სიზმარი დაბლიდან

 

ქვე მიწაში ქვეშევრდომი ვიწყებ

ტრიალს თავის, კუდის, თვალის, ფეხის,

ქრონომეტრი ისმენს წიკწიკს ღამის,

ზეყანაში ვეღარ დავრუნდები.

მაქვს ქვეყანა აღარავისთანა,

ტრანსმასტურბაციულ სიზმრით ვტკბები,

გაფილტრული არყით ვეღარ ვთვრები,

ამერიოს გული ტვინისთანა,

ტვინი გულისთანა, სულისთანა,

სულთა თანა ტკივილების ფონზე,

აღარ მექანება ტანი,

ტანი ხმელი, ტონი – უფრო მოკლე.

უხმო ძილი, უშნო ხალხის ფერი,

ფრიალებს და ბზრიალებს და ხურს,

საქანელა დევის რქებზე ებმის,

დევს მუცელზე ფეხის ფრჩხილით ყურს

ვუჩიჩქნი და ვუწრიპინებ – დაწექ,

დაიჩოქე, დამანახე თხემი,

ფრთხება ისე ეჭმუხნება შუბლი,

თითქოს ძოვენ მის მუცელში თხები.

ვის აქვს ყანა ჩემისთანა ქვე,

ვის საფლავს აქვს ჩემისთანა ქვა,

ვინც აქამდე თარაზულად ვაქე,

მან შვეულად ჩამომძახა – ყვაააა.

ქშშშა, ქშშშშშ……

 

 

 

 

მ,ე

 

მ,ე ვარ ფეხებზე დამდგარი ტანი.

ღანძილით სავსე მინდორს ეკუთვნის

ვალდებულება ჩემი ატანის,

სრესვის ფუნქციას ვახორციელებ.

მ’ე ვარ დამხრჩვალი ზვიგენის თავი,

კბილების რიგში მიჩანს სიწითლე,

გადარჩენილებს ღიმილის ნაცვლად

გუგებში ცქერას ვემათხოვრები.

მ,ე ვარ სახუფი ცხელი ბანკების,

მათში ლაწ-წლაწა მასის სხეულიც,

მონდომებიდან თადარიგამდე

მაჯის მოკეცვას გამოქცეული გადაღლილობაც.

ვარ იშვიათად – ცალი საყრდენი,

მშიერი წეროს კლანჭი ჭაობში,

ქერცლის ზედაპირს შეწებებული

სისხლმოცარული რუხი წურბელაც.

თანაბრად ვარწევ – ტალღებზე კანჯოს,

ფუტურო ხეზე შეკიდულ ჰამაკს,

უსაფრთხოებას რომელი დათმობს,

ერთი მეორეს ეხმაურება.

მ,ე ვარ ნაერთი ხსნარი ცვლილების,

სისხლამდე უჯრედს სიცოცხლით ვჟღინთავ,

ხან შეთავსებას ვებღაუჭები,

ხან ლოკოკინებს კეფაზე ვისვამ

და ვიტკეპნები.

მირჩიე რამე ყეფაში მყოფო,

სად დავიბადო დაუკითხავად,

როგორ სხეულში მოვკალათდე შენ რომ არ შეგრცხვეს.

 

 

 

 

1 2 3 4