ხელში ანესთეზიის ანალიზის პასუხები მეჭირა, სადაც გარკვევით ეწერა, არ ვარ ალერგიული, ასევე დასტური იყო ჩემი პირის ღრუ, დაპლომბილი კბილები, მკვდარი ნერვები, ერთი სიტყვით, დენტალური სასაფლაო…

 

გიორგიმ ნემსი მოამზადა, ჰაერში აწია, თითი მიაჭირა, ცოტა წყალმა ჰაერში ისკუპა და ნემსი წამოვიდა ჩემსკენ, ღრძილში შემერჭო, ანესთეზია ჩემს სხეულში შეიჭრა! სიტყვები, ალერგია, გიორგი ექიმი, ახალი სტომატოლოგიური, ნუთუ გადავრჩები? შესაძლოა ის ტესტი არასწორად ამიღეს? იქნებ ზემდეტი დოზა შეიყვანა? და კეფამ ზანზარი დაიწყო, ზურგიდან ციება შემეპარა, ორივე ხელი ამიკანკალდა, მთელი სხეული აძიგძიგდა, ეს რა ხდება? ეს რა მემართება? შეშლილი თვალებით წამოვიწიე რომ, რას ვხედავ, ფანჯრები ჭრაჭუნობს, სახლი ირყევა, ყველაფერი გარშემო ატორტმანდა, წარმოუდგენელი რამ ხდება, ალერგია დამეწყო? გიორგი შეშინებული მომიტრიალდა და დაიყვირა – „მიწისძვრაა!“

 

სახე ჩამომიხმა, დასწყევლოს ეშმაკმა, რაღა ზუსტად ამ დროს, ზუსტად ამ წამს? 5 წუთის შემდეგ სტომატოლოგიური კლინიკის ქვეშ ვიდექით – მე, ჩემი კბილის

 

ექიმი, მისი თანამშრომელი და სხვა გარეთ გამოსული ხალხი…

 

  • ე.ი. ანესთეზია გავუკეთე, მოვტრიალდი და ეგრევე არ დაიწყო?

 

  • გული გაუსკდებოდა? ჰაჰა!

 

ქუჩაში ხალხი ფუსფუსებდა, ზოგს უკვე მიეტოვებინა მიწისძვრაზე ფიქრი, სამრეცხაოში მანქანებს რეცხავდნენ, სანაგვე ურნასთან კაცი ნარჩენებს არჩევდა, მე კი გაფითრებული და გაოგნებული ხესავით ვიდექი…

 

 

მაინც როგორ დაემთხვა ასე ყველაფერი ერთი მეორეს? ეს მინდოდა? სრულიად უშიშარს, კბილის ექიმებში გამობრძმედილს, ეს მინდოდა? ის დღე იყო და ის შემთხვევა, მას მერე კბილის ექიმთან წასვლა კოშმარად გადამექცა, ოღონდ ანესთეზია არ დამჭირდეს, ღმერთო, ოღონდ გაყუჩება არ გახდეს საჭირო და ისე მოევლოს საქმეს…

 

როგორც ჩანს ჩემი ბავშვობის ექიმს, დედას კლასელს ბევრი უმუშავია, გიორგისთან დავიწყე სიარული და კბილებს ზედიზედ ვიკეთებდი, რადგან ფესვებიც მკვდარი იყო, არხებიც ამოწმენდილი და მხოლოდ გვირგვინის გადაკვრები რჩებოდა. ანესთეზიას ველოდი, ველოდი, ის კი არ ჩანდა და აი, ახალმა შემთხვევამაც არ დააყოვნა – გიორგისთან სიარულის დაწყებიდან დაახლოებით 8 თვეში, 40 წელს გადაცილებული კაცი ახალი შიშების მსხვერპლი გავხდი – შემოქმედი ისევ ჩემი ახალი კბილის ექიმი – გიორგი გახლდათ, ამ ბიჭს ჰიჩკოკის პრემიას მივანიჭებდი ჩემი ნება რომ ყოფილიყო…

 

ვზივარ და ვუყურებ ჩემი სახისკენ მოშვერილ ერთ ნათურიან ლამფას, როცა გიორგი ჩემს პირის ღრუში მუშაობს ყოველთვის ამ ნათურას შევცქერი, უცხოპლანეტელის თვალს მაგონებს, აი, იქ, გვერდში გაკაწრულია, ვცდილობ ექიმს ხელი არ შევუშალო, არც ცუდ რამეებზე ვიფიქრო, საშიში არაფერია, ანესთეზიას დღეს არ ვაკეთებთ, მაშ, გიორგი ისევ ისე იმუშავებს, ჩუმად, უსიტყვოდ – ღმერთო, ნეტა ხმა არ ამოიღოს, ეგ თუ პირს მოაღებს მტრისას ჩემში საშიში ბუზები იწყებენ ფრენას ბზზზ – ბჟუის ბურღი, წყალი მიგუბდება, გადააფურთხეო – მეც გადავეყუდები ნიჟარაში, იქიდან ხან ჩემი სისხლიანი წყალი მოდის, ხან ნაცრისფერი – მოქლიბულის, მუშაობს ბიჭი!

 

ასეთ დროს ვიწყებ ფიქრს ჩემს ცხოვრებაზე, ან ვითვლი ჩემი იმ თვის დარჩენილ ფულს, ვანგარიშობ, ტვინს ვავარჯიშებ, მოკლედ დრო გამყავს, დრო კი გადის, 10 წუთი, ნახევარი საათი, 1 საათი. გიორგი დაფუსფუსებს იარაღებს, ხან რას მოიმარჯვებს ხელში ხან რას, ყოველ მის ახალ აღებულ იარაღს თვალით გავხედავ, ნემსი ხომ არ არის? რამე ხომ არ მელის? აუცილებლად უნდა მითხრას და გამაფრთხილოს, თუ ისევ ანესთეზიის გაკეთება მოგვიწევს. გიორგი თითებით პირშია ჩამძვრალი და მე ჩემი გრძელი ენით ვეგლისები მის ხელთათმანს, ძალიან მერიდება, პატარა უმწეო ბავშვივით ორ თითს ვეტყეპები, სოსკაა? თუ რა ჯანდაბაა? ამიტომ ვცდილობ ენა მოვაშორო იქაურობას, გვერდით გავწიო.

 

 

1 2 3 4