გოგორწყვილი

 

საიდუმლო არ გამაჩნია.

იცოდეთ მაინც,

ჩემ წინ რკინიგზაა.

აქეთ მე და ჩემი სახლი.

ნაწვიმარია.

ვწევარ და ვუსმენ,

ჩაქუჩისაგან შეწუხებულ

გოგორწყვილის იდუმალ ხმას.

ამაღამ უთუოდ აცსდება რელსს.

ამაღამ უთუოდ ავცდებით.

გაწვიმდება, ვიცი.

იმ კაცზე მეფიქრება..

ტუჩებიდან ნიჭი რომ გამოვტყუე.

ყველგან სისველეა.

გაგიმართლათ,

ამ ყოველივეს მშრალ ამინდში

არ გაგიმხელდით.

 

 

წრედი

 

ყველაფერს მივეცი საშუალება, დამმართნოდა,

სადაც კი ცხლად შეიკრა წრედი.

თქვენი არ ვიცი,

მაგრამ ჩემთან სულ სხვანაირად იხსნება ძარღვების ხლართი.

 

არასდროს გაწელილა ასე თებერვალი,

წინ კი იმხელა წნევიანი მარტია…

ფურისულებით სავსე ტყე მაინც იყოს ახლოს.

ეს ორჯერ დასამტვერი ბროწეული

და მის ფერხთით მწოლიარე კანალიზაციის ჭა…

სულ სხვანაირი სამზერია ჭაში ჩამავალი წვიმები.

 

თვალებს მაინც თავისი გააქვთ,

რა უნდა შენიშნო ახლა ფართე მხრებზე უკეთესი?!

არ შეიძლება, დახარბებულმა მიირთვა თოხლო კვერცხი,

ესეც ხომ კაცი არაა.

 

დადგა დრო, გიამბოთ ჩემს ნებისყოფაზე,

როცა ვერ შევძელი,

ძალით მეკეთებინა ის, რასაც თქვენ “თმენას” ეძახით.

როგორ შეგიძლიათ, ბედისწერა საჭესავით მართოთ,

საქარე მინას მწერის შენარცხებაც კი არ აარიდოთ,

არც პირჯვარი გადაიწეროთ გზის პირას მდგარ ჯვრებთან,

და მაინც ჩათვალოთ, რომ სწორად იარეთ?!

 

თუ ყოველ ღამით ველური დასავლეთი მესიზმრება

და ვჯირითობ გაუხედნავი ფაშატით,

თუ თვეში ერთხელ შევდივარ და გავდივარ საყვარელი კაციდან…

სიბრიყვეა მაინც ქორწინება,

როცა ასე უფრო ვითოკები,

როცა ასე უფრო მეტად გამძლე ვარ.

 

რა მოვიმოქმედო ამ მდინარეებზე ჩქარი?!

როგორ მოვუბოდიშო, რა ვუთხრა შვილებს

მათ მამაზე,

რომელთანაც კარგა ხანია არ ვიყოფ სარეცელს?!

რაზე ვესაუბრო თავს?!

 

 

 

 

1 2 3 4 5