***
ნურასდროს იფიქრებთ, რომ მე დასანახად ვერ ვიტან ჩემს კლასელ ლუკა პარალიჩს. ჩვენი ისტორია არც ასეთი დრამატულია. ისე, მას რომ მხოლოდ სასოწარკვეთა და უიმედობა მოჰქონდეს, თქვენი ფიქრების გარეშეც შევიზიზღებდი. არც კარს გავუღებდი. არც ფანჯარას. და ამის ფონზე, მაინც თუ გააგრძელებდა ჩემს ცხოვრებაში დაბრუნების მცდელობებს, აუცილებლად ვესროდი გულის ფიცარში. თავიდან ეტკინებოდა, მაგრამ მერე მადლობას მეტყოდა, რადგან ლუკა პარალიჩისთვის შექმნილ სამოთხეში ორმოცდაათი სლოტის აპარატი, ორმოცი რულეტკა, ხუთასი სათვალე, ასი ბენდენა, ორასი კილო უზბეკური პლანი და ორმოცდაშვიდი ტიტველი ქალია.
თუმცა, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, მე რომ ლუკა პარალიჩი მძულდეს. არადა არ მძულს, რადგან ლუკა პარალიჩს შეუძლია ოცნება და ყველაფრის გაღება საყვარელი ადამიანებისთვის. ლუკა პარალიჩი ყველაფერს დაგაკარგვინებს, მაგრამ არასდროს მიგატოვებს. მე ვიცი რეებზეც ოცნებობს ლუკა. ბავშვობაში ამბობდა, კინოლოგი უნდა გამოვიდეო. ძაღლები ფეხებზე ეკიდა. უბრალოდ კინოლოგი კინომცოდნე ეგონა. ერთხელ “რაც გინახავს ვეღარ ნახავ’’ ნახა და ქართულის გაკვეთილზე თავისუფალ თემაში დაწერა, რომ ქართველი თავადები პედოფილები იყვნენ, რომლებსაც ცამეტი წლის გლეხი გოგოების ცოლად მოყვანა უყვარდათ.
ბოლოს რომ ვნახე ტრაქტორის ყიდვაზე ოცნებობდა. მითხრა, რომ საოცარი შეგრძნებაა დაბოლილზე ტრაქტორით კატაობა. ესპანეთში მაკატავებდნენ ხოლმე ზანგი ბარიგებიო. თურმე პაკეტში შედიოდა. პლანს თუ იყიდდი და ზევიდან ათ ევროს დაამატებდი, ტრაქტორითაც გაკატავებდნენ. თურმე იმ ბარიგებს ზურა ხიზანიშვილის მაიკაც ჰქონიათ. ორიათასთორმეტში ხიზანიშვილმა და სერხიო რამოსმა დინამოზე გაცვალეს მაიკები. მერე ამ ზანგებმა რამოსის სახლი გატეხეს და ხიზანას მაიკა მოიპარეს. მგონი ცოტა ვერ არიან. ლუკას უთხრეს მოგყიდითო, მაგრამ ამან დასცინა და მერე მაგრად ცემეს, რასისტი ხარო. ზანგები რო ვართ იმიტო დაგვცინეო.
აი, მოდის ჩემი ავანტიურისტი და გულიანი ძმა ახმეტელის მეტროს მისადგომებიდან. საოცრად უხდება კისერზე მოხვეული იასამნისფერი ბენდენა. მაგრად ჰგავს გრიგორე გრიგორიუს. გვერდით მოჰყვება სახეალეწილი, ოდნავ შეუხედავი ახალგაზრდა კაცი.
მუქი კანი, ბენდენა და მისი ცხოვრებისეული ფილოსოფია მაფიქრებინებს, რომ ლუკა საოცრად ბედნიერად იცხოვრებდა ჩრდილოეთ მექსიკაში. იქნებ წმინდანადაც შეერაცხათ დებილ ფერმერებს და მის ბიუსტზე ელოცათ მკერდსავსე ინდიელ გოგონებს.
“ლუკას პარედესის მადლით შენი თხა გადარჩება როსიტა ოკამპოს.”
“ალბათ რა ლამაზი იქნებოდა სანამ ესპანელები ჩამოახრჩობდნენ, არა ხულიეტა?”
– ილაქლაქებდნენ ტიხუანალი ქალბატონები.
აგე მოვიდნენ. ლუკა და ის მეორე, ოდნავ შეუხედავი, სახე ალეწილი ახალგაზრდა.
“ესაა?” – იკითხა ოდნავ შეუხედავმა.
“ხო.” – უპასუხა ლუკამ.
“ახალგაზრდა ბიჭი ესეთ დღეში უნდა ჩააგდო შე ახვარო? ესე მიწოლა შეილება?” – მიყვირის შეუხედავი.
“კაი არ გინდა რა. დამიტოვე საათი და წადი. მოვგვარდებით ჩვენით. გთხოვ.” – ამშვიდებს ლუკა.
“მოიცა ლუკა. მე ვარ ატვეჩაი. მე სირს ვერ მომჭამს!” – ისევ ყვირის შეუხედავი.
“ვინაა ლუკა ეს ბიჭი? რას მერჩის?” – ვიკითხე დაბნეულმა.
“ხმას როგორ იღებ შე ნაბოზარო!” – დაიძახა იმ ჩემის შეუხედავმა და მაგრად მხია ცხვირში. ეგრევე დავვარდი.
“რას მიშვები ტო? რას მარცხვენ? წადი დროზე აქედან!” – ხელი ჰკრა ლუკამ შეუხედავს.
“აუ იზვინი ლუკინო. პროსტა ვერ ვიტან ესეთ ნაბიჭვრებს. გამაგებიე რას იზამ.” – ლუღლუღებდა შეუხედავი და თან მიდიოდა.
“წავიდა?” – ვიკითხე მე.
“წავიდა ხო. ადე შეჩემა. მოდი დაგფერთხო.” – ლუკამ წამომაყენა და შარვალზე ხელებს მირტყამდა.
“ეხლა აქ რა მოხდა?”
“რავი. ამას დავურეკე წეღან. ჩემი ძველი შეყვარებულის ძმაა. პატივს მცემს და რამე… მეთქი დღეს ჩამოვედი და ძველი მევალე დამადგა და მოკვლას მიპირებს, რამე დამილომბარდე მეთქი. ხოდა აქ შემხვდა. საათი მომიტანა. რო გადმოვედით უფრო მაგრად რო დაეჯერებია შენზე ვუთხარი აგე სად მიცდის ის ახვარი მევალე მეთქი და გცემა რა… უი, მე პირადობა არ მაქ. აჰა საათი. შედი და დაალომბარდე. ის ფული გამოიტანე?”
“გამოვიტანე. ფული კია რა… მოიცა, რატო აცემინე ვიღაცას ჩემი თავი ტო?”
“ოოოო, მე რა ვიცოდი ეგეთი კვერცხი თუ იყო. დაიკიდე რა. პირველად გცემეს თუ ბოლოჯერ? შედი, დაალომბარდე.”
ლომბარში შევედი. ვაჭრობის თავი არ მქონდა. მეთქი ხუთასს მომცემ, მომცემ. არ მომცემ და ნახუი. ეგრევე მომცეს. ეტყობა მართლა მაგარი საათი იყო. შეილება ათასიც მოეცათ, მაგრამ მე მოვიქეცი არიფივით და ჩემით დავუდე დებილური სტავკა.