გამოცხადება  I

 

აქ რომ ბრუნდება, ფიქრობს,  თითქოს ის წასვლა, გადაკარგვა და ადამიანები არც ყოფილა. თითქოს სიზმარში ნახა ფრთებგამოზრდილი კორპუსები, ტროტუარზე შემხმარი ნარწყევის დანახვაზე ახარხარებული მეგობარი .ანა. მწვანე თმებით და  დრამატული ისტორიებით. მეგობარი. მეგობარი. მეგობარი. ხშირად იმეორებს. გეგონება,  წყალში ანკესს ისროდეს. მერე სხეული ეძაბება, თვალები უსივდება, ყელი უშრება. მზადაა. წამოაგო. კიდევ ერთხელ გამოუვიდა. თვალწინ ეშლება წარსულის სლაიდ შოუ. უგემოვნოდ და ერთი ხელის მოსმით   შექმნილი პრეზენტაცია. ძალიან სენტიმენტალური მუსიკით და უმისამართო თავდაჯერებით. ფოტოები მალ-მალე ცვლიან ერთმანეთს, ვერ ასწრებს ყველა დეტალის აღდგენას. დეტალები კიდევ  ისეთი არსებითია, რომ შეუძლია მთლიანი პერსპექტივა გვერდზე გაწიოს და ფანჯარაში არეკლილ ღრუბლის ნაჭერს ჩააფრინდეს. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას ,რომ დეტალებისადმი მისმა ცხოველურმა ვნებამ ყველაფერი თავზე ჩამოანგრია.

გამოცხადება II

ეს დედაჩემია. ეუბნება თავს,  თან სახეზე მიშტერებია. ნეტა დედამისის სახე ნიღაბი იყოს, შეინახავდა და როცა მოენატრებოდა გადაიცვამდა. დედად გარდაისახებოდა. როცა მოენატრება.  როდის მოენატრება. ჰო.  როცა დედამისი ქვეყნიერების დასალიერთან მივა. ქვეყნიერების დასალიერთან მისვლას ასეთი თავისებურება აქვს. მისულებს სუნთქვა აღარ ჭირდებათ, არც საკვები, არც დილით საშარდე ბუშტის დაცლა. საერთოდ არაფერი. თითქოს ქვეყნის  დასალიერი მაღალი ძაბვის ანტენა იყოს, რომელიც სხვა სიხშირეებს ახშობს და ყველა სიგნალს ერთ წყაროში უყრის თავს.  მისთვის გაუგებარ და საშიშ წყაროში.

გამოცხადება III

მრგვალი მაგიდა. ოღონდ სადმე მრგვალი მაგიდა და კაცი ერთად არ დაინახოს. სულ ის  ახსენდება, ბავშვობაში დედა რომ მოუყვა. მის მერე გადაწყვიტა, არასოდეს ყოფილიყო ორსულად და არასოდეს ქონოდა სახლში მრგვალი მაგიდა. და არასოდეს დაებრახუნებია ვინმეს სახლის კარზე.   ვერ წარმოუდგნია,  მრგვალი მაგიდის გარშემო მშვიდობას როგორ მიაღწევენ  ადამომანები.

გამოცხადება IV

 

ეთხელ ლექციაზე მისვლა დააგვიანდა და ლექტორმა მაღალ ფეხებზე ახორხლილი მრგვალი მაგიდასკენ მიუთითა. დაინახა თუ არა ფეხებში სიცივე ჩაუდგა და ღიმილით თქვა, რომ უბრალოდ ცუდი ასოციაცია ქონდა და ერჩივნა ჯგუფელებს შორის ჩაკვეტებულიყო. ასეც მოიქცა. გაუკვირდა, ამ ქალზე უკეთესი წარმოდგენა ქონდა.

გამოცხადება V

ქალი  შვილებთაან ერთად. სამშობლოდან გამოგდებული. სხვის ბინაში შეკედლებული ქალი.  ქალმა და კაცმა  სახლი ააშენეს . დიდი მარმარილოს კიბეებიანი და მანდარინის ბაღებიანი სახლი. ეს იყო პრეადამომანების ხანაში. მაშინ ადამომანები ერთმანეთის ხორცის ჭამისგან თავს იკავებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს თავშეკავება არ იყო ძალდატანებითი. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ადამოამანებმა ათასწლეულების განმავლობაში მუტაცია განიცადეს. ხოლო ის, რასაც დღეს ადამიანი ქვია  ამ მუტაციის და გენეტიკური კოდის რღვევის პროცესია. ადამომანები უკვდავი არსებები იყვნენ, მათთვის უცხო იყო ყველაფერი ფანატიკურ.  მათ შორის რელიგია და პოლიტიკა.

 

 

 

 

1 2