დღეისათვის, თანამედროვე სამყაროში, მარტო დარჩენა საკმაოდ რთულად მისაღწევი მდგომარეობაა, რადგან სოციალურ ქსელებში ყველასთან დაკავშირებული ვართ. ლამის ისიც სირთულეს წარმოადგენს, რომ ვინმე მოგენატროს, იმიტომ, რომ ყოველდღიურად შეგიძლია კონტაქტზე გასვლა, იმის გაგება როგორ გაატარეს დღე და ისიც კი თუ რას ფიქრობენ სხვები მის შესახებ. თან თბილისში განსაკუთრებულად რთულია მარტო დარჩენა, რადგან მინიმუმ ერთი ნაცნობი მაინც სადმე შეგხვდება, ან უცნობი მაინც შეგხვდება, რომელმაც შენ შესახებ იცის და პირიქით, მაგრამ არცერთი შეიმჩნევთ ამ ცოდნას და თქვენთვის შეინახავთ ამ ფაქტს.

თუმცა მარტო ყოფნა და მარტოობა განსხვავებული მდგომარეობებია. მარტოობა კულტურაში ძირითადად ნეგატიური შინაარსითაა დატვირთული. ის არსებობს სოციალური, ფსიქოლოგიური, ეგზისტენციალური და სხვა ფორმებით. რომელ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოაჩინოთ თავი, ამას დადებით მოვლენად იშვიათად თუ შეაფასებს ვინმე. თუმცა მარტოობა არ გახლავთ იმ ტიპის გამოცდილება, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ გაკლია, ადამიანის ონტოლოგიური მდგომარეობა, მისი თავდაპირველი გამოცდილება ის გახლავთ, რომ მარტოა. და ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ამ ფაქტთან შეგუება და მასში კომფორტის პოვნა. როგორც სარტრი ამბობდა, თუ ადამიანი მარტო ყოფნის დროს თავს მარტოსულად გრძნობს. ე.ი. ცუდ კომპანიაშიაო.

მარტოობის შიშს რეალურად საკუთარი თავის გამოკვლევის დეფიციტი და ილუზორული წარმოდგენები ქმნიან. თუმცა მარტოსულობა შეიძლება ხალხით სავსე ოთახშიც იგრძნო, მეგობრების კომპანიაშიც და მეორე ნახევართანაც. გამძფრებულად მარტოობის შეგრძნება მაშინ აღიქმება, როდესაც წყვილი შორდება, ან ახლობელი კვდება და ჩნდება აზრი, რომ მარტო დარჩი. თუმცა რელობა ისაა, რომ ჩვენ ყველანი ფუნდამენტურად მარტონი ვართ. მარტოობის აღმოსაფხვრელი კომუნიკაცია გვჭირდება ნევროზების და შიშების გადასალახად, რომ ვიღაცამ დაგვიდასტუროს, ყველაფერი კარგად იქნებაო. მაგრამ ეს არ არის ემპირია, არავინ იცის რა როგორ იქნება მომავალში და როდესაც ამას ვიჯერებთ, ამით მხოლოდ დროებით ვამხნევებთ საკუთარ თავს. ჩვენ სინამდვილეში ვეძებთ კომფორტს და უსაფრთხოების შეგრძნებას სხვებთან, რადგან საკუთარი თავისთვის არ შეგვიძლია ამის მიცემა.

ეს კი პირველ რიგში იმის ბრალია, რომ მარტო ყოფნა, საკუთარ მდგომარეობაზე ფიქრი და ანალიზი, დისკომფორტს გვიქმნის. არადა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, საკუთარ თავში გავერკვეთ, რადგან სხვები ვერასოდეს გაგვიგებენ ბოლომდე. პოპ კულტურის ისეთ იკონურ ფიგურასაც კი, როგორიც სუპერმენია, თავის მარტოობის ციხე სიმაგრე აქვს, სადაც ბოლომდე შეუძლია იყოს ავთენტური. სუპერმენის მითი მიუხედავად იმისა, რომ გამოგონილი პლანეტის ზებუნებრივი ძალებით აღჭურვილ პირს ეხება, ყველაზე ადამიანურია. ის ერთადერთია ვინც იცის საკუთარი რეალური პოტენციალის შესახებ, ირგვლივ კი ყველა როგორც ტლანქ ჟურნალისტს, ისე აღიქვამს. ანალოგიურად, საკუთარი თავის შესახებ ფუნდამენტური ცოდნა მხოლოდ ჩვენ გვაქვს, სხვებისთვის მხოლოდ ინტერპრეტირების საგანს წარმოვადგენთ, ამიტომ აუცილებელია მარტოობის მშვენიერება შევიმეცნოთ.

ჩემი საყვარელი მხატვრის, კასპარ დევიდ ფრიდრიხის ტილოებზე ძირითადად ბუნების თვალისმომჭრელი ლანდშაფტებია აღბეჭდილი, რომელსაც ზოგჯერ ზურგით მდგარი ადამინი აკვირდება. ქრისტეს ჯვარცმაც კი, რომელსაც თითქმის ყველა ფერმწერი ხალხმრავალ მოვლენად ხატავს, ფრიდრიხმა გაუდაბნოებულ მთაზე გადაიტანა, სრულ იზოლაციაში. მისთვის მარტოობა ბუნებრივი და ტრიუმფალური მდგომარეობაა, რომლის მელანქოლიაშიც დიდი სილამაზე ინახება. ის გვასწავლის, რომ მარტოობას გაქცევის ნაცვლად, დიდსულოვნად უნდა შევეგებოთ მას, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს.

სპაიკ ჯონზის ფილმში Her, ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟი შეყვარებულთან დაშორებისგან გამოწვეულ მარტოობის გაუნელებელ შეგრძნებას ებრძვის და ხსნას ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერულ პროგრამაში პოულობს. მთავარი ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოოდ პროგრამაც მიატოვებს. და, ნუ ასეა, ონტოლოგიურად ჩვენ ყოველთვის მარტო ვართ და რაც უფრო მალე ვისწავლით ამ მდგომარეობასთან თანაცხოვრებას, მით უფრო ნაკლები ტრაგიზმები გაგვიჩნდება ცხოვრებაში. ახლა კი, ტექსტის დასასრულს, პოლ მაკარტნის ეგზისტენციალურ კითხვებთან დაგტოვებთ.