ყვითელვარსკვლავიან ადამიანებს სადღაც ეჩქარებათ. შეზღუდვებმა ყოველდღიური ცხოვრების რიტმი ძირფესვიანად შეუცვალეს და ახალი წესების მიხედვით ირჯებიან. დამძიმებულ ხელჩანთებს ძლივს მიათრევენ და მაინც არ ჩერდებიან, სულისამოსათქმელადაც ვერ იცლიან. უმეტესმა მათგანმა ისიც არ იცის, სახლიდან გასულს შინ დაბრუნება მოუწევს თუ არა, ან საბოლოოდ სად დაიდებს ბინას. ოღონდ გადარჩნენ და რას დაეძებენ? სულ იჩქარებენ. როგორც შეეძლებათ, იბრძოლებენ კიდეც.

ამსტერდამის ქუჩებში დაკარგული დავდივარ. ფაშისტური მმართველობის საცეცებში მომწყვდეულ ხალხს ოცდამეერთე საუკუნის ადამიანის თვალით ვუყურებ და უცნაური გრძნობა მეუფლება. ძალადობა, შიში და უძლურება ყველას და ყველაფერს ისე მოსდებია,ნაცრისფრად ღებავს. იერდაკარგულ ქალაქში დანისლული გონებით ვდგავარ და თვალებს ვაცეცებ. ცოტა ხანში თავსხმა წვიმა მაფხიზლებს და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ანე ფრანკს ვხედავ, მშობლებთან ერთადაა, თავდახრილები მიუყვებიან გზას, დაზაფრულ სახეებზე ბევრი რამ აწერიათ. ადგილობრივები სიბრალულით შესცქერიან, მაგრამ მათთან მიახლოვებასაც ვერ ბედავენ.

-ანე! – ვეძახი და მისკენ სიხარულით მივემართები, თითქოს დიდი ხნის მონატრებულ მეგობარს ვხვდებოდე. მერე მოულოდნელად ადგილზე ვშეშდები. არ ვიცი, რა ვუთხრა, როგორ გავეცნო. – გამარჯობა, ანე, მომავლიდან მოგაკითხე. არა, ასე არ ივარგებს, იფიქრებს, ვიღაც გიჟიაო. გამარჯობა, ანე. ბატონო ოტო და ქალბატონო ედით, თქვენც მოგესალმებით. იცი, ანე? დღიურის მეშვეობით ძალიან პოპულარული გახდები. არა, არც ეს სიტყვები გამოდგება. უკან ვიხევ, ხეს ვეფარები და ცალ თვალს მათკენ ვაპარებ. ფრანკები ჩქარი ნაბიჯებით აგრძელებენ გზას. როგორც ჩანს, ჩემი ხმა არ გაუგონიათ.

დღეს 1942 წლის 9 ივლისია. ოტოს კანტორისკენ უნდა მიდიოდნენ. უკან მივყვები, შეუმჩნევლად. ანეს გამოტენილი პორტფელი და ხელჩანთა ხან ერთ ხელში გადააქვს, ხან ორივეში ინაწილებს. მშობლებიც გაჭირვებით მიეზიდებიან მძიმე ტვირთს. მოვლენები დაწერილისამებრ  ვითარდება, როგორც წიგნშია. ოჯახი კანტორაში შედის და თვალთახედვიდან ქრება.

წვიმისგან გალუმპული სახეს ვიწმენდ, დროებით ახლომდებარე ეკლესიას ვაფარებ თავს და ანესთან შეხვედრაზე ვფიქრობ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, მასთან უნდა შევაღწიო. ვესტერტორენის ზარი ყოველ თხუთმეტ წუთში რეკს. რეალობის შეგრძნება კიდევ უფრო მიმძაფრდება.

საღამო ხანს ქუჩებში მოსიარულეთა რიცხვი შეთხელდა. გარეთ განუწყვეტლივ მოძრაობს მწვანე და შავი პოლიცია. საეჭვო პირებს დოკუმენტებს უმოწმებენ და თუ ვინმე თვალში არ მოუვიდათ, დამცირებასაც არ ერიდებიან. თავს საფრთხეში ვიგდებ, კანტორისკენ მივდივარ და შესაფერის დროს ველოდები, რომ შევიდე. მუშები სამსახურს ამთავრებენ და შენობიდან გამოდიან. სწორედ იმ დროს, სანამ ბოლო გამომსვლელი ყველა ოთახში შუქს ჩააქრობს და კარს დაკეტავს, მალულად ვიპარები და ერთ-ერთ ოთახში ვიმალები. მალე ისეთი სიჩუმე ისადგურებს, საკუთარი სუნთქვაც კი მესმის.

ნეტა ფრანკები რას აკეთებენ? ალბათ, ჯერ ვერ აცნობიერებენ აქ რამდენი რამის გადატანა მოუწევთ. ჰგონიათ, ცოტა ხანს ამ თავშესაფარში იცხოვრებენ, მერე ყველაფერი მათ სასიკეთოდ გადაწყდება და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. ანეს ჩანაწერს თუ დავუჯერებთ, დღეს ოთახების დალაგებამ და ბარგის ამოლაგებამ ძალიან დაღალა. ახლა მკვდარივით უნდა ეძინოს. შეიძლება არც სძინავს და დასაძინებლად ემზადება. ცოტას კიდევ მოვიცდი და შემდეგ ყოფილი ლაბორატორიის ძებნას შევუდგები. ისე, რა ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ შეუმჩნევლად ცხოვრებას სწავლობდე და შენი სამალავის შესახებ ვერავინ ხვდებოდეს. აგერ უკვე რამდენიმე საათია ამ საშინელ გარემოში ვიმყოფები და ლამის არის სული შემეხუთოს.

მიხვეულ-მოხვეულ დერეფნებს ფეხაკრეფით და ხელისცეცებით მივუყვები. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ შენობის უკანა ნაწილში ყოფილი ლაბორატორიის კარს ვაღებ და სამალავში შევდივარ. ნესტის სუნი მცემს. ყველგან მუყაოს ყუთები და ჩემოდნებია. წარმომიდგენია, რამდენი ხანი იწვალეს ამდენი რაღაცის ხელით მოსატანად. ანეს საწოლს ძლივს ვპოულობ, ვიხრები და გვერდზე გადაბრუნებულს სახელით ჩუმად მივმართავ. იშმუშნება, მაგრამ ვატყობ, აშკარად ესმის. არ ვეშვები. უეცრად, შეშინებული თავს სწევს და მეკითხება, ვინ ვარ ან აქ რას ვაკეთებ. ვამშვიდებ და ვუხსნი, რომ არაფერს დავუშავებ, მასთან სასაუბროდ ვარ მისული. ალბათ, ჰგონია ეჩვენება, მაგრამ მაინც დგება და სხვენზე მეპატიჟება. ირგვლივ მტვერი, უსარგებლო ნივთები და უსწორმასწოროდ დაყრილი ფიცრებია. ფეხს ძლივს ვუქცევთ. ძნელია დაიჯერო, რომ ეს უწესრიგო, პატარა ადგილი მისთვის და პიტერ ვან დაანისთვის უფროსებისგან თავდასაღწევ, საყვარელ ადგილად გადაიქცევა.

-აქაურობა ოდნავ სხვანაირი წარმომედგინა. მართალია, დღიურში ყველაფერს დეტალურად აღწერ, მაგრამ თითოეულ მკითხველს თავისებური აღქმა და წარმოსახვის უნარი აქვს.

-ჩემს დღიურზე ლაპარაკობ?

-დიახ, სწორედ მასზე.

-წარმოუდგენელია. რაღაც გეშლება.

-არაფერი მეშლება. ეს ადგილი შენი საიდუმლოებების მოწმე გახდება. ვისაც ანე ფრანკის დღიური წაუკითხავს, ყველა დაადასტურებს.

-ამიხსენი, ჩემი დღიური ხელში როგორ ჩაგივარდა? თან რაღაც საიდუმლოებებიო. გაუგებრობა უნდა იყოს. სულ ერთი თვეა ჩანაწერებს ვაკეთებ და სიტყვა სხვენი მხოლოდ ერთხელ ვახსენე, არც აღმიწერია.

-მესმის, საკვირველ რამეს ვამბობ, მაგრამ როგორც ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრებმა,  დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ ვან დაანების გადმოსვლის შემდეგ ბევრი ამბავი დატრიალდება და დღიურს უფრო მეტად გაუშინაურდები. წლების მერე ჩემს გარდა უამრავი წაიკითხავს. შენი დღიურის მიხედვით დრამატურგები პიესებს დაწერენ, კინოსცენარისტები ფილმებისთვის იმუშავებენ, თითქმის ყველა გაგიცნობს. ანე ფრანკზე ბევრს ისაუბრებენ.

-გამოდის, რომ რასაც ახლა ვჯღაბნი, წლების შემდეგ მნიშვნელობას შეიძენს?

-ასეა.

-და შენ მომავლის ადამიანი ხარ და ამდენი რამ ამიტომ იცი.

-დიახ.

-მე და ჩემი დღიური, კიწი, ჩემი მეგობარი, კიწი. ესე იგი, ბევრი გაგვიცნობს.

– სანამ ძვირფასი კიწი წიგნად გადაიქცევა…

-აქ რამდენი ხანი ვიცხოვრებთ? – სიტყვას მაწყვეტინებს და პასუხს სულმოუთქმელად ელოდება.

-რა გითხრა? ბოლო წერილი 1944 წლის 1 აგვისტოთი თარიღდება. იმ დროს ისევ აქ ხარ, უსაფრთხოდ.

-და მერე რა ხდება?

-საცხოვრებელ ადგილს იცვლით.

-რატომ?

-ახალ, უფრო საიმედო სამალავში გადადიხართ, – ნათქვამი ტყუილი მძაბავს, თუმცა გამოსავალს ვერ ვხედავ.

– და დღიურის წერას რატომ აღარ ვაგრძელებ? მიზეზს არსად ვახსენებ?

– მოთხრობების წერას იწყებ.

 

 

 

1 2 3