ცოტა გენეტიკაც

გახსოვს? ატლასის საბნები იყო,

გათენების მამლებიც

წითელი ბიბილოების სიმბოლიკა,

სულზე დამაგრებული ორდენებივით:

ადრინდელ მკერდზე სრიალებდნენ,

ახლანდელ დამჭკნარს აღარ უხდებიან,

კიდევ, მოუსვენარი ფეხების სინდრომი,

ერთი სიტყვით, უძილობა-

არავითარი თავის მოტყუება,

რომ ცა გაიხა და სულების

თეთრი სარჩული უჩანს!

თეთრად გათენება მეტაფორაა,

რომლის თავი აღარ გაქვს,

მთელი ღამე მანქანების ბორბლებში ტრიალებ,

მერე გამოხტები ფერადი ბურთივით

ფერი – თვალსაჩინოებისთვის,

სიმრგვალე ტკივილის დასამალად,

უნაკლობა და კაშკაში

ფლაკონებით არ ედგათ

რეპრესირებულ წინაპრებს?

ეს გენეტიკური შუშა არ გადმომეცა,

თორემ მზის და პურის რიგში

არ ვიდგებოდი ასეთი მოთმინებით:

ტალახივით პურის და ოფიციალური მზის,

რომელზედაც ქვითრები მოდის.

 

 

1 2 3 4 5 6 7