დღეს ლხინის დღეა

 

რატომ შეწუხდით,

რა საჭირო იყო ამდენი ყვავილი ხალხო.

მაპატიეთ, ასე უკულტუროდ წოლა

ვერ გეგებებით.

აქვე ააყუდეთ ფეხთით,

თავად მოვუნახავ საყვავილეებს.

დასხედით, არ დაიღალოთ. დაუთავებულ და თბილ ცხვირსახოცებში ჩარგული სახეები გაასწორეთ,

თავს რომ ძალით აყანყალებთ.

დამალეთ არ მომდგარი ცრემლი, დამალეთ

დღეს ლხინის დღეა.

 

როგორ მაღლდება თქვენი მზერა.  ათვალიერეთ კედლის კუთხეში ობობას სახლები,

არავის ეცალა მათ დასანგრევად.

ყველაფერს ხედავთ და ვერც კი ამჩნევთ,

ფარდის საჭერში მოტანიებულ  სულის ფართხალს.

ვინმე გულიანმა გაბედეთ,

ჩემს სახელზე ნაყიდ როიალს მოაშორეთ ეს შავი სუდარა,

დაუკარით! მე გაძლევთ ნებას დაუკარით!

დღეს ლხინის დღეა.

 

ჰალსტუხებისაგან  შეწუხებულო მამაკაცებო გიბოდიშებთ,

ვერ გამკობთ კომპლიმენტებით.

ფრთხილად შემომიფარგლეთ წრე, მარცხენა კუთხეში  გადაკეცილ ხალიჩაზე ფეხი არ წამოჰკრათ.

ისე გადით აქედან  გაფიცებთ კაცობას, აივანზე რომ  უსაქმური ფულის მკერფავი  მეზობელი ზის,

კაპიკიც კი არ მისცეთ.

ეზოში დამელოდეთ,

ჩრდილში მზემ არ შეგაწუხოთ,

მეც მალე მოვალ,

დღეს ლხინის დღეა.

 

-მამაჩემო საათს ნუ უყურებ, მალე უნდა გავიდე.

-დედაჩემო ნუ მოთქვამ, ნუ მეძახი საცოდავს,

მე შენ უფრო მეცოდები ხვალიდან.

-შვილო ჩემო მაპატიე უჩემობა.

-დაო ჩემო თუ ღმერთი გწამს,

ნუ მიხსნი ღილებს პერანგზე,

იქ სიცივეა.

-ძმაო ჩემო ღვინო ხომ ბევრია?

დღეს ლხინის დღეა.

 

ნუ საყვედურობთ მეზობლებო  ბავშვებს!

ირბინეთ ბავშვებო ლიმონათებით

და იმ აკორდეონიან ძიას წვივზე წიხლი მიარტყით,

გააჩეროს ძალად ნამღერი სიყალბე.

ირბინეთ ბავშვებო! ირბინეთ!

დღეს ლხინის დღეა.

 

დამღალა ბრჭყვიალა ჭაღის ყურებამ, შემოდით! გამიტანეთ!

მაჩვენეთ მზე სანამ ეზოს მოეფერა.

გემშვიდობით, არ ჩამობერტყოთ მკუხე სიტყვები უგემურია.

სადგომს პირქვე ნუ დაამხობთ, დაწვით!

გავყვები მხრების დინებას ჩემივე ხის ნავით,

ოღონდ გზადაგზა არ დაღვაროთ ყვავილები,

ოღონდ ბოლო გაჩერებაზე არ მიმაცილოთ,

წადით! დანაყრდით,

დღეს ლხინის დღეა.

 

-მოვედი მესაფლავე,

რა ახლო ყოფილა ეს გზა.

ვწუხვარ, დაღლიხარ.

ჩემს ტანში ბოლო ღამენათევი სულიც კი დავღალე.

განა გგონია ახლა სადმე გავიქცევი? ასე გამეტებით რომ მაჭედებ ლურსმნებს,

-ღამდება მესაფლავე,

მანდ ისევ მზეა?!

უთხარი მაგ ხალს

არ ხარჯონ ცრემლი,

წავიდნენ დალიონ,

დღეს ლხინის დღეა.

 

 

1 2 3 4 5