როგორ იქცევა სამყარო მთავრობის საწინააღმდეგოდ მშვენიერების ძიების დროს

 

მხოლოდ ასე შევძლებთ დავემსგავსოთ ინდოელებს, მარტორქებს,

კვარცის კრისტალებს, პატიოსან გლეხებს, ადამს და ევას (ჩვენი წარმოდგენით),

როცა ერთმანეთს ათრთოლებული კიდურებით  ელამუნებოდნენ,

ვიდრე რევოლუციური სექსის მქადაგებელი გველი შეცნობის ხეს

შემოეხვეოდა?  რა ხუმრობას გამოცრავდა კბილებში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ამხანაგებთან მასობრივი ტაქტიკის შესახებ დებატებში ტყვიამფრქვევივით აკაკანებული

როკი დალტონი? აუცილებელია, იანკები ერთი დიდი ბომბით დავხოცოთ!

დიახ, მაგრამ თავად არ ქნათ! უმჯობესია, დედას დაეკითხოთ,

ის აზრებს მოგიწესრიგებთ, თუ არა და, ჰკითხეთ რემბოს – მას ხომ ფეხი უკვე მოაჭრეს,

ან ლენინს მეორე ინსულტის შემდეგ, როცა კრუპსკაიას წერილი გაატანა

გაუთლელ ქართველთან & უკანასკნელი ინსულტის წინ, როცა ჩეკისტები

ღია კარიდან გულგრილად უყურებდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი მონაპოვარი

კარგ ხელშია და შეუძლია, მშვიდად განისვენოს –

მაინც, რა ბაცილა აუცოცდა კუჭის ძირიდან თავის ტვინამდე?

 

რაზე ფიქრობდა ხლებნიკოვი მშიერ მატარებელში, როცა მუცელს მზეს უფიცხებდა?

ან ჰკითხეთ მაიაკოვსკის, რომელ მწვავე პროპაგანდისტულ აქციაზე ფიქრობდა

უკრაინის კოლექტივიზაციის სამინისტროს ბიუროკრატიულ ბრძოლის ველზე, ვიდრე

ტყვია შუბლს გაუხვრეტდა?

არქიტექტორ-ფუტურისტების რა ლოზუნგს ქმნიდა, ან რა ჰიმნს წერდა კომუნისტთა მასებისთვის, პარტბილეთის მფლობელთათვის მომავალში

მთავრობის საწინააღმდეგოდ მშვენიერების ძიებისას სამყაროს ქცევის შესახებ.

 

27 იანვარი, 1986

 

 

კურთხეულ იყვნენ მუზები

 

კეთილსინდისიერებისთვის,

ჩემს მაგიდაზე ცეკვისთვის,

ჩემი შემელოტებული თავის

დაფნის გვირგვინით შემკობისთვის.

 

1955

 

 

 

 

                                                                                           

თარგმნა დალილა გოგიამ

 

 

 

1 2 3