***
აქ წყდება ამბავი ისტორიაში მოგზაურობისა და ანე ფრანკთან შეხვედრის შესახებ. რვეულს ვხურავ და სმენადგადაქცეულ კლასელებს შევყურებ.
-ის მართლაც ცოცხალია! – მესმის ისტორიის მასწავლებლისგან.
ქართულის მასწავლებელი სათვალეს იხსნის და სევდიანი სახით მიღიმის.
ინტეგრირებული გაკვეთილი დასასრულს უახლოვდება. უცნაური ამბის განხილვა შემდეგი კვირისთვის გადაგვაქვს.
სკოლიდან სახლამდე მისასვლელ გზას ფეხით მივუყვები. თავსხმა წვიმა ამსტერდამის ქუჩებში მიმავალ ფრანკების ოჯახს მახსენებს.
ყველას სადღაც ეჩქარება.
მოულოდნელად, ჩემს ყურადღებას პატარა, თაფლისფერი და მწვანეთვალება კატა იქცევს. წვიმისაგან ერთიანად გაწუწულა და საცოდავად კნავის.
-მორჰენი! – უნებურად ვამბობ, კატა ხელში ამყავს, გულში ვიკრავ და გზას ვაგრძელებ.
