გარინდულია. ვხვდები, რომ მისი ფიქრები იმ საშინელი წლებისკენ არის მიმართული, რომლებიც სამალავებში უნდა გაატაროს. გულწრფელად თანავუგრძნობ, მაგრამ მხოლოდ ამით შემიძლია ვანუგეშო:
-ერთ ჩანაწერში ამბობ, გერმანელი ესესელები და ჰოლანდიის ფაშისტური პოლიცია საერთო საქმეს – ებრაელების ძებნასა და დაპატიმრებას გაუერთიანებია. სია დააქვთ და კარიდან კარზე აკაკუნებენ. ყველგან ჩვენ გვეძებენ. ვინც სიაშია აღნიშნული, ერთი ხვედრი აქვს, არავის ინდობენო. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უსაფრთხოდ ყოფნა სჯობს.
-რომ წარმოვიდგენ, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები საშინლად იტანჯებიან, უსაზღვრო შიში მიპყრობს და იმავდროულად სინდისი მქენჯნის. აქ თბილ ლოგინში ვწევარ, ისინი კი… წესით, ჩემი ასაკის გოგოები პოლიტიკით არ უნდა ინტერესდებოდნენ. ერთი სული მაქვს, საღამოს რადიოს მივუჯდე და მოვისმინო ჩერჩილი რას იტყვის, საფრანგეთი და ჩინეთი რას მოიმოქმედებენ, რას აკეთებს წითელი არმია და საერთოდ, როდის შეჩერდება ეს უსამართლობა?
-აუცილებლად შეჩერდება! ძლიერი ქვეყნები ჩაერთვებიან და ომს და ჰიტლერს ბოლოს მოუღებენ. 1945 წლის 2 სექტემბერს ოფიციალურად დაასრულებენ და მსოფლიოს კვლავ მშვიდობა მოიცავს.
-ანტისემიტიზმიც დასრულდება?
-ეგეც. ებრაელი ხალხი გადარჩება!
-რა კარგი ამბავი მითხარი! – ხმაში სილაღე ეპარება, – შინ დავბრუნდებით, კატა მორჰენს დავიბრუნებთ, სკოლაში სიარულს გავაგრძელებ, მეგობრებს ვნახავ, ჩემზე შეყვარებული ბიჭების ამალასაც აღვადგენ. ყველაფერი ისევ ისე იქნება, ისევ ისე!
ვუსმენ დამწვანე პოლიციელების მიერ აღმოჩენილი მისი და დანარჩენი იატაკქვეშელების სახეების, შემდეგ გესტაპოს მიერ დარბეული თავშესაფრის სურათები გონებაში ერთმანეთს ენაცვლება. დადუმებული ვარ. ანე კვლავ აგრძელებს საუბარს:
-როგორ მენატრება ჩემი თაფლისფერი და მწვანეთვალება მორჰენი. ისე შევეჩვიე, მის გარეშე ვერ ვიძინებ. ძილ-ბურანშიც მასზე ვფიქრობდი. საწოლში მეწვინა და ძაფის გორგლით ვეთამაშებოდი. სწორედ მაშინ გავიგონე შენი ხმა და გამოვფხიზლდი. გავუძლებთ! სამშვიდობოს გავალთ და აქ გატარებული დღეები მივიწყებას მიეცემა. დაბადების დღეზე საჩუქრად უამრავი თავშესაქცევი და თავსატეხი სათამაშო, „Camera Obscura”, იოზეფ კოჰენის „ჰოლანდიური საგები და ლეგენდები“, „დეზის საარდადეგებო მოგზაურობა მთებში“ და ფული მაჩუქეს. მერე შემოსული თანხით „ბერძნული და რომაული საგმირო თქმულებები“ ვიყიდე. წავიკითხავ, დავწერ, მამა შემპირდა, გამეცადინებ კიდეცო. როცა ამ წიგნების კითხვას დავასრულებ, მამას მეგობრები სხვებით მოგვამარაგებენ და დროც გავა. გული მწყდება, რომ სექტემბრიდან სკოლაში ვერ წავალ, მაგრამ არაუშავს, მთავარია, გადავრჩეთ! დაკარგულ დროს ერთიანად ავინაზღაურებ. კვლავ შევაღონებ მასწავლებლებს გაკვეთილებზე გაუთავებელი ლაპარაკით, კინოშიც ვივლი, კონცერტებზეც. უჰ, რამდენს ვქაქანებ. სიტყვა არ ჩაგაგდებინე. შენ ხომ მომავლიდან ხარ? მითხარი, როგორი წიგნებია მომავალში ჩემი ასაკის ადამიანებისთვის პოპულარული? ჰო, ფილმებიც მაინტერესებს და მუსიკაც.
-მკითხველის გემოვნებას გააჩნია. ყველა იმას ირჩევს, რაც მოსწონს. ისე კი, ფენტეზის ჟანრით ბევრია დაინტერესებული.
-მართლაც იმსახურებს განვითარებას. საინტერესოდ მიმაჩნია.
-რაც შეეხება ფილმებს, იგივე შემიძლია ვთქვა, კინომოყვარულის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მუსიკაში უპირატესობას პოპს ანიჭებენ. ამ ჟანრს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ორმოცდაათიან წლებში ჩაეყრება საფუძველი და თანდათან მოედება მსოფლიოს.
-როგორ ჟღერს? ერთი სული მაქვს, მოვუსმინო.
-საცეკვაო რიტმით ხასიათდება. სიმღერის ტექსტი ემოციურია და ძირითადად გრძნობებს უკავშირდება.
-მომავლის სკოლებსა და გაკვეთილებზე რას მეტყვი?
-თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და ინტერნეტმა სწავლების მეთოდები შეცვალა. ინფორმაციაზე იოლი წვდომით, პრეზენტაციებით, ინტეგრირებული გაკვეთილებით, პროექტებზე წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობებით და ონლაინ კონსულტაციებით გაკვეთილები მრავალფეროვანი და თანამედროვე ცხოვრებისთვის უფრო ეფექტიანი გახდა.
-ინტერნეტი და ინტეგრირებული გაკვეთილები რა არის?
-ინტერნეტი მსოფლიო ქსელია. მისი დახმარებით ადამიანები ერთმანეთში კომუნიკაციას ვამყარებთ, ინფორმაციას ვიძიებთ, ელექტრონულ წიგნებს ვკითხულობთ, ფილმებს ვუყურებთ. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი გამოგონებაა.
-ელექტრონული წიგნები რაღაა?
ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ვაჩვენებ:
-წარმოიდგინე, რომ განათებულ ეკრანზე შენი საყვარელი წიგნის ტექსტი ისახება. შენ კი თითით აღმა-დაღმა სწევ და ფურცლების ნაცვლად მხოლოდ ამ პატარა ეკრანთან გაქვს საქმე.
-რაც ხელში გიკავია, ეგ ინტერნეტია?
-ეს სმარტფონია.
-სმარტ რა?
-სმარტფონი. ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს. შეგიძლია ტელეფონის ფუნქციით ისარგებლო, ჩატვირთული თამაშებით ითამაშო, მუსიკას მოუსმინო, დრო გაიგო, კალენდარს დახედო, სურათი და ვიდეო გადაიღო. თუ ინტერნეტს ჩართავ, კიდევ მეტი მნიშვნელობით დატვირთავ.
-რამდენ უცნაურობას ამბობ. ასე მგონია, სხვა პლანეტიდან ხარ, – თავს ვერ იკავებს და ეცინება.
-სელფი ანე ფრანკთან!- ფოტოკამერას ვრთავ და სურათს ვიღებ. კიდევ უფრო გაოგნებულია.
-მართლა რეალური სამყაროდან ხარ? – ხელით მეხება და რწმუნდება, რომ მასსავით ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
-რაც შეეხება ინტეგრირებულ გაკვეთილს, ორი ან მეტი საგნის ერთმანეთთან დაკავშირებაა. მიღებულ ცოდნას ერთ კონკრეტულ თემაში აქცევ და გაცილებით საინტერესო კუთხით აღიქვამ. მაგალითად, მათემატიკა უცხო ენასთან რომ გააერთიანო, ლიტერატურა ისტორიასთან, გეოგრაფია ქიმიასთან და ასე შემდეგ, მერწმუნე, ერთიანი და ბევრად ფართო წარმოდგენა შეგექმნება სამყაროზე.
-საინტერესო დროში გიცხოვრია. ინტერნეტი და სმარტფონი რომ მქონდეს, ვერ მოვწყდებოდი.
-ჩვენც ასე ვართ. მათი მეშვეობით ბევრი საკითხი მარტივად მოგვარებადი გახდა და ოცდამეერთე საუკუნის ადამიანები ძალიან მივეჯაჭვეთ.
-არაჩვეულებრივად მესმის. ისე, როგორი მოსწავლე ხარ? კარგად სწავლობ?
-ექვსი, შვიდი, რვა… არეული ქულები მაქვს. დამრიგებელი მუდამ იმას ეუბნება დედაჩემს, ასეთი გონებაგაფანტული, ჯიუტი, ენერგიულიდა ლაქლაქა მოსწავლე მეორე არ მყოლიაო. იმდენჯერ ვარ დირექტორის კაბინეტში ჭკუის სწავლების, დარიგებებისა და გაფრთხილებების მოსასმენად ნამყოფი, სათვალავი ამერია.
-გაკვეთილზე ხელს უშლი მასწავლებლებს?
-ყოველთვის არა. თუ ფიქრებით სხვაგან ვარ, ჩუმად ვარ ხოლმე, მაგრამ არც ეს მოსწონთ. მსაყვედურობენ, სადღაც დაფრინავო.
-რა დამთხვევაა, არც მე ვარ სწავლაში სანიმუშო. ჩემი და მჯობია. სხვათაშორის, ლაპარაკიც მიყვარს და ფიქრებიც ხშირად მიტაცებს.
-ზოგჯერ მგონია, არავის ესმის ჩემი.
-მსგავსი აზრები მეც მაწუხებსდა ვერავის ვეუბნები. ამიტომ გავიჩინე ახალი მეგობარი, კიწი. ქაღალდი ბევრს იტანს და კარგი მსმენელიც არის.
-იქნებ მეც ვცადო.
-სცადე. ძალიან მშველის.
მინდა, ანეს რაღაცაში გამოვუტყდე, მაგრამ არ ვიცი, როგორ მიიღებს. სითამამეს ვიკრებ:
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ, მომავლის ადამიანებს ჩვენი შეხვედრის შესახებ ვუამბო?
ანე ჯერ ყოყმანობს, მერე მთანხმდება და მათთან მოკითხვასაც მაბარებს.
საუბრის გაგრძელება გვინდა, ერთმანეთს ვერ ვწყდებით, თუმცა დრო აღარ მრჩება, უნდა დავბრუნდე.
-მოიცა, არ წახვიდე!- მაჩერებს. – ახლა რომელი წელია შენთან?
-2023.
-ისევ ცოცხალი ვარ?- ცნობისმოყვარე ხასიათს ვერაფერს უხერხებს.
-ანე ფრანკი ცოცხალია!- მოკლედ ვპასუხობ და ქუჩაში გავდივარ.
პრინსენგრახტის 263. შენობას და ნომერს შევყურებ. მინდა, თვალით, გონებითა და გრძნობებით დავიმახსოვრო აქაურობა და მის კედლებში მალულად მცხოვრები ანე ფრანკი.
არხს მივუყვები, ტრამვაის გაჩერებას ვპოულობ და ველოდები. ცოტა ხანში ვესტერტორენის ზარის ხმა ქალაქიდან მაცილებს.