
70-ან წლებში ამერიკულ კინოში თითქოს საოცარი გამოღვიძების პერიოდი დაიწყო, რადგან ერთმანეთის მიყოლებით, დიდ ეკრანზე, ჩნდებოდნენ გულახდილობით და სიმამაცით სავსე ფილმები, რომლებიც მუშათა კლასზე თუ დაბალ საშუალო ფენაზე გვიყვებოდნენ რეალისტურ ისტორიებს, ყოველგვარი სიყალბის და შელამაზების გარეშე. დღეს სწორედ ასეთ ფილმს შეგახსენებთ, მარტინ სკორსეზე 1974 წლის შთამბეჭდავ ნამუშევარს სახელწოდებით „ელისი აქ აღარ ცხოვრობს“. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკული კინოს ცოცხალი კლასიკოსი 17 ნოემბერს 78 წლის იუბილეს აღნიშნავს, მის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ ცნობილი ნამუშევრზე შევაჩერე არჩევანი სასაუბროდ.
სკორსეზეს ფილმოგრაფიაში ეს სურათი უნიკალური ეგზემპლარია, სრულად დაცლილი მისი საავტორო განგსტერული თუ კრიმინალური თემებით და პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად რეჟისორის კარიერის მანძილზე, ქალი მთავარი პერსონაჟით. სურათი მოგვითხრობს საშუალო სტატისტიკური ამერიკული ოჯახის შესახებ. ქმარი კოკა კოლას დისტრიბუციაში მუშაობს, ცოლი დიასახლისია, შვილი კი მათი კონფლიქტების მუდმივი თანაზიარი. თუმცა მულოდნელად კაცი კვდება და დიასახლისი მარტოხელა დედად გარდაიქმნება.
ფილმის პირველ აქტში, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი ოჯახის კერის იქით არსებულ რეალობას არ გვიჩვენებს, ამერიკის სოციოეკონომიკურ დღის წესრიგს მოვლენათა განლაგების მიხედვით იდეალურად გვიხატავს. მცირე დანაზოგი რაც ოჯახს გააჩნდა, დაკრძალვის ხარჯებში მიდის, ქმრის დამსაქმებელი კომპანია კომპენსაციას არ უხდის მათ, სახელმწიფო სოციალური სამსახური არსად ჩანს, რომ ახალდაქვრივებულ დიასახლისს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. შედეგად ბედისწერის ამარა დარჩენილი დედა-შვილი ექსტრემალურ სიტუაციაში ვარდება.
აქ ჭკვიანურად ისმევა აქცენტი ქალის მდგომარეობაზე თანამედროვე კულტურაში. მთავარ პერსონაჟს, ელისს, არ აქვს განათლება, მომღერლობის კარიერაზე ოცნებას გათხოვების შემდეგ თავი მიანება, ეკონომიკური განზომილება მას არ გააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაში არ ფუნქციონირებს სახელმწიფო კეთილდღეობის მოდელი, ელისი ერთადერთი სამომავლო პერსპექტივა ესახება – სიღარიბეში ცხოვრება.
1 2