დარჩი…

 

,,დარჩი სახლში” ნიშნავს დარჩი სადაც მოგიხერხდება.

ეს ტერიტორია ისეა გაშლილი,

როგორც ვიღაცის ხელისგული,

და ზედ კვერცხის ნაცვლად იწვება ვაგონი.

როცა მზე აცხუნებს,

ვაგონი რომელიც დგას.

ქარის დროს ქანაობს, ჭრიალებს, ბორგავს,

შიგნით ფუსფუსია შიშის

ეს ხელის გული ვისია?

ვინ ცხოვრობს საწოლში ეპილეფსიით?

ან ტრიალ მინდორზე ვინ პატარავდება,

ვინ უახლოვდება ვაგონს?

ხელით მოქანავე ჭურჭელში წვნიანი

თითქოს ლავასავით ღელავს,

მზად არის სამზე გაიყოს,

მზად არის სამზე გაიყოს,

მზად არის მუდამ სამზე გაიყოს.

ერთი ზის, მეორე ისევ წევს,

პრინციპში მეორე მუდამ წევს.

სისოცხლის სასჯელი მოხდილია.

კოვზების ისე დამიზნება მათლაფებისთვის

როგორც აქ ხდება, არავის აბნევს.

დაღამებამდე ნაფოტების მომარაგება თადარიგია.

სინათლეც იქნება, სითბოც იქნება, მერე კი ძილიც.

კარები დაკეტვის ფუნქციას კარგავს.

სხვა გაჩერება აღარ არსებობს დიდი ხანია.

ვაგონი არსაით მიდის.

ეს ტერიტორიაც ვაგონში მიძვრება მოლოდინივით

და გათენება გადაზელვაში მოყოლილებს,

მოჩვენებითად უმსუბუქებს ახალ უძრაობს.

აი როგორია მათი ნუგეშის თვისობრივი მოდელი.

 

 

დაბრუნება

 

როცა გეტყვი როგორ ფართოვდება მათი თვალები,

ბიოლოგიური პოზებისგან მოკუნტული სხეული,

სიზმრის ნარჩენებს აირეკლავს.

ზამბარების გაზარმაცებული დრეკადობა

წამოხტომას ისე გაართულებს,

როგორც მათემატიკურ ამოცანას ბუნდოვანი პირობა.

შენ ერთით მეტი სახე გაგიცვდა.

ჩემი ახალი სიცოცხლე კანის დახეთქვის მიზეზად გაასაღე.

ხმაურის იძულება მიუღებელ ქადაგებად გადაიქცა.

არ ვეთანხმები ასეთ სამყაროს,

რომელშიც ერთი პეშვი ოქრო უფრო მეტია,

ვიდრე სანახევროდ შეფაკლულ ღაწვებზე ჩამოღვენთილი ტირილის ტექტონიკა,

ჩაცვენილი ლოყების ასიმეტრია,

ყვრიმალებით ნაკარნავი თანაგრძნობა,

ან კიდევ სოციალური დამკვიდრებისთვის კონტრავერსიული სილუეტი.

იწექი ასე გაუნძრევლად მთელი სხეულით.

ჩააწე ყურები სიმშვიდეში.

დაიგუბე ხასიათის წონასწორობა…

გქონდეს ჩემი იმედი იშვიათად,

რომ აუცილებლად დავბრუნდები

და ქოთნის ყვავილების ფოთლებიდან

ურწყავი მიწებისკენ, ჩემი მონატრება უკანასკნელად ისკუპებს…

 

 

 

 

 

1 2 3 4