შენ შემგროვებელო

 

ო შენ პოეზიის

წმინდა ნაცრის შემგროვებელო

პოეზიის

ქათქათა ნაცრის

 

 

იფიქრე მათზე ვინც შენს მოსვლამდე

იმ თეთრ კოცონზე დაიფერფლა

 

გაიხსენე კიტსის და კამპანას

ბრუნოს და საფოს

რემბოს და პოს და კორსოს ჯვარცმა

და შელის ნელი წვა

ვიარეჯოს სანაპიროზე

 

და ახლაც ღამით

საერთო ხანძარში

თეთრი შუქი

ისევ გვყლაპავს ჩვენ

წვრილ ჯამბაზებს

პატარა სანთლებს

რომ  ვუნათებთ ავარდნილ ალს

 

 

 

Coney Island of the Mind # 5

 

მარადისობის დინებას ზოგჯერ

მოჰყვებიან ადამიანები

და  ის ერთი

რომელიც დიდი დაგვიანებით გამოჩნდება

მგონი  იქნება

დურგალი  რომელიღაც კვადრატული ფორმის ადგილიდან

როგორიცაა გალილეა

და დაიწყებს შეგონებას და მტკიცებას

რომ იცნობს მას

ვინც შექმნა მიწა

და ზეცა

და რომ კატა

ვინც მთელ ამ ამბავში გაგვხვია

არის მისი მშობელი მამა

და უფრო მეტიც

ის დაამატებს რომ მხოლოდ ეს კი არა

მთელი ამბავი დაწერილია

დაგრაგნილ პერგამენტზე

რომელიც მგონი მოწაფეებმა

მკვდარი ზღვის შემოგარენში დატოვეს

უძველეს დროს

და მას ვერავინ იპოვნის

ერთი-ორი ათასი წელი

ან რომ დავაზუსტოთ

სულ მცირე

ათასცხრაასორმოცდაშვიდი

და რომც იპოვონ

მაინც არავინ დაუჯერებს  არც მას

არც მოწაფეებს

და ამის გამო

შენ ნუ ცხარობო

ეტყვიან და

დაამშვიდებენ

დასამშვიდებლად გააკრავენ ხის ძელზე

და მას შემდეგ თლიან

მისი ძელის მსგავ მოდელებს

და მასაც

ზედ ჰკიდებენ

თან  მის სახელს დუდუნებენ

და თითქოს მართლა კატა-მეფე იყოს

სთხოვენ ქვემოთ ჩამოვიდეს

და მათ ჯაზ-ბენდში

შეუბეროს

ოღონდ ის არ ჩამოდის

თავისი ხიდან

თავის ძელზე

რჩება გაკრული

ჭეშმარიტად მშვიდი

და გათანგული

და  როგორც

საინფორმაციო  გამოშვება

ცნობას არასაიმედო წყაროზე

დაყრდნობით გვაწვდის –

ჭეშმარიტად მკვდარი

 

 

1 2 3