ელისის სამსახურის ძიების პროცესის ჩვენებისას საუკეთესოდ ახდენს სკორსეზე იმ კულტურული მზერის წარმოჩენას, რომელიც ქალის მიმართ არსებობს კაპიტალისტურ საზოგადოებაში. ბარში მომღერლის ვაკანსიაზე ელისს თხოვენ პოზიორობას, სხეულის დათვალიერებლად წარმოჩენას, მას პირველ რიგში აღიქვამენ როგორც პირადი დაკმაყოფილების ობიექტად, უფასებენ გარეგნობის რენტაბელობას და მხოლოდ შემდეგ აღიქვამენ ადამიანად, რომელიც დასაქმებას ცდილობს.

მამაკაცები ელისის ცხოვრების გზაზე, ერთი შეხედვით ნაივურად, მომხიბვლელად, უწყინრად წარმოჩნდებიან, თუმცა სხვადასხვა სიტუაციებში ყოველი მათგანი ავლენს მცირედით თუ ბევრით მჩაგვრელ, აგრესიულ, მტაცებლურ ხასიათს. ფემინისტური ნარატივები ფილმში ავთენტური, ძალდაუტანებელი და გამართულია. მაგალითად დღეს უკვე, თანამედროვე კინემატოგრაფში, ხშირად ვაწყდებით ძლიერი ქალის აღწერებს, თუმცა უმეტესობა მათგანი ერთგანზომილებიანი, ფიზიკური სიძლიერის გამომხატველი, პოპულარული ტრენდის ნაწილია და შესაბამისად არის ფასადური და უინტერესო. ელისი არ არის ძლიერი ქალი, რომელსაც შეუძლია ფიზიკურად თავის დაცვა, ის არის ძლიერი ნების და თავისუფალი სულის მქონე ადამიანი, რომელიც ცდილობს ღირსეული ცხოვრების შექმნას. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე კი ფილმი ყველა არსებულ წინაღობას გვიჩვენებს კულტურული გარემოებებით დაწყებული, პოლიტიკური დღის წესრიგით დამთავრებული.

სურათი ჯადოსნური ზღაპარივით იწყება, ფენტეზი ჟანრის ესთეტიკით. საოცრად ლამაზ სცენაში ელისის ბავშვობას ვეცნობით, სახლს, სადაც გაიზარდა, მის ოცნებას მომღერლობის შესახებ. და  ეს ერთადერთი სცენაა ფილმში, რომელიც რეალიზმისგან დაშორებულია, დეკორაციებით გაფორმებულ პავილიონშია გადაღბული და არა რეალურ ლოკაციაზე. ბავშვობა, როგორც ცხოვრების მაგიური მონაკვეთი, სადაც დაბრუნებას მძიმე პერიოდებში ყოველთვის ვნატრულობთ და რომლის ნოსტალგიაც და სენტიმენტებიც მოგონებებში ძლიერ გვაქვს რეგისტრირებული, სკორსეზეს ოსტატურად აქვს ილუსტრირებული და მთელი ქრონომეტრაჟის მანძილზე მიმართებას ზრდასრულობის პრობლემატური ყოფიერებიდან ბაშვობის უდარდელ მდგომარეობასთან სინაზით და მაღალი ემოციური მგრძნობელობით წარმოგვიჩენს.

სამსახიობო ანსამბლი ფილმში თვალისმომჭრელია. ელენ ბერსტინი მთავარ როლში იმდენად რეალისტურ პერსონაჟს ქმნის, რომ მის გულისცემას საკუთარივით გაიგონებთ. ჰარვი კაიტელი ქარიზმას რადიაციულად ასხივებს, ერთ კადრში კეთლგანწყობილს გხდის მისი გმირის მიმართ, მეორეში კი ძრწოლვას აჩენს. დაიან ლედი იუმორისტული განწყობების მთავარი კონსტრუქტორია, კრის კრისტოფერსონი ადამიანის ფორმაში განსხეულებული რომანტიკული სასიმღერო ბალადაა, 11 წლის ჯოდი ფოსტერი კი ყველა სცენას იპარავს რომელშიც ჩნდება, იმდენად ბუნებრივ, ცოცხალ და დასამახსოვრებელ პერფორმანსს გვთავაზობს.

სკორსეზე კამერის დინამიური მოძრაობით და მონტაჟის სწრაფი ტემპით სტილისტურად გამართულ ნაწარმოებს ქმნის, სავსეს სივრცული კადრებით, რომელსაც მაჰიპნოტიზირებელი ეფექტი აქვს თუ ინტერიერში უწყვეტი სცენებით, რომელიც პერსონაჟებთან თანაცხოვრების ეფექტს იძლევა. „ელისი აქ აღარ ცხვრობს“ ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური პორტრეტია ამერიკის შესახებ, დაცლილი გლამურის და ნაციონალური რომანტიზმისგან. იდეალური საშუალებაა მიიღო ამერიკული გამოცდილება ისე, რომ გეოგრაფიული ერთეული არ შეიცვალო. ვისაც ფილმი არ გინახავთ, როდესაც ყურებას გადაწყვეტთ მოემზადეთ, უახლოესი ორი საათის მანძილზე საქართველოს ნაცვლად თავს ამერიკის ტერიტორიაზე ამოყოფთ.

 

 

 

1 2