* * *
კატის ბეწვივით ფაქიზი იქნებოდა შენი თმა,
რომ შევხებოდი,
ზეფირის სიტკბოს და სირბილეს შეისხამდნენ ტუჩები,
რომ შევხებოდი,
ზაფხულის ჩამავალ მზეზე
თბილი შენი კანი,
რომ შევხებოდი,
ერთმანეთის პირისპირ ვიდექით
ოდნავ უფრო დიდები,
დაღლილები,
რომ ახლა დეკემბერია,
და ვიზიარებთ შუადღის სიცივეს
მზიან გარემოში,
რომ ვერ ვეხებით და მაინც,
თითებს შენი მტევნის ძებნა ვერ დავუშალე,
სიცივის გარდა შეგვიძლია
სხვა დანარჩენის გაზიარებაც,
კინო გვერდიგვერდ გვტოვებს,
ვიცით,
მარადისობას კოცნით იჭერენ,
პირო,
მდუმარებით ამოივსე,
სხეული უნდა ალაპარაკდეს.
* * *
როცა უარვყავი თითქოს
სარკეში ჩემი ანარეკლისთვის
არასდროს მეკოცნა,
მეგონა თქვი – ანარეკლში
ყოველთვის შენ გხედავდი,
რუსთაველის გამზირს ფეხით ჩავუყევით,
ბავშვთა მხიარული ჭყლოპინი
ოდნავ ახურებდა ცივ ღამეს,
როცა მეგობრის ბავშვი ხელში აიყვანე,
მივხვდი,
მშვენიერებას სხვა სახელი უნდა
დაერქვას,
დაამტკიცე, დაკარგული დრო,
თუ დრო ზიარდება შენთან,
არ არსებობს,
თუნდაც ყოველდღე დაიკარგო,
შენს პოვნაზე მარტივი არაფერია,
უბედურებაზე ბედნიერებით მხოლოდ
შენთან ვყვები,
სხვა დანარჩენთან
ბედნიერებას უბედურებით გამოვხატავდი.