კბილის ექიმის ბავშვობაში არ მეშინოდა, მხოლოდ, უსიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა, როცა დედას თავის კლასელ სტომატოლოგთან მივყავდი. სააკაძის მოედანთან, ძველი საბჭოური კლინიკის ჯურღმულებში, მბჟუტავ შუქში და ცივ კაფელში გამომწყვდეული, ლამაზი, ახალგაზრდა ქალი მუდამ ღიმილით მხვდებოდა, მერე კი დიდ და უხეშ რკინის იარაღებს პირში ჩამთხრიდა და სულ იმას იმეორებდა „ნუ მისველებ“, „ნუ მისველებ“. პროცედურების დასრულების შემდეგ კი, ერთმნიშვნელოვნად გამოაცხადებდა „ძალიან ნერწყვიანია“. დედას კლასელი კარგი სტომატოლოგი იყო, ჯერ კიდევ 10 წლის არ ვიყავი რომ, თითქმის, ყველა საღეჭ კბილში ნერვები მომიკლა და პლომბები დამადო, ეს უფრო მეტ ხანს გაძლებსო. დედას კლასელი სტომატოლოგის, ჩემი ბავშვობის კბილის ექიმის არ მეშინოდა…

 

გავიდა წლები, გავიზარდე, დედას კლასელიც გაიზარდა (?!) და შეეშვა სტომატოლოგობას, როგორც ჩანს, მისი მოწოდება არ იყო, უფრო ხატვა უყვარდა. მე კი სტუდენტობისას, ჩემი დამოუკიდებლობის ზენიტში მყოფს ჩემი კბილის ექიმი უნდა მეპოვნა, ჩემი სტომატოლოგი. გარშემო მივიკითხ-მოვიკითხე და მახსოვს, ოპერასთან სტომატოლოგიური კლინიკა – „შუა ქალაქში“ აღმოვაჩინე. კლინიკის სახელწოდება მახალისებდა, მითუმეტეს, რომ იმ პერიოდში შემჯდარი ვიყავი ტელეკომპანია იმედის უსაყვარლეს სერიალზე „შუა ქალაქზე“. ხალისით მივიწევდი ჩემს ახალ ექიმთან და ერთადერთი სადარდებელი ის მქონდა – რა დამიჯდებოდა მკურნალობა, რადგან უკვე სტუდენტს საკუთარი ფულიც მქონდა და მე თავად „მეყუდნა თავი“, მე უნდა გადამეწყვიტა და მომეგვარებინა ჩემი პრობლემები. ჩემი ახალი კბილის ექიმი ახალგაზრდა ბიჭი იყო – პრაქტიკანტი – ჩემზე ვარჯიშობდა, ნახევარ ფასად მიკეთებდა კბილებს, მასაც აწყობდა ჩემნაირი კლიენტი და მეც მაწყობდა ნახევარ ფასად მოგვარებული პრობლემა. ჩემი სტუდენტობის დროინდელ სტომატოლოგ ბიჭს არაფრად ჩაუგდია წინა დენტისტის დაუდევრობები, ნაცნობიც იყო მისთვის ეს წინარე ათ წლეულის პრაქტიკა, რეზორცინით ფესვების დაპლომბვა და ა.შ. სხვა დარჩენილ კბილებს დაუარა და თავისი ცდები ჩაატარაო. ახლა უკვე 20 წლისას, თითქმის, ყველა საღეჭი კბილი არა თუ დაპლომბილი, არამედ გვირგვინ გადაკრული მქონდა. იმ ბიჭის საქმიანობას დღესაც ვუმადლი და არ დამავიწყდება მისი გულიანი მეცადინეობა ჩემს კბილებზე, სწავლობდა, ეკითხებოდა პროფესორებს, ბოლომდე გულით მომყვებოდა, მისი გაკეთებული კბილები დღემდე უძრავად დგანან და რაც არ უნდა უცნაური იყოს, არც არასდროს შევუწუხებივარ.

 

გადიოდა დრო და კბილებიც, დრო და დრო, მახსენებდნენ თავს. ჩემი პრაქტიკანტი, რეზიდენტი ბიჭი დამეკარგა, ერთ დღესაც „შუა ქალაქს“, რომ

 

მივაშურე, ააა, ისო წავიდაო, თავის კლინიკა გახსნაო, გავიკითხე-გამოვიკითხე და ვერა, ვეღარ მივაგენი. ჩვენში დარჩეს და, დღემდე მაქვს იმედი, რომ ისევ ვიპოვნი და რაც მთავარია, იმედი, რომ ის ისევ ამ საქმეს უძღვება, მისი ბუთქულა თითებით, მოუხელთებელი, ერთი შეხედვით მსხვილი და ბოტიტა მკლავებით ყველასგასაკვირად ოსტატურად უვლის პირის ღრუს. მოკლედ „შუა ქალაქის“ დენტისტი ისე გაქრა ჩემი ახალგაზრდა, მხიარული ცხოვრებიდან როგორც თავად სერიალი „შუა ქალაქში“. მთავარი სათქმელი კი ისევ ის გახლავთ, არც ჩემი სტუდენტობის დროინდელი, პრაქტიკანტი სტომატოლოგის არ მეშინოდა.

 

უნივერსიტეტის მერე დავიწყე ხან ვისთან ხან ვისთან წოწიალი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ მე მაინც არ მქონდა შიში კბილის ექიმებთან სიარულის, არანაირი სტრესი არ მეკარებოდა, ვერც კი ვხვდებოდი რას აკეთებდნენ, რას ბურღავდნენ, რას მიბუჟებდნენ, რატომ მიჩლუნგდებოდა სასაცილოდ ტუჩის ერთი ნაწილი და კბილებითაც კი შემეძლო დამეჯიჯგნა. ერთმანეთს ენაცვლეობდნენ უაზრო სტომატოლოგები, არცერთთან არ გავჩერებულვარ. ასე მაგალთად, ტაშკენტისა და ფანჯიკიძის კვეთაზე ერთი ნაშა, შეღებილი ყავისფერი თმით, ტკბილი და მოუბარი ხმით, პირში ჩამხედა და ჰოი, საოცრებავ, მე რომ მისი ხალათის თეთრი კალთისკენ ვწევდი ხელებს, მის სექსუალურ გრძელ ფეხებზე რომ ვფიქრობდი, ამ გამოშტერებულმა დენტისტმა შუა მუშაობისას მობილურს უპასუხა. პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ, პირში მიყურებდა, ერთი ხელით რაღაცას ეწვალებოდა, მეორე ხელით კი მობილურზე ლაპარაკობდა. დაიწია კიდეც ჩემს პირთან და ისეთი შეგრძნება მქონდა მობილური დაუცურდებოდა და ხახაში ჩამივარდებოდა. შეხედეთ ამ უზნეოს! ამ დილეტანტს! ასეთებს რატომ უშვებენ საერთოდ საქმის გასაკეთებლად?! გულში ვბრაზობდი და თავქუდმოგლეჯილი გამოვრბოდი.

 

შემდეგ იყო ერთი მწარე მოგონებაც – სტაჟიორად ვმუშაობდი და ისე მოხდა რომ 5-6 თვე ძალიან გამიჭირდა, ხელფასს არ მიხდიდნენ, მაგრამ ყოველდღე მამუშავებდნენ. ფულის სესხება ტრაგედიასთან ასოცირდებოდა, ასე რომ მერჩივნა ისევ ჩემი თავისთვის მომეკლო და ეკონომია ჩემს ხარჯებზე გამეწია. ასეთ გაჭირვებაში ვარ, რომ ერთ-ერთი საღეჭი კბილი გადამიტყდა და ფესვიც ზედ მიყვა. მივდექი-მოვდექი და ფესვის ამოღება ზოგმა რა დამიბრეხვა, ზოგმა რა – მაშინ მე ის 50 ლარი ერთი თვის სახარჯად მქონდა გათვლილი! მეგობარმა მირჩია რობაქიძის კლინიკაში მიდი ჩემი სახელით, იქ პროფესორი ესა და ეს ლექციებს ატარებს და სტუდენტებისთვის საჩვენებლად ხანდახან იღებს ფესვებს სრულიად უფასოდო, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ერთი წამითაც კი არ შემშინებია კბილის ამოღების. ხალისით გავწიე რობაქიძის უნივერსიტეტისკენ და მართლაც, ქალბატონმა პროფესორმა თბილად მიმიღო, თვალებით გამზომა, თითქოს, მიმიხვდა ყველაფერს, დახმარების ხელიც გამომიწოდა და მომდევნო დღეს დამიბარა. დათქმულ დროს რომ მივედი, შემოლაგდნენ პინგვინა 17 წლის

 

სტუდენტები. ქალბატონმა ჯერ მოკლე შესავალი გააკეთა, შემდეგ კი გამაყუჩებლის გარეშე – ნუ გეშინია არ გეტკინებაო, ნერვიც მკვდარია და ფესვიც საკმაოდ მორყეულიო, იარაღი მოიმარჯვა და წამის მეასედში სრულიად უმტკივნეულოდ ამომიღო დაზიანებული ფესვი. იმ წამს ვერაფერი ვერ ვიგრძნენი, მაგრამ მოგვიანებით გავაანალიზე რომ ჩემი ფიზიონომიის რაღაც ნაწილი აღარ მქონდა, ვერც ვეღარასოდეს დავიბრუნებდი, მორჩა და გათავდა, პირველად დავრჩი კბილისა და ფესვის გარეშე, ღრძილი ნელ-ნელა ელასტიურად გადაიწია და ჩაღრმავებასავით იქცა. ასე მიმატოვა ერთმა კბილმა, ასე კეთილად და უფასოდ მომემსახურა ქალბატონი პროფესორი და ცხოვრებაც გაგრძელდა რომ…

 

ახლა კი დროა, მთავარ სათქმელზე გადავიდე, ჩემს მთავარ ამბავზე მოგითხროთ – ახლა მიხვდებით რამ გადამაწყვეტინა მომეთხრო ჩემი კბილების ისტორია, ამიტომ მადლობას გწირავთ – მათ, ვინც ჯერ კიდევ მომყვებით, სწორედ ახლა იწყება ის რის გამოც შევიკრიბეთ…

 

ერთხელაც ჩემს ახლანდელ კბილის ექიმს – გიორგის გადავეყარე. გაკითხვა-გამოკითხვით ვინ არის კარგი კბილის ექიმი? სად არის? ასე მივაგენი გიორგის. გიორგი ახალგაზრდა ბიჭი იყო, დაახლოებით ჩემი ტოლი და დელისზე აწარმოებდა თავის საქმიანობას. სწორედ გიორგისთან დამეწყო კბილი ექიმის შიშები, როგორ, რანაირად ამას ვაკვირდები, ვიხსენებ…

 

 

1 2 3 4