* * *

ბედნიერი სასაცილო ჩანხარ,
უბედური უფრო მეტად სასაცილო,
ასე რომ ოდნავ მეტი იფიქრე,
თუ ცდი, გეტყვი,
ყოველი ცდა მარცხისთვის შექმნეს,
რადგან წარმოუდგენელია
ცდით იღებდე ზუსტად იმდენს,
რამდენსაც ელი,
რა აზრი აქვს დაპირისპირებას,
ნევროზს,
ისტერიას,
დესტრუქციას,
ნაადრევ კლიმაქსს,
თუ ერთი მეორეს მაინც ვერ ყლაპავს,
ასე კი საჩუქრდებით მთელი ამ მძღნერით,
ნეტავ ერთმანეთის გარეშე რამდენ წელს მივიმატებდით,
დიახ, ყველაფრის უკეთ მოწყობაც შეიძლება,
მაგრამ სცენარისტი ჯიუტად ირჩევს
ყოველმძღნიურობას,
ნუ გეშინია,
არარსი არსზე უწყინარია.

 

 

 

* * *

კარი ჭრიალებს,
იქნებ ჩამოვხსნა,
ვერ დამადანაშაულებ,
თუ ჩემ გარშემო მოძრაობა
ყველამ შეწყვიტა,
ერთ უმნიშვნელო ნაწილს
საათის ამუშავება არ შეუძლია,
ნაადრევი სევდა მხოლოდ მეტს მოგცემს,
ნაადრევი ბედნიერება მხოლოდ ნაკლებს,
მაინც რამდენი გჭირდება ყოველთვიურად?
ათასი ბედნიერება თუ უფრო მეტი?
ფიქსირებული,
თავის პრემიებით,
დანამატებით,
არსებული თუ მიღმიერი,
შექმნილი თუ ვერჩასახული,
ის მაინც მშვენიერია,
ვერ ვიჯერებ,
მხოლოდ პოეზია?
მხოლოდ პოეზია გასცემს საკუთარ
თავს ასე გულუხვად?
ნუ ტირი,
ჯერ ადრეა.
ნუ დარდობ,
ჯერ დარდის დრო არ დამდგარა,
ჭრიალს შეეშვი,
რა ხანია სხვისი ყური
დაცობილია.

 

 

 

1 2 3