ადრე მთელი გლდანი სოფელი იყო. მერე ქვემო გლდანში კორპუსები ააშენეს. სიხარულისგან ხტოდნენ ქურთი მეეზოვეები და დუშელი ეკო-მიგრანტები. იხსნებოდა შამპანები და ტყდებოდა პურები. ყველას უხაროდა უნიკალურ ადგილზე განსახლება, რადგან გლდანი პირველი სოფელი იყო, რომელშიც თავისთავად იპოვიდით სოფელს და იპოვიდით ქალაქსაც, რადგან კორპუსიანი გლდანი ბევრი არაფრით გაირჩეოდა დანარჩენი გაღმა თბილისის ურბანული ჯურღმულებისგან. მთის გლდანი კი, დარჩა სრულიად მარტო, სევდიანი,  მეტროდან ძალიან შორს და ციხესთან ძალიან ახლოს.

სწორედ იქ, მთის გლდანში ცხოვრობენ უცნაური შავთმიანი ადამიანები. თითოს თითო ძროხა და თითო ყუთი ფუტკარი რომ ჰყავთ. დილაობით ქალაქს რძით და თაფლით რომ ამარაგებენ და აღებული ფულით სიგარეტებს ყიდულობენ, კონტრაბანდულად რომ გაასაღონ ევროკავშირის წევრ ხორვატიასა და სლოვენიაში.

ამ დასახლებაში  ყველა ბედნიერია იმით, რომ საქართველო კოსოვოს არ აღიარებს. გარდა ერთი ბოსნიური ოჯახისა. აქ ერთი ჩერნოგორიელიც ცხოვრობს, თუმცა იმას საერთოდაც ფეხებზე კიდია კოსოვოს საერთაშორისო სტატუსი.

ახლა ამ დასახლებაზე რომ მოგიყვებით, წახვალთ და ძებნას დაუწყებთ.  მაგრამ ვერ იპოვით და ტყუილად შეგჭამენ გლდანის ტბის მცველი ცოფიანი ძაღლები, მილვა, ბელა, ჩაო და პარტიჯანო. ჩვენს იდუმალ დასახლებას ჰქვია ბოზ ტიტო. ამ სახელს რუკაზე ვერ ნახავთ, რადგან რუკაზე ცუდი სიტყვების წაკითხვა არ შეიძლება, თუ მაინც და მაინც კასპის რაიონის სოფელ სასირეთს არ ეძებთ.

ბოზ ტიტოში სულ ხუთი სახლია. ამ სახლებში იუგოსლავიიდან გამოქცეული კაპიტალისტების შთამომავლები ცხოვრობენ. კაცმა რომ თქვას, საკმაოდ გონებაჩლუნგი კაპიტალისტების, რომლებიც კომუნიზმს საბჭოთა კავშირში გამოექცნენ.

სწორედ ამ ხუთიდან ერთ-ერთ სახლში დაიბადა ლუკა პარალიჩი. დედით რაჭველი,  მამით სერბი, ბებიით ბოშნაკი, მრწამსით კი ზემო გლდანელი, ტრადიციული ლტოლვით აზარტული თამაშებისადმი და არატრადიციული სიყვარულით გლამურული ტანსაცმლისა.

ლუკა პარალიჩი არც თუ უტვინო ბავშვი გახლდათ. თავისი თემის სხვა უცნაურებისგან განსხვავებით, ლუკა ბოლომდე დადიოდა სკოლაში. მერვე კლასამდე კარგადაც კი სწავლობდა. განსაკუთრებით კარგად  გამოსდიოდა ლოგიკური ამოცანების ამოხსნა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების გაზეპირება. ოჯახიც არ უშლიდა ხელს. სახლიდან ბულკის ფულსაც ატანდნენ. თუმცა, მეცხრე კლასში ევროპაში წაიყვანეს და სწორედ იქ მიხვდა, რომ არა მათემატიკოსი, ან ფილოლოგი, ანდაც ბიოლოგი, არამედ ბანდიტი უნდა გამოსულიყო. როცა გაიზარდა და მყარად შედგა რეციდივისტის ეკლიან გზაზე,   ყველაზე მეტად ძვირფასი სათვალეების მოპარვა შეუყვარდა. ფიქრობდა, რომ ძვირფასი სათვალის ტარება სულის გაკეთილშობილების საწყისი ეტაპი იყო. ლუკა პარალიჩმა თვრამეტი წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ სულს ხორცი ასაზრდოვებს და ამბობდა, რომ როცა ხორცს მაგრად ამარიაჟებ, სულიც თავის პონტში იხოდებაო.

პირველი ევროპული ვოიაჟიდან დაბრუნებული პარალიჩი კლასელებს უყვებოდა, მამაჩემმა ზანგი ბოზი გამაქინძინა, ისე მოვრჩი ვერაფერი გაიგო და მერე დამცინაო.

დარჩენილი სამი კლასი ნახევრად გაიარა. გული სულ ევროპისკენ უწევდა. ხორვატიის მოქალაქეობაც მიიღო, რომ გერმანიაში ცხოვრებისას უფასო ბინა და უსაქმურის პენსია მიეღო, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს.  სერბი კი იყო, მაგრამ ამ საქმეში ხორვატობა სჭირდებოდა.

 

***

 

სანამ ვალის გასასტუმრებელ მაყუთს იშოვი, ტრაკი გიფეთქავს. იშოვი და ეგრევე იწყება მრავალჯერ განცდილი უსამართლობის შეგრძნების ახალი ტალღა. მევალეს კი გავუსწორებ, მარა მერე მე რაღა ვჭამოო.

ვფიქრობ, ყველა რაციონალური ადამიანი ტვინავს იმას, რომ ფულის გამო არ მოკლავენ. შესაძლოა ძალიანაც მოსაკლავები არიან და არც მათი ნასესხები ფულის პატრონია კეთილი, მაგრამ ბოროტი პატრონი მკვლელობით ვერც ფულს დაიბრუნებს და ციხეშიც მაგას ჩასვამენ. ამიტომ, როდესაც ვალის გასასტუმრებელ ფულს შოულობ, სინამდვილეში სულაც არ ფიქრობ იმაზე, რომ სიცოცხლე გადაირჩინე. გარანტირებული არსებობის პერსპექტივით გახარებული კი, დიდ გულზე ხარ, გგონია ყველაფერი გაგივა და ახურებ. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე. რავი, მე სულ მასე მემართება.

ამიტომ, როცა ვალის გასასტუმრებელ მაყუთზე იწყებ ჩალიჩს, აუცილებლად მევალისთვის მისაცემ ფულზე მეტი უნდა იჩალიჩო.  ასე შენც ბედნიერი იქნები და არ იფიქრებ იმაზე, რომ გამოგიყენეს. როცა თავი გამოყენებული გგონია ბრაზიანი ხდები და სიგარეტის მოწევა გინდება. იძულებული ხარ, მევალისთვის მისაცემ ფულს სიგარეტის საყიდლად რამოდენიმე კუპიურა მოაკლო და მოკლედ დაუსრულებელი და სულელური წრეა. ყველაფერს სჯობს სიტყვა ალტრუისტის მნიშვნელობა ისწავლო და იფიქრო, რომ კიარ გიყენებენ, არამედ ალტრუისტი ხარ.

სულ მევალეებზე რომ ვლაპარაკობ, რამე ისეთი არ იფიქროთ.  არ გეგონოთ ეხლა, რო ვიღაცეები იარაღებით დამსდევენ. არც პოკერში წამიგია რამე და არც მორფინისტი ვარ. ჩემი მევალე არი – “საქერს გროუპ ბანკ”.  საყოველთაოდ ცნობილი, როგორც “სგბ”.  ეგენი გადავიკიდე შარშან. ზამთარში. რადიაციული ყინვები რო იყო, ხო გახსოვთ? აი, ზუსტად მაშინ. ქუჩაში გაივლიდი და კვერცხებში გაიყინებოდნენ შენი მომავალი შვილები. მეც ავდექი და   ვითომ მანქანა უნდა მეყიდა. მივედი “სგბ”-ში და ეგრევე გამომიწერეს ათასი თუმანი. მერე ეგ ფული დებილობებში დამეხარჯა. სულ ეგრე ვიცი ხოლმე. სერიოზულ რამეებს თავს ვერ ვაბამ. ადრე ცოლიც უნდა მომეყვანა, მაგრამ მერე დამეზარა და მაგრად ვატირე ის გოგო, მამამისმაც მირეკა ქალაქის ნომერზე და კაროჩე…  ხოდა მოკლედ დავხარჯე ის ფული ჭამაში, სმაში, ჯმაში და კიდე კაი საკაიფო ტელევიზორიც ვიყიდე. ეგ მაინც შემრჩა. საკაბელო თუ რაღაც მაქ. რო ახვევს, აი ეგ. ოღონდ წინ ვერ ახვევს, ცოტა გოიმი საკაბელოა. მაინც  მაგრად ვგულაობ. ფუტბოლი, კინოები და პორნო დიდ ეკრანზე. მერე ტრიდე სათვალე უნდა ვიყიდო, ვითომ მეც იქ ვარ. ცოლიც აღარ დამჭირება. მოიცა,  ისევ გამექცა ამბავი. მოკლედ მოვჭრი. იმ ბანკის ვალს ახლა ვიხდი ყოველთვე. თვეში ათასი ლარი… როგორი ამბავია?! ამერიკელებისთვის არაფერი არ არი. არც ვაკელებისთვის. მარა მე გლდანელი ვარ და ჩათვალეთ, რომ ვშიმშილობ.

იმ დღესაც უნდა გავიდე სახლიდან, ვალი გადავიხადო, ოცნებები და მიზნები მევახშეებს ჩავუთვალო და უცებ ჩემი კლასელი ლუკა პარალიჩი დამადგა პირდაპირ ნემენცეთიდან. ეცვა ბაიერნის წითელი ფორმა და ბრიჯები. თმაზე ესვა ოცი კილო ჟელე. ეკეთა რომელიღაცა ფირმა სათვალე და მაგრა ღეჭავდა მარლბორო გოლდს. მე ეგ მკვდარი მეგონა. თურმე ციხეში იჯდა.

 

“ნახე რა მაგარი ბავარიის მაიკა მაცვია. იმენა ადიდასის მაღაზიაში მოვიპარე.” – მეუბნება.

“შენ ხო მოკვდი?” – მაგარმა შეშინებულმა ვკითხე.

“მოკვდა ბებიაშენი. მე სროკზე ვიყავი. ზაგრების გარეუბანში. ჯარიდან გავიქეცი და დამიჭირეს, დეზერტირი ხარო.”

“ხორვატიის ჯარში რა გინდოდა?”

“რავი გამიწვიეს. თავიდან მაგარი იყო. ოცმეთაური ვიყავი და სმირნაზე იდგნენ. კრუასანებს ვჭამდი შენ ძმობას ფიცავარ. სურათიც მაქ ბერეტი მაფარია და რამე. მერე განახებ. ხო გევასება შენ ჩე გევარა. ბოლოს მაგარი დავიღალე. აბა შენ ადექი ყოველდღე დილის ექვსზე. გადავძვერი ზაბორზე და მეთქი დამასკდით ხორვატებო, სერბი ვარ მე. დამიჭირეს. ერთი თვის წინ გამოვედი და დავგაზე მიუნხენში. რო ჩავედი ეგრევე აიფონი წავუწკაპუნე. ჩემი აიქლაუდი შევიყვანე და ვითომ დამრჩა მაღაზიაში. ჰეჰეჰე.”

“მერე ეგრე მალე რატო ჩამოხვედი მიუნხენიდან ტო?”

“ამბროლიანის ბიჭი დამსდევს დასაბრედად.”

“ქურდი ამბროლიანის?”

“ხოოო. მამამისმა ასი ევრო მომცა. მიდი და ჩემი შვილი მაგრა ცემეო. მეც ვცემე. ასი ევრო ფული არ არი? თან ქურდმა მთხოვა. იმას კიდე კიდია. მამამისიც აღარ ევასება და მეც მოსაკლავად დამსდევს.”

“დაიცა კაცო. შვილი რატო გაცემინა?”

“რავი დაურეკია ამას მამამისისთვის. მამი, ნაშა მყავს და აგარაკის გასაღები მინდაო. მამამისმა როგორც მამას მთხოვო, თუ როგორც ქურდსო? იმან გაიბლატავა როგორც ქურდსო იასნაო და გაიჩალიჩა კიდეც. ქურდს ეგრე ვინ თხოვს. არ შეილება.”

“ვააახ…”

“შენ რამე ფული გააქ?”

 

 

 

1 2 3 4 5